logo_geo
eng_logo
მარი ჯაფარიძე: ასეთია სიყვარულის ფორმულა. გაეცი... ყველგან, ყველა დროს... იქნებ შემთხვევით გამვლელმა მოკრას ყური და იმასაც მოუნდეს, რომ გასცეს უხვად
- +

13 ოქტომბერი. 2021. 02:30

 

“ასეთია სიყვარულის ფორმულა. გაეცი... ყველგან, ყველა დროს... იქნებ შემთხვევით გამვლელმა მოკრას ყური და იმასაც მოუნდეს, რომ გასცეს უხვად”, - ამის შესახებ მარი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

“ახალს კი არაფერს დავწერ, მაგრამ სიყვარულის ფორმულა მინდა, შეგახსენოთ 

წინა კვირას, თავსხმა და დელგმა რომ იყო, იმ დილით აპლიკაციით ტაქსი გამოვიძახე...

7 ლარს წერს, სახლიდან სამსახურამდე... არავინ მოინდომა ამ ფასად წამოსვლა და მძღოლები იცვლებოდნენ, ხან გივი მოდიოდა და ხან მალხაზი. ჩემამდე ერთმაც ვერ მოაღწია.

ბოლოს აპლიკაციამ შემომთავაზა, ფასზე მოლაპარაკება შეიძლებაო, მაგრამ უარი ვუთხარი...

გაჩერებაზე ტაქსის მძღოლმა შემომთავაზა 10 ლარად წაგიყვანო და ამასაც უარი ვუთხარი... შევჯექი ვირზე და გინდა თუ არა, 7 ლარად უნდა წავიდე-მეთქი.

ახლა არ თქვათ, თუ ვირზე შეჯექი, ბარემ მაგ ვირით წასულიყავიო.

წვიმდა ბატონო, თორემ კი წავიდოდი .

მოკლედ, მოვიდა როგორც იქნა ერთი მძღოლი.

გზაში შვილმა დამირეკა - მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარო, მითხრა...

გავიბადრე, გავლაღდი...

ამასობაში ბანკიდან მესიჯი მოვიდა, 14 ლარის ტრანზაქცია ვერ შესრულდა, არასაკმარისი თანხის გამოო...

დიდი ხნის წინ დედას მივეცი ჩემი ბარათი, სადაც ფულს ვურიცხავ ხოლმე და გამომრჩენია, რომ შემევსო...

გადავურეკე - ახლა ტაქსიში ვზივარ, თან  სამსახურში ძალიან მეჩქარება, შუადღისას დაგირიცხავ ფულს, შესვენებაზე რომ გავალ-მეთქი...

- ქეში კი მაქვს, ბარათზე აღარ ყოფილა, არ ინერვიულოო, - დედამ დამაშვიდა და მსოფლიოში ყველაზე კარგი შვილი ხარო, მითხრა.

გაკოცე, დე, მიყვარხარ-მეთქი ვუთხარი და უფრო გავიფუყე. ხუმრობა ხომ არაა, ოჯახის წევრებისგან ასეთი მოსიყვარულება.

როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს ესმოდა როგორ ჩემი ხმა, ისე - ტელეფონიდანაც და მითხრა - რომელ აპარატთან გაგიჩერო, მითხარი, არ მოგეროდის, დედა ყველაზე წმინდაა ქვეყნად და დაყოვნება არ იქნებაო.

მადლიერმა ჩავრიცხე ფული და მანქანაში დაბრუნებულს მითხრა - ისიც გავიგონე, შვილმა რაც გითხრა, ისიც, დედამ რაც გითხრა და ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ხარ, როცა კარგი დედა ხარ, კარგი შვილი და თანაც ამას გიფასებენო. მე აგერ, 50-ს გადავცდი და დედას ვერასოდეს ვუთხარი, რომ მიყვარს, არა და სიცოცხლეს მირჩევნიაო.

- დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საქციელით რაც უნდა გამოხატო, ნათქვამს სხვა მნიშვნელობა ენიჭება-მეთქი.

10 ლარი მივეცი, ხურდა არ გამოვართვი - ალალი და უსაყვედურო იყოს-მეთქი. მადლიერი წავიდა და საღამოს დამირეკა (აპლიკაციაში ნომერი ჩანს, როგორც მოგეხსენებათ).

მადლობა თქვენ, რომ დღეს შემხვდით, მადლობა, რომ ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა, მადლობა, რომ გავბედე და თქვენთან შეხვედრის მერე მივაკითხე დედას და პირველად ვუთხარი, რომ მიყვარს... მადლობა, რომ მის თვალებში სიხარულის ცრემლი დავინახეო.

ჩემი მიცემული ფულით კი რაღაც სუვენირი უყიდია, სადაც ფოტოს ჩადება შეიძლება, - დედას ფოტო ჩავდე და ტორპედოზე დავამგრე, რომ ეს დღე სულ მახსოვდესო.

 

ჰოდა. რისი თქმა მინდოდა: ასეთია სიყვარულის ფორმულა. გაეცი... ყველგან, ყველა დროს... იქნებ შემთხვევით გამვლელმა მოკრას ყური და იმასაც მოუნდეს, რომ გასცეს უხვად.

გაეცი და ისევ შენ დაგიბრუნდება .თუ ეს პოსტი ერთ ადამიანს მაინც ააღებინებს ტელეფონს ხელში და ათქმევინებს ვინმესთვის სიყვარულის სიტყვებს, მაშასადამე, ჩემი თქვენთან კონტაქტი შედგა. 

მიყვარხართ”, - წერს ჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner