“სამართლიანობის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერავინ გააცოცხლებს რეჟიმის მიერ დახოცილ ბიჭებს”, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას „ტყუილად ელიან“.
„როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს. მას ორ საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი, ორ საქმეზე კიდევ მიდის გამოძიება. ერთ საქმეზე სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება, შეიძლება დაწყებულიც არის, მე არ ვიცი - საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით იქაც დაწყებულია გამოძიება, როგორ დატოვა თავისი ქვეყანა. ასე რომ, შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი საქმე იყოს, სადაც შეიძლება მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს“, - განაცხადა სუბარმა.