ირლანდიაში, ქალაქ დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მამა გიორგიმ (ტრაპაიძე) დაღუპულების ოჯახებს ნუგეში და სულის სიმტკიცე, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგეს ირანდიაში მცხოვრებმა ქართველებმა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მსახურებას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.