logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: დაჰკითხეთ და დამკითხეთ!
- +

14 ოქტომბერი. 2021. 19:56

 

 

ყოფილი პარლამენტარი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სამხარეო რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება კოდორის ხეობის საქმეზე და დაიკითხოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკვე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი. აღნიშნულ თემაზე გაზეთი „ქართული აზრი“ ემზარ კვიციანს ესაუბრა:

 

-11 დღეა უკვე, ქვეყნის მოღალატე ციხეშია და რას ედავებიან, ბოლომდე ჯერ არავინ იცის! პროკურატურას მივმართავ განცხადებით, დაიწყონ გამოძიება კოდორის ხეობის მოვლენებთან დაკავშირებით! დაჰკითხონ სააკაშვილიცა და ქვეყნის სხვა მოღალატეებიც! კითხვები თუ არ აქვთ, მე ვუკარნახებ...

 

- ალბათ თქვენ ყველაზე მეტი იცით, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის დაკარგვა და ა.შ. მაგრამ კითხვები მაინც გაქვთ სააკაშვილთან...

 

- ამ კითხვების პასუხი არის ერთი - დამნაშავეა სააკაშვილი! სამშობლო გამიყიდა სააკაშვილმა! დაჰკითხონ სააკაშვილი და გასცეს ამ კითხვებს პასუხი:

  1. შეხვდა თუ არა პუტინს 2006 წლის 13 ივნისს სოჭში და ზღვაში გასულებმა პირისპირ ილაპარაკეს თუ არა და კოდორის გადაცემის პირობა დაუდო თუ არა?!
  2. ერთ თვეში კოდორზე ლაშქრობა ფსბ-სთან ერთობლივად ჩაატარა თუ არა?!
  3. რატომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 73-ემუხლი და შემდეგ კი მე-100 მუხლი და რატომ შეიყვანა კონსტიტუციის უხეში დარღვევით საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალები კოდორის ხეობაში მოსკოვის 1994 წლის საერთაშორისო ოთხმხრივი შეთანხმების დარღვევით, სამშობლოს დამცველთა გასანადგურებლად?!
  4. რატომ იღებდნენ ამ ოპერაციაში ჩეჩენი ტერორისტები მონაწილეობას და ვისი ინიციატივა იყო მათი იქ ყოფნა - ირაკლი ალასანიასი თუ ოქრუაშვილის?!
  5. 2008 წელს რატომ გასცა ბრძანება კოდორში მთელი შეიარაღების დატოვების და კოდორის (დალის) ხეობის უბრძოლველად დათმობის?!
  6. რატომ გაუგრძელა 2008 წლის 28 ივლისს სამშვიდობოებს მანდატი 6 თვით?! თუ 8-ში კონსტიტუციურ წესრიგის აღდგენას აპირებდა?!
  7. რატომ ჩამოაგდებინა ქართული ვერტმფრენი დუშეთის ტერიტორიაზე 2006 წელს?! ვფიქრობ, ეს კითხვები საკმარისია სიმართლის დასადგენად და სამარ- თლიანობის აღსადგენად!

 

-სააკაშვილმა კოდორის გადაცემის პირობა დაუდო ვლადიმირ პუტინს?

 

- ეს ფაქტია! 2006 წლის 13 ივნისს სააკაშვილი შეხვდა პუტინს სოჭში. მერე სოჭში დასხდნენ კატერზე, გავიდნენ ზღვაში, 2 საათი ილაპარაკეს და 1 თვეში პუტინი თავს დაგვესხა. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, ოქრუაშვილი, ეს ნაძირალა, ერის გამყიდველი, ორფოლოს პოლიგონზე წავიდა, მოამზადა ჯარი და შემოვიდა კოდორში. თავს დაესხა კოდორს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ბრძანებით, დაარღვია კონსტიტუციის 73-ე და მე-100 მუხლი და მთელი შეიარაღებული ძალები გადმოსხა კოდორის ხეობაში სამშობლოს დამცველების წინააღმდეგ. მაგრამ ამას წინ უძღოდა გაეროს მისიის ოფიცრების გატაცება, სადენების ჩამოგდება, გაიხსენეთ, აფხაზეთში ომი რითი დაიწყო? რასაც იქ აკეთებდა ქართული „კაგებე“, იგივე გააკეთეს კოდორის ხეობაში. იტაცებდნენ გაეროს ხალხს, რომლებიც რამდენჯერმე გავათავისუფლებინე. ნაძირალა გივი თარგამაძე რომ ჰყავთ, ჩემზე რომ თქვა, მილიონი აიღო და გაათავისუფლა გაეროს მისიის წარმომადგნელებიო, სინამდვილეში გაეროს წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა გერმანელმა, რომელიც დატყვევებული იყო, ჭუჭყიანი მაისური რომ ეცვა, გაიხადა და მაჩუქა, რომელსაც ინგლისურად ეწერა, „მოვედი, ვნახე, გავიმარჯვე“. ეს მაჩუქა. ეს თუ მილიონი ღირს, არ ვიცი. ეს იყო შავი პიარი იმისთვის, რომ კოდორის ხეობა ჩაებარებინათ. ბარამიძე როცა იყო მინისტრი, „მონადირე“ შეგვაიარაღეს, ახალი იარაღი და ტანსაცმელი მოგვცეს, გაგვაძლიერეს... შემდეგ მოიყვანეს ოქრუაშვილი, რომელმაც გააუქმა ბატალიონი! ეს იყო გათამაშებული. ნახეთ, შეგვაიარაღეს, შემდეგ გაგვაუქმეს, მაგრამ იარაღი არ ჩამოგვართვეს. ანუ არაფორმალური შეიარაღება შექმნეს. მერე მე დამაბრალეს ეს. ეს მარტო კოდორის ხეობაში არ მოხდა. ასე იყო ცხინვალშიც. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც იცავდა ტერიტორიას, განაიარაღეს, გაწყვიტეს ქართველებისაგან ეს ტერიტორია და მერე ადგნენ და ჩააბარეს. რად უნდა ამას გამოძიება, სახეზეა ღალატის ფაქტი! სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე, მთელი ეს ბანდფორმირება არის სამშობლოს მოღალატე! 2 წელიწადი იწვალა ამ ნაძირალა სააკაშვილმა, რომ აფხაზები შემოეყვანა კოდორის ხეობაში. აფხაზები კავკასიელები არიან და მათ თავმოყვარეობაზე თამაშობდა. ბოლო-ბოლო შემოიყვანა 2008-ში და ჩააბარა კოდორი-დალის ხეობა. აფხაზეთის 30% გვეჭირა ჩვენ, ქართული დროშის ქვეშ. ჩააბარა და მერე როგორ თქვა, გახსოვთ? - ქვების გროვა ჩავაბარეო! გაიხსენეთ, რამდენი მილიონი ჩაერიცხა იმ პერიოდში სააკაშვილს, ანუ საქართველოს ვითომ დასახმარებლად, ეს იყო ოთხნახევარი მილიარდი, რომელსაც დღემდე ეძებენ, გამქრალია. ეს არაა მხოლოდ სააკაშვილის მიერ ჩაფიქრებული ღალატი.

 

- ვის მიიჩნევთ მის თანამზრახველად, ვის გულისხმობთ?

 

- ვის ვგულისხმობ და „ნაციონალური მოძრაობის~ მეგობრებს, ვინც გადმორიცხა ოთხნახევარი მილიარდი. ეს თანხა გაქრა, რა იქნა? გაათეთრეს. ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა თავს მოგვახვიეს, რომელმაც სამშობლოს უღალატა, უკვე ჩამომხრჩვალი უნდა იყოს! დიახ, ციხეში კი არ უნდა იჯდეს, ჩამომხრჩვალი უნდა იყოს! გიმეორებთ: სააკაშვილი ჩამოსახრჩობია! სააკაშვილისთვის ციხე არის ბედნიერება, მას შეუძლია ხატების წინ ილოცოს და პატიებას ითხოვდეს, რომ სამშობლოს უღალატა. რა თქმა უნდა „ეფესბე“-თან ერთად ჩაატარეს. „ეფესბე“-მ დამატყვევა მე. ქართველებმა, იგორ გიორგაძემ და დანარჩენებმა გამიტყუეს, ვითომ ლაპარაკი უნდოდათ ჩემთან. დამხვდა იქ სპეცრაზმი, დამაპატიმრეს და წამიყვანეს. დამაპატიმრეს იმიტომ, რომ სააკაშვილისთვის ხელი არ შემეშალა.

 

- რატომ იღებდნენ ამ ოპერაციაში ჩეჩენი ტერორისტები მონაწილეობას და ვისი ინიციატივა იყო მათი იქ ყოფნა?

 

- ჩეჩნები შემოიყვანეს იმისთვის, რომ კოდორის ხეობა ჩაბარებულიყო და ჩეჩნების გამო რუსებს ლეგიტიმაცია მისცემოდათ, შემოსულიყვნენ, მაგრამ შევძელით და ავირიდეთ დიდი უბედურებით. ჩემი უძვირფასესი დისშვილი და მისი მამა ერთ დღეს დავკარგე. 9 კაცი დამეღუპა ერთ დღეში. 2006 წელს ჩემს გვერდით იდგა იმ დროის პარლამენტის წევრი გოჩა ფიფია, რომელსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პირველ სამ და ბოლო სამ მანქანაში ჩეჩნები არიანო, მაგრამ მე არ დავუჯერე. მეგონა, ჩემი მოტყუება უნდოდათ, რომ მესროლა. მაგრამ, რომც დამეჯერებინა, მაინც არ ვესროდი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ჩეჩნებთან. როდესაც ჩემი სასამართლო მიდიოდა 2015 წელს, პროკურატურამ წარმომიდგინა ფირები, რომლითაც უნდოდათ, ჩემთვის დანაშაული დაემტკიცებინათ. ამ ფირებში შეცდომა გაეპარათ. ფირებში ვიხილე ორი ჩეჩენი ბოევიკი, ერთმანეთში საუბრობდნენ. ეს ჩანაწერი ჩემს სასამართლო პროცესზე აჩვენეს. აქედან ერთ-ერთი იყო ახმედ ჩატაევი. ახლა კითხვა მაქვს, ჩატაევი სააკაშვილის ბრძანებით სპეცოპერაციაში რატომ იღებდა მონაწილეობას? ჩეჩენი ბოევიკების შემოყვანას კოდორში კურირებდა ირაკლი ალასანია! 1999 წლიდან აფხაზეთის მიმართულებას კურირებდა ალასანია. გახსოვთ ალბათ, 1990 წლიდან რა ხდებოდა  დავით თევზაძის ძმის აფეთქება, გატაცებები, სადენების ჩამოგდებები... 1999-ში გახდა კურატორი ალასანია კოდორის ხეობის და ამის შედეგ დაიწყო მთელი უბედურება კოდორის ხეობაში და საქართველოში საერთოდ. ერთიცაა: ვთხოვ პროკურატურას - დამკითხონ! მე მზად ვარ, ყველა კითხვას პასუხი გავცე!

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner