მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით იუსტიციის სამინისტრო შესაბამის უწყებებს მიმართავს.
როგორც იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანია მსჯავრდადებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს.
„ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მსჯავრდადებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.
მივმართავთ თხოვნით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს, რომ საზოგადოებისთვის პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის განახორციელონ პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგი;
მივმართავთ თანამშრომლობის თხოვნით სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას;
მივმართეთ თხოვნით, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით გამოიყოს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი. მედიკოსების ჯგუფის მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.