logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გაიგო
- +

11 ოქტომბერი. 2021. 11:33

 

 

ჩემი ინფორმაციით, ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გაიგო. მან თქვა, სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე, საქართველოში არ ჩასულიყო, რადგან არასტაბილური საქართველო ჩვენს ინტერესებში არ შედისო”,- ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

 

არეშიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის ქვეყანაში შემოსვლის ფორმა საბედისწერო შეცდომაა.

 

განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ზოგიერთ ქალაქში ოპოზიცია დაწინაურდა. ჩემთვის მოულოდნელი “ნაცმოძრაობის” ტაქტიკა იყო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო კამპანიას არ ატარებდა, მაგრამ როგორც გაირკვა, “ნაციონალები” სხვა ფორმატში, დიდ ქალაქებში ინდივიდუალურად მუშაობდნენ. არ გამოვრიცხავ არც იდეოლოგიურ დამუშავებას და არც ფინანსურ დაინტერესებას. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბობოლა “ნაციონალებმა” აქცენტი თვითმმართველ და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებზე გადაიტანეს.

 

ზუგდიდი და ბათუმი სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქებია – ერთი კონფლიქტის ზონასთან, მეორე ავტონომიის დედაქალაქია და ერთგვარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის. მათ არ იმუშავეს ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა მცხეთა, ფოთი, გურჯაანი და ა.შ. “ოცნების” საკადრო ტაქტიკა ზოგიერთ ქალაქში, განსაკუთრებით ბათუმსა და ზუგდიდში, ჩემთვისაც გაუგებარი იყო. მათ საკადრო შეცდომები დაუშვეს – მძიმე წარსულის მქონე “ნაციონალების” პორტირებით საკუთარ რიგებში და საკუთარი რიგებიდან იმ პირთა ჩახსნით, ვინც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვება დიდწილად განაპირობეს. ეს იყო კოაბიტაციის უმახინჯესი ფორმის შედეგი. შევჩენკოს ვეთანხმები – სააკაშვილი შემოიტყუეს, მაგრამ არ ვიზიარებ მის აზრს, რომ ეს დასავლეთის განსაზღვრული პოლიტიკური ძალების სპეცოპერაციაა, რომ სააკაშვილი გაწირეს, რათა “ოცნება” “ნაცმოძრაობასთან” კოალიციური მთავრობის შექმნაზე დაითანხმონ. “ოცნება” დათანხმდება კოალიციას ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, თუ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მოითხოვა, “ნაციონალებიდან” გასულ პოლიტიკოსებთანაც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში “ნაცმოძრაობასთან”, თუნდაც მიშას გარეშე. შეიძლება შევჩენკოს რაღაც ინფორმაცია აქვს სპეცსამსახურებიდან და ასეთი გეგმა არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გეგმა აუცილებლად შესრულდება. ორი პოლიტიკური ძალის კონფიგურაციით შექმნილი კოალიციური მთავრობა წარმოუდგენელია. ამ რეალობას არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს ის ხალხი, რომელმაც “ოცნებას” მხარი “ნაცმოძრაობის” სიძულვილის გამო დაუჭირა”.

 

ჩემი აზრით, სააკაშვილმა ისეთი საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელსაც ჭკუადამჯდარი პოლიტიკოსი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა. ვგულისხმობ მისი ჩამოსვლის ფორმას – საზღვრის უკანონო გადმოლახვით დამატებითი არგუმენტი მისცა თავის მტრებს, ანუ საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო მეგობრებს, ანუ უკრაინის ხელისუფლებას, ხელ-ფეხი შეუკრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის მგზავრობა პროდუქტის გადასატანი ფურგონით ღირსების შემლახავია. დარწმუნებული ვარ მიშამ ეს ნაბიჯი იმ ვარაუდით გადადგა, რომ ვერ დაიჭერდნენ. ციხეში ჩაჯდომა რომ ნდომოდა, აეროპორტში მისი დაპატიმრება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა. რადგან ასე არ მოიქცა, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცისგან გარანტიები ჰქონდა. ვისგან? ამის თქმა გამიჭირდება. არ არის მიშა ის კაცი, რომელიც ციხეში ნებით წავა. ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილი სააკაშვილზე ნაწყენია. კარგად ხვდებიან, რომ სააკაშვილმა თავისი უცნაური გამოჩენით მათ პერსპექტივა მოუსპო, წყალს გაატანა. იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობენ საჯაროდ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მათთვის სააკაშვილიც მიუღებელია და “ნაცმოძრაობის” დიდი ნაწილიც. “ევროპულმა საქართველომ” და სხვა დანარჩენებმაც ბევრი იმუშავეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ რეზულტატი შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის მეცადინეობით მაინც ვერ შეძლეს ორპოლუსიანი სისტემის დანგრევა. თუმცა არც გახარიას დაუკლია ხელი მათთვის. გახარიამ “ლელოს” ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ეს პოლიტიკური ძალა შეძლებისდაგვარად დისტანცირდებოდა როგორც “ოცნებისგან”, ისე “ნაციონალებისგან”, გახარიამ კი ამ ნიშიდან ჩააჩოჩა. პატარა ოპოზიციურმა პარტიებმა ერთხელ უკვე დაუშვეს შეცდომა, როდესაც “შალიკოს ფანჩატურში” ნაციონალებთან ერთად მიუსხდნენ მაგიდას, და არა მგონია, ასეთი შეცდომა კიდევ დაუშვან.

 

ნამდვილად არის ლოგიკა იმაში, რომ დასავლეთში განსაზღვრულ ძალებს ხელს აძლევდეთ საქართველოში ისეთი მმართველი გუნდის არსებობა, რომელიც უფრო რადიკალური იქნება რუსეთთან, მაგრამ დასავლეთში არიან ისეთი პოლიტიკოსებიც, როგორიცაა ვიოლა ფონ კრამონი. ჩემი ინფორმაციით, ქალბატონი კრამონი დასაბმელ გიჟს ჰგავდა, როდესაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ამბავი გაიგო. მან თქვა, სააკაშვილს კატეგორიულად მოვთხოვე, საქართველოში არ ჩასულიყო, რადგან არასტაბილური საქართველო ჩვენს ინტერესებში არ შედისო. ჯეიმზ ბრაუნის ფონდი ყველაზე ოდიოზური ინსტიტუტია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მუდმივად რადიკალიზმს უჭერდა მხარს, დღეს ამ ფონდის მკვლევართა წერილი რომ წაიკითხოთ, გაოცდებით. ხაზგასმით წერია, რომ დასავლეთს სჭირდება სტაბილური საქართველო, სადაც დასავლური აქტივობები იქნება შესაძლებელი, ამას კი ქვეყანაში არეულობა ხელს შეუშლის, სააკაშვილი ხომ დესტაბილიზაციის მთავარი ფიგურააო. ეს წარმოუდგენელი იყო 2-3 წლის წინ.

 

რატომღაც ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა დასავლეთის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები – სტოლტენბერგი, ბაიდენი და მსგავსი უმნიშვნელოვანესი ფიგურები ძალიან ყურადსაღებ განცხადებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრება მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს. ამისთვის კი საჭიროა სტაბილურობა. ლაპარაკია თავად დასავლეთის ინტერესებზე, მარტივად რომ ვთქვათ, აქაური პოლიტიკური ჭიდაობა დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს. მსოფლიო პოლიტიკის მამების ინტერესებშია, რომ საქართველოში სიმშვიდე იყოს, რასაც ანტირუსული ელფერი დაჰკრავს. მათ სჭირდებათ პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთს წითელ ნაჭერს კი არ აუფრიალებს, ეცდება დასავლეთისკენ ისე გადადგას ნაბიჯები, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. “ქართულმა ოცნებამ” კი, ცუდია ის თუ კარგი, არაერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე მეტად მას შეუძლია სტაბილური გარემოს შექმნა”, – განაცხადა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner