მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა, სხვა შემთხვევაში, პროკურორის შეფასებით, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა. აღნიშნულის შესახებ ჯარჯი წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე - „ვალერი გელაშვილის საქმეში იკვეთება, რომ მისი ცემის ბრძანება უშუალო მიხეილ სააკაშვილმა გასცა? - ჯარჯი წიკლაურმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, საქმეში რომ არ ყოფილიყო უტყუარი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა“.
„არც საერთაშორისო, მაღალი რანგის ექსპერტები შეაფასებდნენ, რომ დევნის დასაწყებად საკმარისი სტანდარტი იყო. მტკიცებულებები არის მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელენ მიხეილ სააკაშვილს. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, რადგან მიზანშეწონილი არ არის. თითოეული ეს ადამიანი სასამართლოში წარსდგა და მოსამართლის წინაშე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ გასცა ბრძანება ანგარიშსწორება მომხდარიყო. აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილზე, სხვა ადამიანებიც ამბობენ ამას. ის, რომ პოლიტიკოსები ამხელენ მიხეილ სააკაშვილს და მათი ჩვენებები სანდო ვერ იქნება, ეს არ არის რელევანტური. როდესაც საუბარია მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, ბუნებრივია მის გარშემო მყოფი ადამიანები, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალჩინოსნები, საჯარო მოხელეები, ბუნებრივია, პოლიტიკოსები იქნებოდნენ. როგორ შეიძლება ასეთი რანგის საქმეზე მიგვითითონ, რატომ არის მოწმე პოლიტიკოსები, ეს არარელევანტური არგუმენტია“, - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, წიკლაურმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, ანგარიშსწორება მოეხდინა ვალერი გელაშვილზე, რის შემდეგაც ეს საქმე ივანე მერაბიშვილმა შეასრულა.
„ამას გიდასტურებთ. ეს არის უტყუარი ჩვენება, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ჩვენება“, - განაცხადა წიკლაურმა.
ჯარჯი წიკლაურმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ექსპერტების მიერ არის დადებითად შეფასებული მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებამ სააკაშვილის მიმართ სხვადასხვა ბრალდებასთან დაკავშირებით გამოიყენა.
„მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე ბრალდებულია ორ საქმეზე - ე.წ. 7 ნოემბრის საქმე და ე.წ. „გაფლანგვის საქმე“, ხოლო მსჯავრდებულია სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ „გირგვლიანის საქმეზე“ და „ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე“. თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილის მიმართ დევნა დაიწყო, ჩვენი ოპონენტები ყოველთვის აყენებდნენ ეჭვქვეშ საკითხებს, რომ არ არსებობდა მისი ბრალეულობის დასადასტურებლად მტკიცებულებები, გვაკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა თითქოს პოლიტიკურად მოტივირებული იყო. როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსის მიმართ იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, პროკურატურის მოლოდინი იმთავითვე იყო, რომ გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნებოდა ყველა ბრალდების საქმე. ამიტომაც ჩვენი ინტერესი იყო უმაღლესი რანგის, რეპუტაციის და გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტები ჩართულიყვნენ და მათი მხრიდან შეფასებულიყო. დღეს ამ ბრალდების საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს. სამი წამყვანი სახელმწიფოს - ამერიკის, ისრაელის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები მოვიწვიეთ. ეს ადამიანები არაერთხელ იყვნენ უშუალოდ ჩართულები მაღალი რანგის თანამდებობის პირების და პოლიტიკოსების ბრალდების საქმეებში. ჩვენი ოპონენტები რომ მიუთითებენ, მათ რაღაც დაინტერესება შეიძლებოდა ჰქონოდათო, ასე ყველაფრის თქმა შეიძლება. პროფესიული საქმიანობის შესრულებისთვის ნებისმიერი ადამიანი იღებს გასამრჯელოს, მათ შორის, მოსამართლე, მათ შორის, ევროპული სასამართლოს მოსამართლეებიც და რა ვქნათ ახლა, მოსყიდულები ვეძახოთ მათ?“, - განაცხადა წიკლაურმა და დასძინა - „ეს საქმეები კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.