საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლაშა დარსალის განმარტებით, ჰუმანიტარული საკითხების უსაფრთხოების საკითხებთან მიბმის მცდელობაა.
„როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც, როცა დევნილთა დაბრუნების თემაზე მივიდა მსჯელობა, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. სამწუხაროა, რომ უკვე 54-ე რაუდია, ამ საკითხზე დისკუსიის ბოლომდე დასრულებას ვერ ვახერხებთ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ვვარაუდობდით, არის ხოლმე მცდელობა, ჰუმანიტარული საკითხები მიებას უსაფრთხოების საკითხებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება პირობადაც კი იქცეს, რომ მოხდეს გარკვეული დათმობები ფუნდამენტურ პოლიტიკურ თემებზე, რაც სამწუხარო რეალობაა.
თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების პრინციპულმა, კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლებელია, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობთ მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.