ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
"ამერიკის ნამდვილმა მეგობრებმა" წერილით მიმართეს აშშ ელჩს.
(http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=17006)
საგულისხმო ნაბიჯია. ტექსტიც, მართლა ნამდვილი მეგობრების ნააზრევი და გაწონასწორებული მოძრაობა!
"ცხელ გულზე" ცოტას მეც დავამატებდი:
აშშ ახლანდელ ელჩს, ისევე, როგორც ადრინდელს არც გამოცდილება აკლია და პოლიტტექნოლოგიებშიც საკმაოდ გაწაფულია... და მიუხედავად ამისა, ეს ერთობ გამოცდილი, მაღალი რანგის დიპლომატი (და წინამორბედებიც) მაინც უშვებს შეცდომებს... რა თქმა უნდა, თუ ეს შეცდომაა და არა... მოქმედების ტრადიციული, ამერიკული სტილი.
ტონალობას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთული ტემპერამენტის ქვეყნებში, ეტყობა, ეს კარგად არ აქვს ბატონ ელჩს გათვითცნობიერებული.
არც ის, რომ განსაკუთრებული ობიექტურობაც მაქსიმალურად ჭირდება, მით უმეტეს საჯარო გამოსვლებისას!
არც ის, რომ მისი და საელჩოს გარდა, სხვა გზები და წყაროებიც არსებობს ვაშინგტონამდე ამბის ობიექტურად მიტანა-გაგზავნისთვის! (მხოლოდ მედიას და ჟურნალისტებს არ ვგულისხმობ!)
ის რომ სახელმწიფო სტრუქტურებში (არა მარტო შტატებში და არა მარტო საელჩოებში) ძირითადად ჩვეულებრივი, ნორმალური, გამოცდილი კადრების პარალელურად გვხვდებიან საკმაოდ შეზღუდული აზროვნების და ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანები, ესეც არ უნდა იყოს აღმოჩენა (ამ მხრივ, არც აშშ თბილისის საელჩოა გამონაკლისი) და, რა თქმა უნდა, როგორც ყველ ადამიანი (მათ შორის ნიჭიერებიც და უნიჭონიც), დაზღვეულები არ არიან შეცდომებისგან. ამაზე, არაერთი ფაქტი, თუნდაც, შავი 11 სექტემბრის და მსგავსი უბედურებების გარდა, აგერ, ახლანდელი თურქეთის არშემდგარი პუტჩიც მეტყველებს.
ერთხელ ხომ კიდევ დავინახეთ, რომ "კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი". იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს კოკა ხელში შენს გაწვრთნილ-დაკვალიანებულ მეგობარს უჭირავს. მეგობარს, რომელსაც ერთგულება და თანამდებობა (მაგ., რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის შეფი, ან, დიდი სასამართლოს ბოსი...) არ აკლია, მაგრამ მთლად ბოლომდე ჭკუით ვერ ქაჩავს...
მთავარი მაინც შედეგია!
შედეგი!!!!
და გადამწყვეტი ამ შემთხვევაში მარიონეტების პოზიცია, ძალა და დაპირებები კი არ არის, არამედ ხალხის (!!!) პოზიციაა - იდეით გაერთიანებული, ერთ მუშტად შეკრული რა ძალა, რა მასა გამოვა ქუჩაში, ვინ და რამდენი დაუწვება უშიშრად ტანკს და ეტყვის "არას" ნებისმიერ ჯგუფს, რომელსაც არ ამოძრავებს სამშობლოს გადარჩენის და მისი ნათელი მომავლის ყველაზე მაღალი და წმინდა იდეა!
იგივე თურქეთის, თუნდაც ეგვიპტის, უკრაინის და სხვა ბოლოდროინდელი მოვლენები ამ მოსაზრების დასტურია. იგი სხვა ტენდენციაზეც მიგვანიშნებს: შეუიარაღებელი თვალითაც კი შესამჩნევია, რომ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში ნელ-ნელა, კუს ნაბიჯით, მაგრამ მაინც იზრდება ანტიამერიკული განწყობები...
და ამის ერთერთი მიზეზი, ეგებ, ის მოხშირებული ულტიმატუმები და მთლად ვერგაწონასწორებული განცხადებებიცა, რომლითაც დიდი ქვეყნის სიძლიერით გათამამებული ზოგიერთი დიპლომატი თბილისშიც, ბრიუსელშიც, ბერლინშიც, ვაშინგტონშიც ძველი ცივილიზაციის და ისტორიის მქონე ქვეყნების საზოგადოებას მოურიდებლად მოძღვრავს!
გვესმის რომ გვეხმარებით. ამისთვის დიდად მადლობელნი ვართ. მაგრამ... ზოგჯერ, ვგონებ, ნამეტნავად მოსდით "ჭკუის სწავლება", განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ანბანურ ჭეშმარიტებებს ეხებათ.
ამერიკის სხვა მეგობრებმა (მთავრობამ, დეპუტატებმა, პოლიტპარტიებმა, ამერიკული ინვესტიციებით "მოსუქებულმა" ბიზნესმა და...), თუ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან და, ასევე, ნამდვილ მეგობრებად მიაჩნიათ დასავლეთის ქვეყნები, ეს უნდა აუხსნან აშშ ელჩს. და არა მარტო მას: დიდი ბრიტანეთისას, გერმანიისას, საფრანგეთისას...
ისიც "საიდუმლოდ" უნდა გაანდონ მათ, რომ ევროკავშირთან, "ნატოსთან", ვიზალიბერალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებული დაპირებები უკვე ანეგდოტების თემაა და ეს "ღიმილი" დაუფარავად უკავშირდება წარსულის მწარე გამოცდილებას, იმას, თუ როგორ არაერთგზის "გადააგდეს" დასავლეთელმა მოკავშირე "მეგობრებმა" გულზე ხელისბრაგუნით მოცემული დაპირებებით დაიმედებული ქართული საზოგადოება.
ისიც უნდა აუხსნან, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა მოტყუებულის როლში ყოფნა, მისი სწრაფვა ევროპისკენ გულწრფელია. მაგრამ მისი ისტორიული მახსოვრობაც არ მოჩლუნგებულა. ამას ხელს უწყობს უაზროდ გაწელილი "დაპირებების" პროცესიც, რომელიც მტკივნეულად აცოცხლებს ერთი საუკუნის წინანდელი მოვლენებს, რომელთაც დაამხეს დამოუკიდებელი საქართველო.
ეს არავის დავიწყებია, ისევე როგორც, ვერასოდეს დავივიწყებთ 2008 წლის აგვისტოს რუსულ გაჯეჯილებას.
თქვენო აღმატებულებავ, ბატონი ელჩო!
გულწრფელი პატივისცემით და დაუფარავი სიმპათიების გამოხატვით მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობრები ისინი არიან, ვინც პირში გეუბნებათ სიმართლეს,რაც უნდა მწარე არ იყოს იგი...
ასეა ეს! ("დათა თუთაშხია")
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=17006