ავტორი ნაგი კუპრაძე
დილიდან ბათუმის ტრაგედიამ ქვეყანა მოიცვა...
ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე ხედავდა, როგორი ოპერატიული იყო სამაშველო ჯგუფი! დიახ, ხედავდა ყველა - გარდა პოლიტიკურად მიკერძოებული ტელეარხებისა!
დიახ, სირცხვილია იმის თქმა, რომ მაშველებმა რამე დააკლეს, ვერ გააკეთეს ან თუნდაც დროულები არ იყვნენ!
არ შეიძლება, ამ გმირების თავდაუზოგავი შრომა, რომელიც გარკვეულწილად მათ სიცოცხლეზეც გადის, ასე ლაფში ამოსვარო, მხოლოდ იმის გამო, რომ შენთვის ხელისუფლებაა მიუღებელია...
არის საკითხები, რომელიც უბრალოდ არ უნდა გახვიო, დააბინძურო პოლიტიკით, რადგან არის რაღაც ხელშეუხებელიც... დიახ, ხელშეუხებელია მეხანძრე, მაშველი, ექიმი, მასწავლებელი... არ შეიძლება, ის ადამიანი შეურაცხყო, ვინც შენი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის ან თავს წირავს, გმირი მხოლოდ ომში წასული ადამიანი არ არის, ამ პროფესიის მქონე ადამიანებიც გმირები არიან, უსახელო გმირები!
ვის ვაკრიტიკებთ? ადამიანებს, რომლებიც მთელი დღეების თუ ღამეების მანძილზე, მტვერში და სიბინძურეში, მთელი რიგი წესების დაცვით ცდილობდნენ, ისე ამოეყვანათ დაზარალებულები, რომ მათი სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ! ერთი წუთით მაინც წარმოგიდგენიათ თავი მათ ადგილას?
ბათუმში უზარმაზარი შენობა არის ჩამონგრეული, იბრძვიან და სიცოცხლეს უნარჩუნებენ ადამიანებს ისეთ პირობებში, სადაც ნგრევის კიდევ დიდი რისკია და საფრთხე მათ სიცოცხლესაც ემუქრებათ...
ეს ხშირად გასამეორებელია, რადგან საპასუხოდ მადლობას კი არ იღებენ, არამედ - კრიტიკას და ტყუილს! აქვე, ტელევიზიად წოდებული „მთავარი არხის“ ჟურნალისტების საუბრის მცირეოდენ ამონარიდს გთავაზობთ და დასკვნა თქვენთვის მოგვინდია, ძვირფასო მკითხველო...
პაატა იაკობაშვილი:
„ჩნდება კითხვის ნიშნები არამხოლოდ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის კანონიერებაზე და ტექნიკური რეგლამენტის დაცვაზე, არამედ სამაშველო სამსახურის რეაგირებაზე. თვითმხილველები ყვებიან, რომ პირველივე წუთებში არ იყო საკმარისი ძალები მობილიზებული ტრაგედიის ადგილთან და ყვებიან, რომ შესაძლებელი იყო უფრო ინტენსიურად სამაშველო სამუშაოების წარმოება“.
დიანა ჯოჯუა:
„როგორც ჩვენ ადგილობრივებმა გვითხრეს, სამაშველო სამსახურებმა, იმის მიუხედავად რომ ადგილზე იმყოფებოდნენ, 3 საათის დაგვიანებით დაიწყეს ინტენსიური სამუშაოები და 3 საათი ამ შემთხვევაში დიდი დროა, როცა ყოველმა წამმა შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი“.
პაატა იაკობაშვილი:
„ფაქტია, რომ ეს სამსახურები არ არის საკმარისად მობილიზებულები და ორგანიზებული და იმ დონის, როგორიც უნდა იყოს ასეთ დიდ ქალაქში!“
დიანა ჯოჯუა:
„ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორად, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მობილიზება და ტერიტორიაზე როგორც მე არაერთხელ მაქვს სხვადასხვა დოკუმენტურ ფილმებში ნანახი, როგორ ეძებენ მათი დახმარებით ადამიანებს ნანგრევების ქვეშ“.
აბა, რაღა უნდა გითხრათ მეტი? ყველაზე პატარა ასაკის ბავშვი გადაარჩინეს 1 წლის და 3 თვის, დედას დაუბრუნეს ცოცხალი, ამაზე დიდი სასწაული ასეთი ტრაგედიის დროს არც კი ვიცი, რა შეიძლება იყოს...
დიახ!
ამორალურია ეს პოლიტიკური ოპონირება ასეთ ვითარებაში, ამხელა აგრესიისგან დაბინდულია უკვე პოლიტიკურად ანგაჟირებულ „ჟურნალისტთა“ გონება და კარგ ამბებშიც ყოველთვის ნეგატიურის ძიებაზე არიან გადასულნი...
ისეთი სცენები დაიდგა, სადაც ნათქვამი არსებულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. 12 საათიდან პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა არსებული ვითარება, კარგად ჩანდა, როგორ ცდილობდნენ ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციას, ნანგრევების გასუფთავებას და ხალხის ამოყვანას. იმის თქმა, რომ თითქოს მაშველებს რეაგირება დააგვიანდათ ან 3 საათის მანძილზე არ მოქმედებდნენ, დიახ, სირცხვილია და ამორალურია!
მადლობა თითოეული ბრიგადის წევრს ამხელა თავდადებისთვის, შრომისთვის და მოთმინებისთვის! და თქვენ გვაპატიეთ... ბოდიში ზოგიერთის უმადურობისთვის...
P.S.
ერთიცაა: როდესაც ნაციონალური ხელისუფლების ზეობის ჟამს, თბილისში წყალმა დატბორა ერთ-ერთი უბანი, ქვეყნის პირველი პირი არ ჩანდა. რის ვაივაგლახით გამოჩნდა ... შოპინგზე, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში! მელიას და კურდღლების ფანებო! ნუ დაგავიწყდებათ, 13 ივნისის ტრაგედიის წუთებში კახი კალაძე ერთ-ერთი პირველი მივიდა ვერეს ხეობაში! თქვენი ე.წ. „ლიდერ-შიფი“ კი ცოდვებს ინანიებდეს და ტაძრებში სანთლებს ანთებდეს, ის დროა... (სეფისკვერი გწამლავთ არა, ტოლმა!) საუბედუროდ, ჯალათის ფანატიზმი რეალობის აღქმას გაკარგვინებთ! არადა, მერაბიშვილისგან და ახალაიებისგან განსხვავებით, ჩვენს რეალობაში პოლიციელი მართლა გმირია! მაშველი მართლა გმირია! თქვენი საშველი არაა, თორემ... როცა ასეთი „თავგანწირული“ და ხალხზე „მოფიქრალი“ ლიდერი გყავთ (რა მნიშვნელობა აქვს, „წამებულის“ მანტია აცვია თუ მეგისას გვერდით მჯდომი კალმის დაწუნწკლულ მელანს აშრობს...), საკუთარ თვალში, მინიმუმ, დირეს მაინც უნდა ამჩნევდეთ!
„თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“, - თქვენზეა ნათქვამი... ტრაგედიებისას მოშოპინგე სააკაშვილის პატრონებს ხმა არ გაქვთ ამოსაღები!
როგორც თქვენი ერთ-ერთი ფანი იტყოდა - წერტილი!