logo_geo
eng_logo
ვის უხმობს ზარი: კავკასიის რეგიონს ტურბულენტობის ზონამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
- +

11 ოქტომბერი. 2021. 17:58

 

 

„მომაკვდავისთვის სულ ერთია, ვისი ხელი გაუსწორებს ბალიშს...“ (ოსკარ უაილდი)

 

„ყველაზე შემაშფოთებელია, როცა თავად ღმერთიც კი იხრჩობა... გარწმუნებთ – ეს სულაც არ არის პოეტური შედარება, ეს ასევე, დედამიწის ყველა მორწმუნე, თავის თავზე შეყვარებული, თავდაჯერებული  მცხოვრებლისთვის და განსაკუთრებით, ყველა წარსულში თუ აწმყოში „გვირგვინოსანი ადამიანისთვის“, რომელთაც პლანეტა დედამიწის შელახული ბედითან აქვთ კავშირი, ბოლო გაფრთხილებაცაა...“

 

სწორედ ასეთი, უკიდურესად პესიმისტური დაკვირვებით იწყება ჩვენი მორიგი საუბარი დამოუკიდებელ უფლებადამცველთან, ცნობილ ანალიტიკოსთან არბაკ ხაჩატრიანთან, რომელიც თვლის, რომ ზოგადად, მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მეტამორფოზული ცვლილებები ავბედითი და საშიშია, მეტიც, ფატალური, საბედისწეროა ყველა ჩვენთაგანისათვის.

 

- ბატონო ხაჩატრიან, ძალიან ხომ არ აბუქებთ ყველაფერს? განა ამდენად ფეთქებადსაშიშია სიტუაცია, როგორც თქვენ ის წარმოადგინეთ თქვენსავე პუბლიკაციებში? მახსოვს, იმ პირობებში, როდესაც COVID-19–ის პანდემია შიშსა და გაურკვევლობაში ამყოფებდა ხალხს, თქვენ რომის პაპს მიმართეთ. ეს წერილი შემაშფოთებელი ცნობა იყო, რომელიც კაცობრიობის საღად მოაზროვნე ნაწილს გამოფხიზლების მოწოდებით გაუგზავნეთ. თუმცა, იძულებილები ვართ ვაღიაროთ, რომ ადამიანების ძირითადი მასა მხოლოდ წამით, კატასროფის საწყის სტადიაზე ითავისებდა პლანეტის მიმართ გამოცხადებული საფრთხის მასშტაბებს, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა...

 

- იცით, თხოვნა, უფრო მოთხოვნა, რომ არ გახდნენ ჩვენი პლანეტის მესაფლავეები, აქტუალურია როგორც არასოდეს. რაღაც შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ მთელი პლანეტის მომავალია საფრთხის ქვეშ. დედამიწა დაემსგავსა სრულიად ღონემიხდილ, ჯანმრთელობაშელახულ, ლოგინად ჩავარდნილ დედას, რომელსაც აღარ ძალუძს გაისტუმროს უძღები შვილის – კაცობრიობის, გეომეტრიული პროგრესიით მზარდი ვალები და მას არ ძალულს გადაარჩინოს ლომბარდებში დამარხული მომავალი. წუხილი ჩვენი პლანეტის მომავალზე სულ უფრო იმატებს, რადგან საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ერთ–ერთი უკანასკნელი ბუნებრივი რესურსი – ჰაერი, რომელიც საბედნიეროდ, ჯერჯერობით არავის მიერაა პრივატიზებული.  სწორედ ამ გზით გადამდები ავბედითი კორონავირუსი არის თავისებური შეხსენება, მოწოდება იმ ხალხისთვის, ვისაც პლანეტის ბედი აღელვებს, რომ განგაში წამოიწყონ და ზარებს შემოჰკრან, სწორედ კაცობრიობის გადარჩენის სახელით. მგონია, რომ  სასულიერო მოძღვრებისა და ცნობილ მეცნიერებისადმი გაკეთებული მოწოდება ატეხონ განგაში, საკმაოდ გამართლებულია, რადგანაც მათ უპატიებელმა „ნეიტრალურმა პოზიციამ“, სწორედ მათ, რბილად რომ ვთქვათ, გაუაზრებელმა გულგრილობამ მიიყვანა სიტუაცია კრიტიკულ ზღვრამდე.  სწორედ იმ მეცნიერებმა, რომლებმაც გახლიჩეს ატომი და გააცნეს მსფლიოს ლაზერი, გააფართოვეს და გააღრმავეს ორმო, რომელიც ჩვენი პლანეტის დასასამარებლად იყო გამზადებული. ხოლო სასულიერო ლიდერების არადამაჯერებელმა საუბრებმა და წინასწარაკვიატებულმა დამოკიდებულებამ გაზარდა მსოფლიოში ურწმუნოების რიცხვი, რითაც ხაზი გაესვა მათ უუნარობას მოუწოდონ რაიმე პლანეტის ხელისუფლებებს. და პანდორას ყუთი ახლაც გახსნილია... როგორ მოახერხებს ამ პირობებში დედამიწა საკუთარი შვილების გადარჩენას და დაცვას? სწორედ იმ შვილების, რომელთა აქტიური ხელშეწყობითაც გახდა ამდენად უძლური, დაკარგა იმუნიტეტი, რომლებმაც მის მომავალს მიაფურთხეს, გამოსწოვეს მას სისხლის ბოლო წვეთები, რომლებიც სასტიკად იტაცებენ მის სიმდიდრეებს, აფუჭებენ ეკოლოგიას - ყველაფერს საკუთარი სიმდიდრისთვის აკეთებენ.... სწორედ ასე, სწორედ ამ პირობებში მერკანტილური კაცობრიობა „გამარჯვებული მიაბიჯებს“ უფსკლულისკენ.... თავდაჯერებული საქმოსნები აგრძელებენ გაუმაძღარი მუცლის ამოვსებას - ესაა მთავარი, დანარჩენი კი ჭირსაც წაუღია. ამ ყველაფერში ისინი ვერც კი ამჩნევენ, რომ კორონავირუსი დაავადება კი არა შეგნებულობის ტესტია, წინასწარი ჩათვლა და შემოწმებაა მათთვის ვინც მსოფლიო ჰარმონიას ვერ ეზიარა. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ კორონავირუსი ანადგურებს ყველას იმ ქვეყნებში, სადაც უდიდესი ფინანსური და ტექნოლოგიური პოტენციალია, რითაც ცდილობს მიახვედროს ხალხი, რომ უნდა შეჩერდეს გიჟური კონკურენცია მსოფლიოს მფლობელობისთვის და საჭიროა ნორმალური ცხოვრების დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი მარაგი არ გვიშველის. მოქმედი სისტემის კრიზისი ყოველდღიურად სულ უფრო აშკარა ხდება, ხოლო პლანეტის გადარჩენისა და გაჯანსაღებისკენ მიმავალი გზა სულ უფრო იხერგება.

 

- ბატონო ხაჩატრიან, მოქმედი მთავრობებისგან განსხვავებით, თქვენ ჩვენი ქვეყნის გაჯანსაღების  სრულიად სხვა, ხალხისთვის მიუღებელი გზა აირჩიეთ. ნუთუ თქვენ არ გადარდებთ თქვენი მიმდევრების რიცხვი? დღეს ხომ „ტრენდში“ არა ხარისხი, არამედ რაოდენობაა. დღეს ყველაფერს არ წყვეტს სიტყვის არსი და შინაარსი, არც მოსაუბრის პატივისცემა და ავტორიტეტი, არამედ ხალხის „გულის მოგების“ უნარი, ლაიკების რაოდენობა და ა.შ. ყველაფერი ის, რაც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია.

 

- თქვენ საკმაოდ მტკივნეულ და ამავდროულად უკიდურესად მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავამცირო ჩვენი რიგითი მოქალაქეები, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ არასოდეს ვიყავი „ხალხის აზრის“ მომხრე. მგონია, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს ხალხმა, ბრბომ, არამედ უნდა მიიღონ მათ, ვისაც ელიტას ვუწოდებთ, მათ ვინც მზადაა სხვების ნაცვლად ჯვარი ზიდოს. სწორედ მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტი უნდა გახდეს საბოლოო და სწორედ მას უნდა გაუწიონ ანგარიში ყველამ. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, დღევანდელი ელიტა, თუ რა თქმა უნდა, ის საერთოდ არსებობს, შეკრებილია ჩვენი სახელმწიფოს მომავლის ამა თუ იმ სტრატეგიაში საქმეში სრულიად ჩაუხედავი ვაჭრებისგან, სამეფო კარის ოლიგარქებისგან, რომლებმაც ყველაფერი იციან დღევანდელ კვერცხზე, მაგრამ არაფერი სმენიათ ხვალინდელ ქათამზე. ზემოთაღნიშნული „ელიტის“ ამომრჩეველი ელექტორატი ესაა ხალხი, რომლებიც მეფის კეთილ ნებაზე ოცნებობენ, მმართველს პირში შეჰყურებენ, ისინი, ვისთვისაც პატრონის სიტყვა კანონია, მეტიც სიწმინდეა... არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდნენ დღევანდელი მდიდრები, რომლებიც ვაჭრობენ გაზით, ნავთობითა და ბენზინით, თუ ექნებოდათ ურთიერთობა ნიუტონთან, პასკალთან, ჰეგელთან და რემბრანდტთან. ღირსეული ქცევა აიძულებდა ვაჭრებს სცოდნოდათ საკუთარი ადგილი და დაკავებულიყვნენ მხოლოდ იმ საქმეებით, რომლებიც მათ ძალუძთ. დღეს ყველაფერი თავდაყირა დგას. ყოველ შემთვევაში სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) იმის ნახვა, თუ როგორ წვალობს განათლებული, შეგნებული ადამიანი, ქვეყნის დამაქცეველი მძარცველებისა და თაღლითებისგან განსხვავებით. ბოლოს და ბოლოს უნდა შევიგნოთ, რომ მოაზროვნე  ხალხის, იდეებისა და ღირებულებების გარკვეული სისტემის გარეშე არავითარი საეჭვო ვითარებაში დაგროვილი სიმდიდრე ქვეყანას არ გადაარჩენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენთაგანის სამაშველო რგოლი გახდება ჯანსაღი აზრი, იდეა, რომელსაც მსოფლიოს ლიდერები პატივს სცემენ. მეწრმუნეთ, დაგროვილ ასტრონომიულ თანხებს არაფრის გადარჩენა შეუძლიათ, თუ ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული ღირებულებათა სისტემა არ გვექნება. არ დაგიმალავთ, ვაპირებდი თანამზრახველების შეკრებას - საღად მოაზროვნე ხალხის (სრულიად დასაბუთებულად არ ვაპირებ გამოვიყენო გაცვეთილი ტერმინი „ინტელექტუალი“), რომლებსაც ადარდებთ პლანეტის ბედი და მინდოდა შემექმნა ცენტრი, რომლის მოწოდებებსაც გამოეხმაურებოდნენ მსოფლიოს უმსხვილესი გეოპოლიტიკური ცენტრები. რამდენადაც სამართლებრივად არ არსებობს მსგავსი ცენტრის დაფუძნების შესაბამისი ფორმა, თვის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას ჩავთვლით ყრილობად.

 

- ძალიან საინტერესოა. არ გაქვთ გეგმა, რომ პოლიტიკურ არენაზე გახვიდეთ, ან თუ უფრო გულახდილი ვიქნებით - ხელისუფლებაში მოხვიდეთ? გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ერთეულების შექმნა, როგორც წესი, არჩევებში მონაწილეობით და ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოხვედრის შესაძლებლობითაა განპირობებული. დღევანდელი ტურბულენტობის პირობებში მსგავსი ცენტრის შექმნის სურვილი (შეგვიძლია მას პარტია ვუწოდოთ) ძალიან სერიოზული მიზეზებით უნდა მოხდეს, ხომ ასეა?

 

- რა თქმა უნდა. უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ცენტრის შექმნა მიგვაჩნია საუკეთესო და შესაძლოა ერთადერთ გზად, რომ თავი ავარიდოთ რეგიონალურ პოლიტიკურ ქარიშხლებს. გეოპოლიტიკური მეტამორფოზა - უეცარი მოვლენები სამწუხარო მომავალს მოასწავებენ, რითაც გვბიძგებენ ვიპოვოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა სხვებმა არ გაგვთელონ. საიდუმლო არაა, რომ ზვიგენების ბრძოლაში მსხვერპლი კვლავ თევზი ხდება. დედამიწა ახალ ეტაპზე გადადის - გეოპოლიტიკის გამო იზრდება სამხედრო-პოლიტიკური ცუნამის წრებრუნვა და „გარგანტუას“ მადა, ეს კი მცირე ქვეყნებისთვის პირდაპირი გზავნილია, რომ მათი არსებობის ერთადერთი გარანტია მხოლოდ მათივე ერთიანობაა. ცხოვრებისეული გამოცდილება მიგვანიშნებს, რომ ამა თუ იმ ავტორიტეტული და გავლენიანი ქვეყნის ფრთის ქვეშ ყოფნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ეს კრიმინალური ავტორიტეტისთვის ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად ფულის გადახდას ჰგავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მინდა აშკარა საფრთხის შესახებ შეგახსენოთ. ჯანსაღი აზრი არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, ჩვენი სამომავლო არსებობის საკითხი დღის წესრიგში დგას. არ დაგიმალავთ, სწორედ ამითაა განპირობებული სომხეთ-საქართველოს ინტელექტუალთა ფედერაციის შექმნის პროექტიც, რადგან მხოლოდ გაერთიანებული ძალებით შევძლებთ გავუწიოთ წინააღმდეგობა საფრთხეს, რომელიც გვიახლოვდება. ზოგადად, ეს მეთოდი ჩვენი გადარჩენისთვის ბრძოლის ძირითადი საშუალებაა, სწორი მიდგომით კი შესაძლოა მსოფლიოს უძლიერესი გეოპოლიტიკური  ცენტრების თანამშრომლობის პრეცედენტიც გახდეს.

 

წყარო:https://argumenti.ru/interview/2021/10/742073?fbclid=IwAR2jUAbm_SpAj76OnweqNtKafeFjifmVjwQhsI2naE9fABP8uIraa23kvII

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner