“არჩევნების მოგებაში რა მარწმუნებს? განწყობა, ხალხის დამოკიდებულება. ისიც, რომ თუნდაც ორი კანდიდატი დავრჩით, ესეც ჩემთვის გარკვეული უპირატესობა არის, გაკეთებული და გასაკეთებელი საქმეები - ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მეორე ტურში გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით”, - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. თბილისის მოქმედი მერისა და „ქართულ ოცნების“ მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის შესახებაც ისაუბრა.
„ჩემი საარჩევნო კამპანია ცოტა განსხვავებული იყო სხვა კანდიდატებთან შედარებით, იმიტომ რომ ორიენტირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე, პოზიტივზე, მომავალზე, რაც უკავშირდებოდა ამ ქალაქს. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული პროგრამებით, კონკრეტული პროექტებით, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქში. სამწუხაროდ, მეორე მხარეს იყო აგრესია, ცილისწამება, სიძულვილის ენა, რაც ძალიან ცუდია. ზოგადად, პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემოვიტანოთ სიახლეები ქართულ პოლიტიკაში და კამპანიებიც ჩავატაროთ ისე, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შეიძლება გარკვეულწილად პოლიტიკური აქტიურობა და აქტივობა დავაკელი, თუმცა, მაინც ვთვლი, რომ კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე განისაზღვრა მეორე ტური. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შესაბამისად მე, როგორც მერობის კანდიდატი, ვალდებული ვარ ვესაუბრო თბილისის მოსახლეობას ქალაქთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე“, - განაცხადა კალაძემ.