„სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ გეოლოგები ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.
„შსს-მ უკვე მოახდინა მყისიერი რეაგირება, 3 ადამიანია დაკავებული და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგებს. მობილიზებული გვყავს გეოლოგები - როგორც კი დასრულდება სამაშველო ოპერაცია, ისინი შეისწავლიან ირგვლივ მდგომი ყველა შენობის მდგრადობას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. კიდევ 1 ადამიანი მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში გრძელდება.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.