logo_geo
eng_logo
მარინა თექთუმანიძე: გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეუფე თადეოზს ოჯახის წევრებისთვის უთხოვია, ფეხზე წამომაყენეთ, ჩემთან უფალი მოდისო...
- +

13 ოქტომბერი. 2021. 01:57

 

დღეს ყველაზე დიდი მეუფის - თადეოზის დაბადების დღეა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეუფე თადეოზს ოჯახის წევრებისთვის უთხოვია, ფეხზე წამომაყენეთ, ჩემთან უფალი მოდისო...

 

* * *

ეს ვინ გეწვია,

სად აკაკუნებს,

ფანჯრის მინაზე?

ან იქნებ კარზე?

ან სად ხარ ახლა,

საით მიფრინავ?

ვინ იცის,

იქნებ გეთსიმანიის ბაღს ესტუმრე და იქაური

ზეთისხილის ქვეშ იგრილებ

იმ საშინელი დღის

სივარვარეს?

და

მაინც რაზე ჩურჩულებენ

ამ მისტიკური ღამის შვილები-

ზეთისხილის ხის

ფოთლები,

ანდა სიჩუმის ხმები

რას გიამბობენ

გვითხარ,  მეუფევ!

უცნაურია,

ძალიან,

ძალზედ უცნაური

ეს ღამე თავის მრუმე

სინათლით,

და აძენძილი,

ბლონდებიდან გამოჩრილი მჭვირვალ სიბნელით...

ძარღვებში სისხლი გეყინება,

როცა ლანდები,

ხორცშეუსხმელი

რაღაც ლანდები

შენ გარშემო ბორიალობენ,

მათი ბუტბუტი

"ჯვარს უნდა ეცვას !"

"ჯვარს უნდა ეცვას!"

აქეთ-იქით გახეთქებს

ჰაერის კედლებს...

ვინა ხარ მაინც?

იქნება პეტრე,

ანდა პავლე,

სულაც ლაზარე,

ან იქნებ თომა,

ანდა

იქნებ სულაც ელიოზ,

სულ ცოტა ხანში

სამშობლოში

უძვირფასესი

კვართით რომ

ელიან?

არ ვიცი, ვინ ხარ!

უფრო სწორად,

მხოლოდ ის ვიცი,

ის მეუფე ხარ,

ვინაც გაეცი,  რაც გაგაჩნდა და

ღარიბ-ღატაკთ გაუნაწილე...

ის მეუფე ხარ,

დიდ მარხვებში

ჩვენთან ერთად

რომ მიირთმევდი

უმწირეს ლუკმას...

ის მეუფე ხარ,

ვისთანაც უფალი მოეშურება

და სადაცაა კარზე

ანდა სარკმელზე მოგიკაკუნებს...

ფეხზე წამოდექ, მეუფეო,

ფეხზე წამოდექ!

მარადიული მეგობარი და სინათლე -

უფალი შენთანა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner