logo_geo
eng_logo
არმაზ სანებლიძე: სტალინი და მართლმადიდებლობა
- +

27 ივლისი. 2016. 17:38


 

ფრაგმენტები საკითხისთვის

 

ვუყურებ ამ ჩვენს ტელევიზიებს და ვერ გამირკვევია, ისეთი რა დავაშავეთ, ღმერთმა ეს სასჯელი რომ მოგვივლინა!

 

მართალია, დრო ყველაფერს არჩენს, მაგრამ არა ამ პროფესიულ სივრცეში: რაც დრო გადის, უფრო და უფრო გაუტიეს კოლეგებმა. ზოგიერთების გამოკლებით, რა თქმა უნდა.


უწინ ცდილობდნენ, მწყაზარი გამომეტყველება მაინც შეენარჩუნებინათ წაგებული თამაშის დროს, არ გაემჟღავნებინათ, რომ ის მუსიკა, რომელსაც თავიანთ პოლიტარღნებზე ატრიალებდნენ, სხვის მიერ იყო დაკვეთილი.


სამათხოვრო ფულით. მაგრამ გარკვეული მოთხოვნილების აუცილებელი შესრულების პირობით.


გადაბირების ფორმაა ერთ-ერთი, სახარებაშიც რომ არის დაფიქსირებული, მსგავსი იმისა:


„ისინი შეიკრიბნენ უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს.

 

და უთხრეს: თქვით, მისი (ქრისტეს) მოწაფეები მოვიდნენ ღამით და მოიპარეს იგი, როცა ჩვენ გვეძინა...

 

მათ (ჯარისკაცებმა) კი აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და ეს სიტყვა გავრცელდა იუდეველებს შორის დღევანდელ დღემდე" (მათ. 28, 12-13,15).


კი არ აღდგაო ჯვარცმული იესო, არამედ მოწაფეებმა სამარხიდან მოიპარეს.


დიდაქტიკა აქ დავამთავროთ!


ცნობილია, რომ აშშ-ის პროპაგანდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მიმართულება ფაშიზმზე გამარჯვების მისაკუთრება-მითვისებაზე მუშაობს: ამერიკა და მხოლოდ ამერიკაა ამ ისტორიული გარდატეხის შემოქმედი.


საბჭოთა კავშირი?


„საბჭოთა კავშირიც მონაწილეობდა".


სტალინი?


სტალინის და ჰიტლერის ერთ სახედ წარმოდგენა ამ დებულების დამტკიცების არგუმენტად გამოყენების მცდელობაა.


უგვანო და უნამუსო.


ამ სულისკვეთების გადაცემას რომ შესთავაზებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფართო აუდიტორიას, რაგინდარა ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროექტი ერქვას სახელად, ვერა და ვერ დამალავს სიცრუის მამლის ბოლოსავით გაშლილი მწვანე-მოწითალო ბანკნოტების მარაოს, იღლიაში რომ აქვთ ამოჩრილი.


ან - ქამრის ქვევით.


7 ივნისს ერთი ასეთი პროგრამის წამყვანად გამოგვეცხადა აშშ-ის სახდეპის ყოფილი პრესსპიკერის, ოდიოზური ჯინ ფსაკის დაუთოვებული თმებით დამშვენებული ჟურნალისტი გოგონა, რომელსაც სასაუბროდ მიწვეული ჰყავდა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), და პროვოკაციული შეკითხვების წერტილოვანი დარტყმებით ცდილობდა, ღვთისმსახურისთვის წამოეცდინებინა, რომ სტალინი და ჰიტლერი დიქტატორები არიან, ერთი მედლის ორი მხარე, ერთნაირი ბოროტება. რომ ქართველი იოსებ ჯუღაშვილი ღვთის მგმობელი და ქრისტეს ფრჩხილის მკვნეტელია.


- დამისახელეთ ჰიტლერის დადებითი მხარეები, - არ ცხრებოდა ნორჩი არსება.


ეპისკოპოსმა აიცდინა ეს შეკითხვა.


კარგი კი იქნებოდა იმის გახსენება, რომ ჰიტლერს „დადებით საქმედ" უთვლიან გერმანიაში ავტობანების მშენებლობას.


გაიხსენებდნენ და უმალ წამოტივტივდებოდა საქართველოში „ასფალტირებული გზების გამყვანი" მიშას ფიგურა, რომელიც ხელისუფლების ამ ელემენტარულ მოვალეობას გაერო-ს მილენიუმის პროგრამით, ანუ სესხად მიღებული ფულით ასრულებდა.


რომელიც დღემდე ვალად გვაწევს.


ვერა და ვერ გაართვა თავი დავალებას ჟურნალისტმა, რომელმაც, აშკარად ჩანდა, სხვის მიერ ნაკარნახევ შეკითხვებს იქით არაფერი იცოდა გადაცემაში წამოჭრილი საკითხების შესახებ.


არც არაფერი წაეკითხა.


შევუვსოთ ეს ნაკლი და ჩამოვუთვალოთ თემები, რომლებსაც არაერთი კვლევა და პუბლიკაცია მიეძღვნა - სტატიები, წიგნები.


სტალინმა:

 

- აკრძალა ეკლესიებისა და სამლოცველო შეკრებების ლიკვიდაცია;

 

- აკრძალა „რელიგიური" დაპატიმრებები;

 

- გააუქმა ლენინის ბრძანებულება „მღვდლებთან და რელიგიასთან ბრძოლის შესახებ";

 

- გამოჰყო კოლოსალური თანხები ეკლესიების აღსადგენად;

 

- გასცა განკარგულება მართლმადიდებლური ჟურნალის გამოცემის აღდგენის;

 

- ნება დართო ნოვოდევიჩის მონასტერთან ღვთისმეტყველების კურსების გახსნის;

 

- ეკლესიას დაუბრუნა ზაგორსკის ლავრა, სადაც გაიხსნა სასულიერო აკადემია;

 

- ხელი შეუწყო რუსეთის პატრიარქის არჩევნებს.


და ასე შემდეგ.


ახლა კი მხოლოდ ერთ ისტორიულ ფაქტს მივაწვდი ახალგაზრდა კოლეგას, რომელიც სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ჟურნალისტის დამსაქმებელთა პოზიციისგან რადიკალურადაა განსხვავებული.


უმაღლესი სამხედრო ორდენი „გამარჯვება" 1943 წლის 8 ნოემბერს დაამტკიცა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა.


ამ ორდენის პირველი ნიმუში სტალინს იმავე წლის 25 ნოემბერს წარუდგინეს. ეს იყო ხუთქიმიანი ვარსკვლავი ცენტრში მრგვალი მედალიონით, რომელზეც ამოტვიფრული იყო ლენინისა და სტალინის პროფილები. უმაღლესმა მთავარსარდალმა კატეგორიული უარი განაცხადა ამ ესკიზის დამტკიცებაზე და ავტორებს შესთავაზა ვარსკვლავის ცენტრში აღნიშნული ბარელიეფების ნაცვლად კრემლის მაცხოვრის კოშკის გამოსახვა.


მაინცდამაინც მაცხოვრის კოშკის!


დაუკვირდით: ბელადების ნაცვლად მაცხოვრის კოშკი. ფაშიზმზე გამარჯვებამდე თითქმის ორი წელიწადია დარჩენილი. ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. უპირატესობის სასწორი საით გადაიხრება, უფლის ხელშია.


გამარჯვების უმაღლეს ორდენში მაცხოვრის კოშკის ჩართვა, დარწმუნებით ვამბობ, იყო ერთგვარი მეტაფორა მართლმადიდებლების მთავარი ლოცვის - „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა... იყავნ ნება შენი".


და იყო ნება ღვთისა. რაიც გამარჯვების ღვთაებრიობას ნიშნავს.


რაღაც ვერ ჯდება ეს ჭეშმარიტება მედროვეთა ფორმულაში.



P.S. იქ, სადღაც, ჰორიზონტს მიღმა, დგას „შავი ობელისკი, რომელიც ყოველთვის დაგველოდება" (რემარკი), ვინც გინდა იყო, რომელი კერპის თაყვანისმცემელი.

 

 

 

არმაზ სანებლიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner