ღია წერილი საზოგადოებას კაცისგან, რომელიც თვითმკვლელობას აპირებს:
„გამარჯობათ, ძვირფასო რედაქციავ! ღია წერილს გწერთ ამჟამად გაუსაძლის პირობებში მყოფი, მძიმე ავადმყოფი გოჩა ხარატიშვილი.
არ შეგაწუხებდით, ნამდვილად გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები რომ არ მქონდეს. ამას ემატება ჩემი ჯანმრთელობის ასევე უმძიმესი მდგომარეობა, რის გამოც გადაადგილება შეზღუდული მაქვს, არადა, ხშირად ლუკმაპურიც არ გამაჩნია.
ვცხოვრობ 4 კვ/მ ფართში, უმძიმეს პირობებში, სადაც არ არის სველი წერტილები: წყალი, შხაპი და არც ტუალეტი!
ჩემი მისამართია დაბა კოჯორი, იუნკერთა ქუჩა N38, ბენეფიციართა სახლის პირველი სართული.
ვარ სოციალურად დაუცველი და მხოლოდ 60 ლარის იმედად ვიმყოფები ეს მარტოხელა ავადმყოფი, გაუბედურებული ადამიანი.
უკვე დეპრესიაში ჩავვარდი ამ უმძიმესი ყოფისგან და ორჯერ მქონდა სუიციდის მცდელობა, ნათურის პატრონაში ხელის შეყოფით, მაგრამ ორჯერვე სინათლე ჩაქრა მოულოდნელად… ვერ ამიხსნია, როგორ გადავრჩი, მაგრამ ასეთ სიცოცხლეს თავის მოკვლა ვამჯობინე… მესამედ, ალბათ, აღარ მაპატიებს უფალი…
ეს კორპუსი, სადაც მე ვცხოვრობ, ნახევრად ავარიულია. საძირკველში დაბლა დიდი რაოდენობით წყალია დაგროვილი. დიდი ხნის წინ აშენებულია ეს კორპუსი და მინდა გითხრათ, რომ ამ კორპუსის ადგილას და მის მიმდებარედ უნდა განხორციელებულიყო დიდი გრანდიოზული პროექტი – „კოჯრის ახალგაზრდული სოფელი“, რომლის დამკვეთი გახლდათ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (რომლის ბალანსზეც გახლავთ ეს კორპუსი), ხოლო პროექტი თავისი დაფინანსებით უნდა განეხორციელებინა ფონდ „ქართუს“.
უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აქაურ ბენეფიციარებთან, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო პროექტი შეჩერდა და შარშან სექტემბრის შემდეგ არავითარი შემოთავაზება ბენეფიციართა აქედან გაყვანის თაობაზე აღარ ყოფილა.
ძვირფასო რედაქციავ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩაერიოთ ამ საკითხის გარკვევაში შესაბამის სტრუქტურებთან. გაგვირკვიოთ, ბოლოს და ბოლოს როდის დაადგება საშველი ჩვენს აქედან გაყვანას, გარკვეული შეთავაზების ფასად?
ახლა, მავანს გაუჩნდება საფუძვლიანი კითხვა იმის შესახებ, თუ ადრე რას ვსაქმიანოდი, როგორ მოვედი დღემდე. გეტყვით – სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში: „კომუნისტი“, „ლელო“, „სოფლის ცხოვრება“ და სხვა.
ბოლო დროს ამირჩიეს საქართველოს ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ, რადგან მე ვიყავი ამ კავშირის შექმნის ინიციატორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაგრამ რად გინდა – ჩემი რამდენიმეწლიანი მცდელობა იმ მიზნით, რომ საცირკო ხელოვნება – როგორც სფერო – შეეყვანათ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, ამაო გამოდგა. შემდეგ პანდემიამ დაისადგურა დედამიწაზე და ცირკისთვის ვიღა მოიცლიდა.
ამ გაჭირვების ჟამს შეძლებისდაგვარად მეხმარებიან მთაწმინდისა და კოჯრის გამგეობები. დაუნახავი არ ვარ და მინდა აღვნიშნო: ისინი რომ არ იყვნენ, რა ხანია, შიმშილით გამძვრებოდა სული!
ამ ღია წერილის დასასრულ, მინდა, ვთხოვო ბიზნესმენებს, ყველა ქველმოქმედსა და სიკეთის მთესველს: დამეხმარეთ, რისი საშუალებაც გაქვთ, საკვებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით… არაფერი გამაჩნია!
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას კი, უმორჩილესად ვთხოვ, დაინტერესდეს კოჯრის ბენეფიციართა სახლის პრობლემებით.
ძვირფასო რედაქციავ!
გთხოვთ, ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანოთ და ეს წერილი გამომიქვეყნოთ.
იმედია, ამ თხოვნას შემისრულებთ.
უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
პატივისცემით, გოჩა ხარატიშვილი“.