logo_geo
eng_logo
ულტრათანამედროვე საჩოგბურთო ბაზის პროექტი უკვე შექმნილია - ახალი დახურული მოედნები აშენდება
- +

15 თებერვალი. 2016. 12:24


 

ულტრათანამედროვე საჩოგბურთო ბაზის მშენებლობა იგეგმება ვაკეში, „მზიურის" ტერიტორიაზე.  პროექტის ფარგლებში 8-10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებაზეა საუბარი. როგორც გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი განმარტავს, კონკრეტული პროექტი ვაკეში, „მზიური" ტერიტორიაზე არსებული კორტების სრულ განახლებას ითვალისწინებს.


„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა ეს ჯგუფი  მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი - მაგალითად,  როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაგეგმავს ნებისმიერ შეჯიბრს: საქართველოს პირველობას, ფედერაციის თასს, დევისის თასს. აქვე, მოეწყობა ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირებიც და განთავსდება ჩოგბურთის ფედერაციის ოფისიც.


მე უკვე მქონდა შეხვედრა სპორტის მინისტრთან და მის პირველ მოადგილესთან. პროექტმა ნამდვილად დაიმსახურა მოწონება და სრული მხარდაჭერაც გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ სპორტის სამინისტროს და ხელისუფლების მხარდაჭერა გვაქვს არა მხოლოდ ამ კონკრეტულ პროექტზე, არამედ, ზოგადად, ქართული ჩოგბურთის აღორძინების საქმეში, რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნოა", - განაცხადა ალექსანდრე მეტრეველმა.


პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება  ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია.  განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს-ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი Worl Class გაუწევს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner