პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიზანია, თვითმმართველობის არჩევნები დესტრუქციის ფონზე წარიმართოს.
„მეორე ტურში, გამარჯვების მოლოდინია. ცხადია, ეს მხოლოდ ჩვენ არ ვიცით. ეს იცის იმ ხალხმაც, რომელიც ახლა ქუჩაში დგას და ცდილობს, რევოლუციური, დესტრუქციული პროცესები განავითაროს. მათ სურთ, ხელი შეუშალონ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
არჩევნების მეორე ტურამდე 20 დღე რჩება. ოპოზიციური სპექტრი პასიურ კამპანიას მიჰყვება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველ გუნდს დაამარცხებენ. „ქართული ოცნება“ კი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას 12 ოქტომბრის შემდეგ გააგრძელებს. როგორც ცნობილია, მმართველმა პარტიამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა საარჩევნო-პოლიტიკური აქტივობა შეწყვიტა.