“არა მგონია, დასავლეთმა სერიოზულად დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მონათლოს”, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
„ხელისუფლებას არანაირი სხვა გზა არ ჰქონდა, ალტერნატივა ხელისუფლებისთვის არ არსებობდა. თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არ დააპატიმრებდა, ამას ქვეყანაში უმართავი პროცესები მოჰყვებოდა, რადგან ოპოზიცია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩათვლიდა (და თქვენ წარმოიდგინეთ, სწორად ჩათვლიდა), რომ ხელისუფლებამ ძალაუფლება დაკარგა. აღსრულებაც კი არ შეუძლია და ამას, რა თქმა უნდა, უმართავი პროცესები მოჰყვებოდა. ამიტომ, ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა.
მნიშვნელობა ექნება არა იმას, როგორ მიაჩნია ოპოზიციას, ან ხელისუფლებას, არამედ როგორ შეაფასებს ამას დასავლეთი. მე არ ვგულისხმობ ცალკეული ევროპარლამენტარების გამოსვლებსა და შეფასებებს. ვსაუბრობ, როგორ შეაფასებს ამას დასავლეთის სახელმწიფოები უმაღლეს დონეზე. იყო რჩევა, რომ იგი საქართველოში არ ჩამოსულიყო. არა მგონია, დასავლეთმა სერიოზულად დაიწყოს იმაზე ფიქრი, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მონათლოს“, - განაცხადა ძაბირაძემ.