აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას, იმ მცირეწლოვან ბავშვზე ისაუბრა, რომელიც 8 ოქტომბერს ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებთან ერთად უშუალოდ მან გამოიყვანა.
„პატარა იოანე ჩემი ინფორმაციით თავს კარგად გრძნობს და ასევე ის ერთი ადამიანი, რომლის გადარჩენაც მოხერხდა, მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ის ყველა ოჯახის გვერდით დადგება, რომელიც ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევისას დაზარალდა.
„ჩვენ დავრჩებით კონტაქტზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს დამაკმაყოფილებელი. რა თქმა უნდა მომავალშიც განვაგრძობთ ზრუნვას როგორც მათზე, ისე ამ ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახებზე“, - განაცხადა რიჟვაძემ.