ბათუმში კორპუსის ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა.
„ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც შესაძლოა იყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ნაწილი ადამიანებისა სამსახურში. ასე რომ, 8 ადამიანია სავარაუდოდ ნანგრევებში“, - აღნიშნა ლელა სურმანიძე.
მისი თქმით, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა. მე-6-7 სართულებზე კი მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, „აქედან გამომდინარე, ჯამში 12 ოჯახის საცხოვრებელია ჩამონგრეული“.
დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 12 საცხოვრებელი ბინა. ნგრევა დაახლოებით დღის 12:00 საათზე მოხდა.