პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის აზრით, უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსს კახა კალაძეს. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მეტი დაფიქრება მართებს განცხადებების გაკეთებისას.
„მგონია, კალაძეს ამ კონკრეტულ თემასთან არავითარი კავშირი არც ჰქონია, არც აქვს და არც
მომავალში ექნება. კალაძის, როგორც „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია, არის ერთერთი მიმართულება, რომელსაც რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური ძალები მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს ნებისმიერი განცხადების დროს გაცილებით მეტი დაფიქრება მართებს, მით უფრო, რომ კალაძე მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იყო და საკმაოდ წარმატებულად დაანახა საკუთარი თავი პრეზიდენტს, თუ რა ღირებულებების მატარებელია", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.