logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ვინ ხართ თქვენ, მეუფე ნიკოლოზ?
- +

13 ოქტომბერი. 2021. 13:13

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს.

 

ვინ ხართ თქვენ, მეუფე ნიკოლოზ?

 

ღია წერილი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტრიპოლიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილს:

 

თქვენო მაღალყოვლადუსამღდელოესობავ!

 

თქვენ ხელი მოაწერეთ პეტიციას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

უმორჩილესად გთხოვთ, ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წევრებს, განგვიმარტოთ: რატომ მიგაჩნიათ, რომ ციხეში ჯდომას არ იმსახურებს ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაულის ჩამდენებს - სანდრო გირგვლიანის მკვლელებს - წინასწარ დაჰპირდა, რომ მკვლელობის დამკვეთთა და ორგანიზატორთა არგათქმის სანაცვლოდ შეიწყალებდა, რაც შესრულა კიდეც?

 

რატომ მიგაჩნიათ, რომ ციხეში არ უნდა იჯდეს ადამიანი, რომელმაც პოლიტიკური თანამდებობის პირის - დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიმართ ანგარიშსწორებისათვის სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურები გამოიყენა და უასტიკესად, სიკვდილის პირამდე აცემინა იგი?

 

მეუფე ნიკოლოზ!

 

თქვენ ხელი მოაწერეთ იმას, რომ ციხეში ჯდომას არ იმსახურებს სააკაშვილი, რომელმაც კაცის კვლაზე, სისტემურ ძალადობაზე, წამებასა და გაუპატიურებაზე დაფუძნებული სისხლიანი რეჟიმი შექმნა!

 

თქვენ ითხოვთ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას და ამით პირდაპირ ეუბნებით გირგვლიანის, რობაქიძის, გამცემლიძის, ვაზაგაშვილის, შარაძის, თეთრაძის, შავაძის, კრიალაშვილის, ცინდელიანის, მოლაშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის სხვა მსხვერპლთა ოჯახებს, რომ არ გაინტერესებთ მათი ტკივილი და ტრაგედია;

 

თქვენთვის არაფერს ნიშნავს  მათი მოთხოვნა, რომ სააკაშვილმა უმკაცრესად აგოს პასუხი კანონის წინაშე!

 

ძალიან ცუდია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ თანალმობა არ გაგაჩნიათ და შვილებდახოცილ შაოსან დედებსა და მამებს ცხვირწინ პეტიციას უფრიალებთ - აი, მე თქვენი გამაუბედურებლის ციხიდან გამოშვებას ვითხოვო!

 

ჰო, ამაზე ცუდი არაფერი შეიძლება იყოს, მაგრამ ის მაინც აგვიხსენით, რატომ აკეთებთ ამას?

 

ამას ქრისტიანობა გკარნახობთ თუ ვანო მერაბიშვილი?

 

ამას წმინდა წერილი შთაგაგონებთ თუ სოსო თოფურიძე?

 

ბოლოს და ბოლოს, ვინ ხართ თქვენ, მეუფე ნიკოლოზ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი თუ კაიაფას სინედრიონის წარმომადგენელი?

 

სანამ სააკაშვილს ციხიდან გამოიყვანთ, ამაზე მაინც გვიპასუხეთ!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner