კულტურის კომიტეტის ორგანიზებით სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს 6 ქალაქში, არსებული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე პილოტი სკოლების შექმნისა და ეროვნული სახელოვნებო სკოლის 2021-2027 წწ. ხედვაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაში კულტურის კომიტეტის წევრების გარდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„პირველ ამოცანად მიგვაჩნია, ვიმუშაოთ სახელოვნებო პედაგოგის სტატუსის აღდგენაზე და სკოლაში სახელოვნებო პედაგოგის დაბრუნებაზე, რაც ნომერ პირველი პრობლემაა. ამის შემდეგ გადავალთ უკვე სხვა ეტაპზე - რეფორმისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნაზე“, -განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.