ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით პროექტ „ადგილობრივი საბჭოს" ფარგლებში ქ.ბათუმის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, რომელიც „ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში" გაიმართა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბათუმის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს „ადგილობრივი საბჭოს" ფუნქციებსა და რეგიონში გავრცელებული დანაშაულების შესახებ. განიხილეს ისეთი სახის დანაშაულებები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან. შეხვედრის მონაწილეებს ასევე გააცნეს საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თემაზე. იმსჯელეს რეგიონში გავრცელებული დანაშაულების გამომწვევ მიზეზებზე, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურებაზე და დაგეგმეს პრევენციული ღონისძიებები.
ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანო „ადგილობრივი საბჭო" რეგიონალურ დონეზე საკოორდინაციო ორგანოს წარმოადგენს, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები არიან გაწევრიანებულები. მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის განხილვა, რეგიონისთვის საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ინიციატივების შემუშავება, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებული გეგმის დასახვა.
პროექტ „ადგილობრივი საბჭოს" ფარგლებში ბათუმის რაიონული პროკურატურა განაგრძობს მსგავსი ხასიათის აქტივობის განხორციელებას და მომავლში მაღალმთიანი აჭარისა და ქობულეთის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.