„ჩემი ინფორმაციით, პატარა იოანე თავს კარგად გრძნობს, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, ვისი გადარჩენაც მოხერხდა“, - ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში ნგრევის დროს ავტომობილიდან ამოყვანილი მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, მომავალშიც გააგრძელებენ, როგორც დაშავებულებზე, ასევე ყველა გარდაცვლილის ოჯახზე ზრუნვას.
„ჩვენ ვრჩებით მათთან კონტაქტზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ, როგორც მათზე, ასევე ყველა გარდაცვლილის ოჯახზე ზრუნვას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, მაშველებმა არასრულწლოვანი გადაარჩინეს. ავტომობილი, რომელშიც არასრულწლოვანი იჯდა, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში იყო მოყოლილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემენ.