“დაშენება არ შეიძლებოდა, ნგრევის მიზეზი გამხდარიყო, რადგან ეს დაშენება დიდი ხნის წინ იყო გაკეთებული, თუმცა ნგრევის პროცესში, რა თქმა უნდა, სიმძიმე იმოქმედებდა ნგრევის სისწრაფეზე”, – ამის შესახებ ურბანისტმა ნიკო კახეთელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
ამ განცხადებით ნიკო კახეთელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა, ნგრევის მიზეზი კორპუსზე ორი სართულის დაშენება გამხდარიყო.
თამთა სანიკიძის შეკითხვას, იკვეთება თუ არა შესაბამისი მუნიციპალური სამსახურის ბრალეულობა, რადგან ობიექტის შემოწმება არ მომხდარა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა იქ, ნიკო კახეთელიძემ შეკითხვითვე უპასუხა – „აი, ახლა, მე და თქვენ რომ გადავწყვიტოთ, ამ სტუდიაში მზიდი კედელი ჩავხსნათ, ეს მუნიციპალურმა სამსახურმა როგორ უნდა გაიგოს, თუ არავინ შეატყობინა?“.
„ზედამხედველობის სამსახურში თუ მოსახლეობიდან შესაბამისი ზარი, ან სხვა სახით განაცხადი არ არის, ბუნებრივია, შიგნით ფართში ვერ შევა. ყველა სახლის საძირკვლის შემოწმებას ხომ არ დაიწყებს? ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს. კარგი, ერთხელ შეამოწმა, მეორედ და მესამედ, მაგრამ მერე რას აკეთებს, რა ინტენსივობით უნდა შეამოწმოს, ხომ? ამიტომ, ეს მთლიანად არის დაკავშირებული ცალკე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, რა თქმა უნდა და მეორე მხრივ, მოქალაქის პასუხისმგებლობაზე, რომელიც ამ შემთხვევაში ერთმანეთის თანაფარდია“, – განაცხადა კახეთელიძემ.
როგორც ურბანისტმა აღნიშნა, მესაკუთრეს უნდა ეყოს იმის შეგნება, რომ მიმართოს მუნიციპალურ სამსახურებს, სადაც შესაბამისი პროექტირების შედეგად მოხდება კონკრეტული ფართების გადაკეთება და შემდგომში ექსპლუატაციაში მიღება.
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ხელოსნებისა და მუშების სერტიფიცირება, რადგან ხშირად, ამ ადამიანებმა არ იციან, რას ანგრევენ და რას აკეთებენ, სხვა შემთხვევაში კი, საზოგადოება ყოველთვის რისკის ქვეშ იქნება.