საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო მეტი რუსული გაზი დასჭირდება.
„რუსეთს სურს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიხსნას, რომ შექმნილი სიტუაცია გამოიყენოს, რათა თავის წისქვილზე წყალი დაასხას. ეს არის პოზიცია, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის თამაშის ნაწილია. ჩვენ კვლავაც გვჭირდება რუსული გაზი და სავარაუდოდ, იმაზე მეტი დაგვჭირდება, ვიდრე ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ესპანეთი ინიციატივით გამოდის, რომ მოლაპარაკებები ცალკე აღებულმა ქვეყანამ არ წარმართოს და ეს ერთობლივად მოხდეს, როგორც ეს ვაქცინებთან დაკავშირებით გაკეთდა. ჩვენ საგანგებო სიტუაციის წინაშე ვდგავართ. გაზის მიწოდების პრობლემას გეოპოლიტიკური განზომილება აქვს“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.
ჟოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს, უნდა შეიცვალოს თუ არა ელექტროენერგიის ფასწარმოქმნის სისტემა.
„რთულია გაამართლო ამჟამინდელი მოდელის ზოგიერთი კომპონენტი, რომელიც მაშინ შეიქმნა, როდესაც განახლებადი ენერგიის წყაროები ჯერ არ იყო, როდესაც ბირთვული ენერგია განიხილებოდა, როგორც წარმოების გაზრდის ვარიანტი და როდესაც დეკარბონიზაცია პრიორიტეტული მიზანი არ იყო და არ არსებობდა გაზთან დაკავშირებული დაძაბულობა, როგორც ეს ახლა არის. მიზანშეწონილი იქნება გადაიხედოს ეს მოდელი და დავინახოთ, რამდენად შეესაბამება ის გარემოებებს. მაგრამ ამ ტიპის ცვლილებას დრო სჭირდება, ხოლო სიტუაცია სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. გაზის მიმწოდებლები მთელ ევროპაში ენერგომატარებლებზე ფასებს განსაზღვრავენ. ისინი ძალიან ძლიერ პოზიციაში არიან“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.