logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ბატონო ელჩო! თქვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრები ისინი არიან, ვინც პირში გეუბნებათ სიმართლეს...
- +

27 ივლისი. 2016. 18:00

 

„საგულისხმო ნაბიჯი და წერილია.

 

მართლა ნამდვილი მეგობრების ნააზრევი და გაწონასწორებული მოძრაობა!

 

ცხელ გულზე ცოტას მეც დავამატებდი: აშშ-ის ელჩს არც გამოცდილება აკლია და პოლიტტექნოლოგიებშიც საკმაოდ გაწაფულია...

 

და მიუხედავად ამისა, ეს ერთობ გამოცდილი ელჩი (და წინამორბედებიც) მაინც უშვებს შეცდომებს...

 

ტონალობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთული ტემპერამენტის ქვეყნებში, ეტყობა, ეს კარგად არ აქვს გათვითცნობიერებული.

 

არც ის, რომ განსაკუთრებული ობიექტურობაც მაქსიმალურად სჭირდება, მით უმეტეს, საჯარო გამოსვლებისას!

 

არც ის, რომ მისი და საელჩოს გარდა, სხვა გზები და წყაროებიც არსებობს ვაშინგტონამდე ამბის მიტანა-გაგზავნისთვის! (მხოლოდ მედიას და ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ!)

 

სახელმწიფო სტრუქტურებში (არა მარტო აშშ და არა მარტო საელჩოებშიც) რომ ჩვეულებრივი, ზოგჯერ საკმაოდ შეზღუდული აზროვნების და ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანები მუშაობენ, ესეც არ არის აღმოჩენა. და, რა თქმა უნდა, ისინი დაზღვეულები არ არიან შეცდომებისგან. ამაზე, თუნდაც, 11 სექტემბრის და მსგავსი უბედურებების გარდა, თურქეთის არშემდგარი პუტჩიც მეტყველებს.

 

ერთხელ ხომ კიდევ დავინახეთ, რომ კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კოკა ხელში შენს გაწვრთნილ-დაკვალიანებულ მეგობარს უჭირავს. მეგობარს, რომელსაც ერთგულება და თანამდებობა (მაგ., რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის შეფი ან, დიდი სასამართლოს ბოსი...) არ აკლია, მაგრამ მთლად ბოლომდე ჭკუით ვერ ქაჩავს...

მთავარი მაინც შედეგია! შედეგი!!!!

 

და გადამწყვეტი ამ შემთხვევაში მარიონეტების პოზიცია, ძალა და დაპირებები კი არ არის, არამედ ხალხის (!!!) პოზიციაა - იდეით გაერთიანებული, ერთ მუშტად შეკრული რა ძალა, რა მასა გამოვა ქუჩაში, ვინ და რამდენი დაუწვება უშიშრად ტანკს და ეტყვის „არას" ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც არ ამოძრავებს სამშობლოს გადარჩენის და მისი ნათელი მომავლის ყველაზე მაღალი და წმინდა იდეა!

 

თუქეთის (ეგვიპტის, უკრაინის...) ბოლოდროინდელი მოვლენები ამ მოსაზრების დასტურია.

 

აქედან გამომდინარე, შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში ნელ-ნელა, კუს ნაბიჯით, მაგრამ მაინც იზრდება ანტიამერიკული განწყობები...

 

და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ეგებ, ის მოხშირებული ულტიმატუმები და მთლად ვერგაწონასწორებული განცხადებებიცაა, რომლითაც დიდი ქვეყნის სიძლიერით გათამამებული ზოგიერთი დიპლომატი ძველი ცივილიზაციის და ისტორიის მქონე ქვეყნების საზოგადოებას მოძღვრავს!

 

ამერიკის სხვა მეგობრებმა (მთავრობამ, დეპუტატებმა, პოლიტპარტიებმა, ამერიკული ინვესტიციებით „მოსუქებულმა" ბიზნესმა და...), თუ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან და, ასევე, ნამდვილ მეგობრებად მიაჩნიათ დასავლეთის ქვეყნები, ეს უნდა აუხსნან აშშ-ის ელჩს. და არა მარტო მას: დიდი ბრიტანეთისას, გერმანიისას, საფრანგეთისას...

 

ისიც „საიდუმლოდ" უნდა გაანდონ მათ, რომ ევროკავშირთან, NATO-სთან, ვიზა-ლიბერალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებული დაპირებები უკვე ანეკდოტების თემაა და დაუფარავად უკავშირდება წარსულის გამოცდილებას, იმას, თუ როგორ გადააგდეს დასავლელმა მოკავშირე „მეგობრებმა" გულზე ხელისბრაგუნით მოცემული დაპირებებით დაიმედებული ქართველი საზოგადოება.

 

ისიც უნდა აუხსნან, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა მოტყუებულის როლში ყოფნა, მისი სწრაფვა ევროპისკენ გულწრფელია. მაგრამ მისი ისტორიული მახსოვრობაც არ მოჩლუნგებულა და ერთი საუკუნის წინანდელი მოვლენებიც, რომელთაც დაამხეს დამოუკიდებელი საქართველო, არავის დავიწყებია.

 

ბატონი ელჩო! პატივისცემით და სიმპათიების გამოხატვით მინდა აგიხსნათ, რომ თქვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრები ისინი არიან, ვინც პირში გეუბნებათ სიმართლეს, რაც უნდა მწარე არ უნდა იყოს იგი...

 

ასეა ეს! („დათა თუთაშხია")"

 

აქვე გთავაზობთ წერილს, რომლითაც „ამერიკის ნამდვილმა მეგობრებმა" იან კელის მიმართეს:   http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=17006  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner