„გუშინ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მორიგი სხდომა გაიმართა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ცესკოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი სიორიძეა (წარმდგენი სუბიექტი, ლელო). პირველი მოადგილის პოზიციაზე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის წინააღმდეგი ჯერ კიდევ მაშინ ვიყავი, როდესაც ამის შესახებ საუბარი დაიწყო, რადგან არასწორად მიმაჩნია, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს (რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარის უფლებამოსილებას ასრულებს) მხარე წარმოადგენდეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
ჩიხელიძე გიორგი სიორიძის ცესკოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლას სამარცხვინოს უწოდებს:
„კანონის ნორმა, რომელიც ცესკოს კომისიის წევრს პარტიული კუთვნილების დავიწყებას ავალდებულებს, სამწუხაროდ ე.წ. მკვდარშობილ კანონთა კატეგორიას მიეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ სხდომას. ბატონო სიორიძე, იქნებ გაერკვიოთ, ცესკოს სხდომაზე ხართ თუ პარტიულ ყრილობაზე, გუშინდელი თქვენი გამოსვლა სირცხვილი იყო. დავინახეთ, რომ არჩევნები ისე ჩაატარეთ, ჯერ კიდევ ვერ გაერკვიეთ სად ხართ და რა გევალებათ. თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ცესკოს ადმინისტრაციის ინტერესები გაატაროთ და არა პარტიის, თქვენ კი სამწუხაროდ, ცესკოს დისკრედიტაციას ეწევით, თან პასუხისმგებლობას იღებთ არჩევნებზე, თან მის შედეგებს ეჭვის თვალით უყურებთ, ეს ხომ არაა ლოგიკური? თითქმის 400-მდე უბანი გადაითვალა, ცდომილებამ მხოლოდ 0.007% შეადგინა. ეს საკმარისზე მეტი არგუმენტია რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არჩევნებმა ობიექტურად ჩაიარა და მისი შედეგები ეჭვს არ იწვევს! თქვენი გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, პასუხისმგებლობიანი ადამიანი, ადმინისტრაციის თანამშრომლებს მინიმუმ ბოდიშს მოუხდიდა, მაქსიმუმ თანამდებობას დატოვებდა. თქვენ გუშინ ცესკოს ადმინისტრაციაში მუშაობის მორალური უფლება დაკარგეთ!“,- აცხადებს დავით ჩიხელიძე.