logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ დაიწყებს
- +

13 ოქტომბერი. 2021. 23:16

 

 

„იუსტიციის მინისტრის მომართვის საფუძველზე, დღეს ჩვენ ჯანდაცვის ექსპერტების ბაზიდან შევადგინეთ იმ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე ჩავთვალეთ საჭიროდ. ეს ჯგუფი შევახვედრეთ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, რათა მათ შორის ყოფილიყო კომუნიკაცია და მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები არიან მისაღები პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, უწყება ელოდება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობას იმის შესახებ, რომ მან ექსპერტებს გაუზიაროს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რომელიც მის პირად ექიმს აქვს.

 

„მას შემდეგ, რაც დასტურს მივიღებთ პაციენტისგან, ეს ექსპერტები უკვე ჩაერთვებიან სამუშაო რეჟიმში. მის ახლანდელ მდგომარეობაზე მე არ მაქვს ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner