logo_geo
eng_logo
აუდიტის დასკვნა: პოლიტიკურ თანაგუნდელებთან ერთად ამ ვიზიტის დროს სააკაშვილს ახლდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და აკადემიკოსი ნიკა ყიფშიძეც
- +

13 ოქტომბერი. 2021. 14:08

 

 

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. საქმეში არსებული დოკუმენტების თანახმად, სააკაშვილს ძვირადღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდა საკუთარი თანაგუნდელები, ასევე, მასთან დაახლოებული პირები, მათ შორის დასახელებულია პროფესორი ნიკა ყიფშიძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე, რაფაელ გლუქსმანი, ალანა გაგლოევა და სხვ.

 

აუდიტმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიზიტის შესწავლისას აღმოაჩინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სახელზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ანაზღაურებულია ათი ათასობით ლარი.

 

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს აუდიტის დასკვნიდან:

 

გერმანია-ავსტრია-გერმანია-ბათუმი

 

2009 წლის 8-10 იანვარს დაიგეგმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. განისაზღვრა დელეგაციის შემადგენლობაც: დავით ბაქრაძე, თემურ იაკობაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, რაფაელ გლუქსმანი, ნიკა ყიფშიძე და ალანა გაგლოევა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ 8-10 იანვარს იყო განსაზღვრული, პრეზიდენტი 4-5 იანვარს გერმანიას, 6 იანვარს ავსტრიას, 7-დან 10 იანვრამდე ისევ გერმანიას და 11-13 იანვარს ბათუმს სტუმრობდა.

 

ანუ, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად,  ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, განსაზღვრულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (8-10 იანვარი), ხოლო დანარჩენ თარიღებში სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.

 

აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ზუსტად ამავე პერიოდში - 2010 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე - ავსტრიის ქალაქ ჰინტერგლემის სასტუმრო „MARTEN“-ში ანაზღაურებულია  პრეზიდენტის მეუღლის, მისი სიმამრის და შვილების განთავსების ხარჯები. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ავსტრიული სატრანსპორტო კომპანიის მიერ 3 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად და 8-12 იანვარს 2 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად დაფიქსირებულია საქართველოს საელჩო, ხოლო აღნიშნული მომსახურების ღირებულება 47 315 ლარი (19 405 ევრო) ანაზღაურებულია დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. სულ ამ პერიოდში აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულმა ხარჯმა 117 ათას ლარს გადააჭარბა.

 

სენ-ტროპე-ნიცა-მილანი-ბათუმი

 

აუდიტის შესწავლის სფეროში მოექცა მიხეილ სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების მიერ  საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში და საკურორტო ზონებში განხორციელებულია ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო მომსახურების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს და შესაბამისად, ერთსა და იმავე თარიღებში მომსახურება განხორციელებულია რამდენიმე სასტუმრო დაწესებულებაში. მათ შორის, საფრანგეთში კოტ-დ’აზურის სასტუმრო „Vista palace hotel“-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება)  დაფიქსირებულია 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო  გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად ამ სასტუმროს მომსახურებისათვის ანაზღაურებულია 8 116  ლარი.

 

ამავე დღეს, აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ფრანგულ სასტუმრო „La Resere de Beaulieu & Spa“-ში (მდებარეობს ფრანგულ რივიერაზე ნიცასა და მონაკოს შორის) სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება)  დაფიქსირებულია იმავე თარიღში 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო  გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისათვისაც ანაზღაურებულია 8 268  ლარი.

 

„სულ ერთსა და იმავე თარიღში ერთი დღის სასტუმრო მომსახურების ხარჯმა ორ სხვადასხვა სასტუმროში შეადგინა 16 385 ლარი. ამასთან, ფრანგულ სენ-ტროპეს სასტუმრო „BYBLOS“–ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 17 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება 18 აგვისტოს, რაზედაც ანაზღაურებულმა თანხამ 7 642 ლარი შეადგინა, თუმცა ამავე სასტუმროს მიერ ამავე თარიღში ამავე საცხოვრებელ ნომერზე  წარმოდგენილია მეორე ინვოისი, სადაც მითითებულია სააკაშვილის მიერ 17 აგვისტოს  გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი 13 840 ლარი (5 849.9 ევრო). ანუ სულ ერთ დღეში - 17 აგვისტოს სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებაზე  გაწეულია  21 481 ლარი.

 

მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე არსებულ სასტუმრო „LA VILLA“-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 18 აგვისტოს და გამგზავრება 19 აგვისტოს, რაზედაც ანაზღაურებულმა სასტუმრო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 4 261 ლარი. ამასთან, ნიცის სასტუმრო „Radisson BLU“-ში სააკაშვილის ჩასვლა  და  გამგზავრება  წარმოდგენილი დოკუმენტებით დაფიქსირებულია ამავე თარიღებში (ჩასვლა - 18 აგვისტო, გამგზავრება - 19 აგვისტო), ხოლო აღნიშნულ სასტუმროში გადახდილია 4 535 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

აუდიტორებისთვის ამოუხსნელი დარჩა ერთი გარემოება: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი სენ-ტროპესა და ნიცის სასტუმროებში ფიქსირდება, ზუსტად იმავე დროს, მის სახელზე სასტუმროს ნომერი აღებულია ბათუმის „შერატონშიც“, სადაც პრეზიდენტის დაბინავება დათარიღებულია 18 აგვისტოთი, გამგზავრება კი - 19 აგვისტოთი. არადა, ამ დროს სააკაშვილი საფრანგეთის საკურორტო ზონაში იმყოფებოდა. ბათუმის „შერატონში“ პრეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილია 817 ლარი.

 

უფრო მეტიც, „დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2011 წლის 18-19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში დაბინავება და ცხოვრება ფიქსირდება საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში და აგრეთვე ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ 2 სხვადასხვა ნომერში. ამასთან, აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტებში  დაფიქსირებულია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს იტალიის ქალაქ მილანში პლასტიკურ ქირურგ ჯანლუკა კანპილიოსთან სააკაშვილისთვის გაწეულია დერმატოლოგიური მომსახურების ხარჯი 10 017 ლარის (4200 ევრო) ოდენობით, ასევე ამავე თარიღში მილანის რესტორან „Acantomilano“-ში სარესტორნო მომსახურებისთვის გადახდილადაა ნაჩვენები 1 933 ევრო, ანუ აღნიშნული ფაქტებით  ხარჯები გაწეულია და ფიქსირდება, როგორც საფრანგეთის 2 სასტუმროში ერთდროულად ცხოვრების, ასევე ბათუმის სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში ცხოვრების და იმავე თარიღში  იტალიის ქალაქ მილანში  დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურებისთვის ხარჯების  გაწევის ფაქტები.

 

ყველა ზემოაღნიშნული  ფაქტების გათვალისწინებით განხორციელებული ღონისძიებების რეალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა იმავე პერიოდში პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან საფრანგეთის საკურორტო ზონებში სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებულია პრეზიდენტის გუნდის წევრებზე, კერძოდ: კობა ნაყოფიაზე, პეტრე ცისკარიშვილზე, გოკა გაბაშვილზე, გიორგი არველაძეზე და სხვ.

 

საერთო ჯამში, პრეზიდენტის და მისი გუნდის საფრანგეთის კურორტებზე ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტს 210 ათასი ლარი დაუჯდა.

 

სოლიდური თანხა დაჯდა სააკაშვილის და მისი თანხმლები პირების მოგზაურობა იტალიაშიც. აუდიტის მონაცემებით, 2011 წლის 4-7 სექტემბერს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულია 172 578 ლარი.

 

ვენა თუ ბათუმი?

 

2011 წლის 26-28 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი ეწვია ავსტრიის დედაქალაქსაც. ამ ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ვენის სასტუმრო „ინტერკონტინენტალში” სააკაშვილის ჩასვლა დაფიქსირებულია 26 სექტემბერს, ხოლო გამგზავრება 28 სექტემბერს, სასტუმრო მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯმა 10 365 ლარი შეადგინა. თუმცა, იმავე თარიღებში, როგორც ეს დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლის პატაკით დასტურდება, სააკაშვილის განთავსება მოხდა ბათუმის სასტუმრო „შერატონის“  ერთდროულად ორ ნომერში, რისთვისაც ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 1 648 ლარი.

 

„აღნიშნული ფაქტების  მიხედვით დგინდება, რომ ადგილი აქვს ორი სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სასტუმროში ერთი და იგივე პირის ერთდროულად ცხოვრების ფაქტს, რაც არარეალურია და  ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ სასტუმრო მომსახურების ასანაზღაურებლად გაწეული ხარჯის კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

გერმანია-ტაილანდი-სინგაპური-კორეა-დუბაი

 

პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტები 2012 წლის 19-21 მარტს გერმანიაში და იმავე წლის 26-29 მარტს კორეის რესპუბლიკაში, თუმცა აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ ამ ოფიციალური ვიზიტების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა იმავე პერიოდში ბიუჯეტის ხარჯზე სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც იმოგზაურა. კერძოდ, გერმანიის შემდეგ ის პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში,  სინგაპურიდან სამხრეთ კორეაში (ამ შემთხვევაში ოფიციალური ვიზიტით), კორეიდან კი გაერთიანებული არაბეთის საემიროებში, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი თბილისში სპეცრეისით 31 მარტს დაბრუნდა. და რა დაუჯდა ბიუჯეტს პრეზიდენტის 10-დღიანი ვოიაჟი ზემოაღნიშნულ ქვეყნებში? ამ კითხვაზე პასუხი აუდიტის დასკვნაშივე წერია:

 

„შემოწმებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში ქალაქ ფხუკეთში, სასტუმრო „AMANPURI“-თვის ანაზღაურებულია მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში ცხოვრების 2 დღის ხარჯი 60 543 ლარის ოდენობით. შესაბამისად ერთი დღის ხარჯმა შეადგინა 30 271 ლარი. ამასთან, ამავე თარიღებში მისი თანმხლები პირის დავით ბაქრაძის ამავე სასტუმროში ცხოვრების ხარჯმა შეადგინა 16 652 ლარი. ასევე, ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუქსმანზე გაწეულმა სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა - 5 983 და 5 983 ლარი. სულ  ტაილანდსა და სინგაპურში 2012 წლის 22-25 მარტს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 213 385 ლარი“.

 

რაც შეეხება არაბეთის გაერთიანებული საამიროებს, პრეზიდენტის და მისი თანმხლები პირების ორდღიანი ვიზიტი დუბაიში ბიუჯეტს 48 ათასი ლარი დაუჯდა.

 

დუბაი-საფრანგეთი

 

2013 წლის 18-20 იანვარს პრეზიდენტი კვლავ სტუმრობდა დუბაის რვაკაციან დელეგაციასთან ერთად, თუმცა აღნიშნულ ქვეყანაში ვიზიტისა და დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება, ან სხვა რაიმე წერილობითი სამართლებრივი საფუძველი აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა.

 

„აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის უფროსის პატაკზე თანდართული დოკუმენტური მტკიცებულებებით დგინდება, რომ  დუბაის სასტუმრო „Royal Mirage“-ში 18-20 იანვარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ხარჯმა შეადგინა 118 582 ლარი“.

 

დუბაიდან მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში გაემგზავრა. ამჯერად ოფიციალური ვიზიტით, რომელიც 20-22 იანვრით თარიღდება. პოლიტიკურ თანაგუნდელებთან ერთად ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტს ახლდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი და აკადემიკოსი ნიკა ყიფშიძეც.

 

ჰოლანდია-საფრანგეთი-ბელგია

 

2012 წლის 13-18 დეკემბერს განხორციელდა პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში, თუმცა აუდიტის დასკვნას თუ დავუჯერებთ, არც ამ მგზავრობას ჩაუვლია არაოფიციალური ნაწილის გარეშე. აუდიტით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე 13-14 დეკემბერს იმყოფებოდნენ ნიდერლანდების ქალაქ ვალკენბურგის სასტუმრო „Chateau St. Gerlach“-ში. სულ  აღნიშნულ პერიოდში ჰოლანდიაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 52 910 ლარი, მათ შორის კვებაზე, ველოსიპედების, სპორტული ეკიპირებისა და ავტოტრანსპორტის დაქირავებაზე.

 

ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისი

 

ეს კონკრეტული ავიარეისი აუდიტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მომსახურებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს არ უსარგებლია, თუმცა მგზავრობა სწორედ პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

საუბარია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ვერა ქობალიას მშობლების კანადიდან თბილისში ჩამოყვანასა და შემდეგ უკან - თბილისიდან კანადაში გამგზავრებაზე. აუდიტის მიერ გამოკვლეული დოკუმენტებით ცნობილი ხდება, რომ ვერა ქობალიას მშობლების მგზავრობა ბიუჯეტს 33 336 ლარი დაუჯდა.

 

„საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის პატაკის მონაცემებით ოთარ ქობალიასა და  მერი ერისთავის სამგზავრო ბილეთებით მომსახურებაზე, ვანკუვერი-სიეტლი-ამსტერდამი-თბილისი-მიუნხენი-ფრანკფურტი-ვანკუვერის მიმართულებით (ჩამოსვლა 2010 წლის 19 დეკემბერი, გამგზავრება 2011 წლის 4 იანვარი) ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია თითოეულზე 16 683 ლარი - სულ 33 366 ლარი. ანალოგიურად, 2011 წლის 22-29 აგვისტოს ნინა ქობალიასთვის (ყოფილი მინისტრის და) სამგზავრო ბილეთების მომსახურებაზე ასევე ბიუჯეტიდან ანაზღაურებულია 4 911 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

 

ასევე საინტერესოა, ერთი დეტალიც: „საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ვ. ძამანაშვილის 2010 წლის 1 მარტის პატაკის მონაცემებით,  ჩამოწერილია 444 ლარი, რომელიც ქველმოქმედებაზე გაწეულ ხარჯად არის დაფიქსირებული, თუმცა აღნიშნული ხარჯი  2010 წლის 26 თებერვალს ვერა და ნინო ქობალიების პირადობის მოწმობების და პასპორტის დამზადებისათვისაა ანაზღაურებული და წარმოდგენილი საგადამხდელო დოკუმენტის ჩანაწერის მიხედვით თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში ზემოთ აღნიშნულ პირებზე მითითებულია „საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული“, რაც გადახდის დანიშნულების რეალობასა და მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

 

ლოს-ანჯელესი-ვაშინგტონი-მიუნხენი-თბილისი

 

პრეზიდენტის დაცვის სამსახურის უფროსის პატაკის საფუძველზე აუდიტორებისთვის ცნობილი გახდა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხით დაფინანსდა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის საქართველოში ჩამოყვანა და შემდეგ უკან გამგზავრება.

 

„დოკუმენტურად არ დასტურდება ორ ფიზიკურ პირზე - ლი სუ იანზე და მარინა მასოვეტსკიზე რაიმე საპრეზიდენტო ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით მოწვევა, თუმცა ლი სუ იანზე სასტუმრო და სამგზავრო ბილეთებით მომსახურებისათვის გაწეულია 62,039 ლარის, ხოლო მარინა მასოვეტსკიზე - 24 354 ლარის ხარჯი (საერთო ჯამში ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 86 393 ლარი შეადგინა)“.

 

აღნიშნული პირები 2012 წლის 13 თებერვალს თბილისში ლოს ანჯელეს-ვაშინგტონი-მიუნხენის მიმართულებით ჩამოვიდნენ  და 18 თებერვალს თბილისი-სტამბული-ფრანქფურტი-ლოს-ანჯელესის მიმართულებით უკან დაბრუნდნენ.  თუმცა იმავე წლის 25 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ლი სუ იანისთვის ასევე ანაზღაურებულია კორეის ქალაქ სეულის სასტუმრო „LOTTE“-ში განთავსების ხარჯი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner