სკეპტიკურად შევხედავ, რომ ოპოზიცია 14 ოქტომბერს გრანდიოზული მასშტაბის აქციის მოწყობას შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას. ამავდროულად, მიხეილ სარჯველაძეს აქციის ორგანიზატორებთან აქვს კითხვა, თუ რა არის მათი მოთხოვნა და პროტესტის მიზანი.
„ყველაფერს თავად საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს. როცა პროტესტს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს, საზოგადოება მის მიმართ სენსიტიურია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.