logo_geo
eng_logo
ლელა სურმანიძე: პირი პირველ სართულზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით, რასაც არ სჭირდება ნებართვა მერიიდან
- +

10 ოქტომბერი. 2021. 16:50

 

 

პირი პირველ სართულზე აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს ბინის შიგნით, რასაც არ სჭირდება ნებართვა მერიიდან, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, იმის შესახებ რომ კედლების ნგრევა მიმდინარეობდა, ამის შესახებ არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიასა და არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შესულა.

 

„იმის შესახებ, რომ რამე სხვა ტიპის სამუშაო, რაზეც არის საუბარი, კედლების ნგრევა და ა.შ. მიმდინარეობდა, ამის შესახებ არც სატელეფონო, არც წერილობითი შეტყობინება არც მერიასა და არც მუნიციპალურ ინსპექციაში არ შემოსულა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არ ყოფილა არანაირი რეაგირება. არაფერი ჩანდა, არც ვიტრაჟი იყო, არც ფასადი იყო შეცვლილი. ვიტრაჟის მოწყობაზე ნებართვა გაცემულია 2020 წელს, რომელსაც ვადა 1 წლის განმავლობაში ჰქონდა. 2021 წლის თებერვალში ამ ნებართვას ვადა გაუვიდა და განმეორებით არ მოუმართავს. თუმცა არც მიმდინარეობდა ამჟამად ვიტრაჟის მოწყობა. სხვა რაიმე ტიპის სამუშაოების ჩატარებაზე, რომელსაც ესაჭიროება მერიის ნებართვა, მეპატრონეს არ მოუმართავს“, - განაცხადა ლელა სურმანიძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი გუშინ დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner