logo_geo
eng_logo
ზურაბ მაღალაშვილის პასუხი კინოსექტორის წარმომადგენლების ღია წერილზე...
- +

27 ივლისი. 2016. 23:00


ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ზურაბ მაღალაშვილის პასუხი კინოსექტორის წარმომადგენლების ღია წერილზე:


ძვირფასო კოლეგებო!


პირველ რიგში, მინდა, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ აქტიურობისა და სურვილისთვის, რათა რამენაირად შეიცვალოს და გამოსწორდეს ის სისტემური და მიმდინარე პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ქართული კინემატოგრაფის განვითარებას.


გეთანხმებით, არსებობს უამრავი პრობლემა, რომლებიც საჭიროებს მოგვარებას. ვერ დაგეთანხმებით, რომ პროექტ "არმატურასთან" (რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე, პროდ. - ნოდარ ნოზაძე) დაკავშირებით გაკეთებულმა შეფასებებმა წარმოაჩინა ძირეული პრობლემები.


ეს არის წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული და დაგროვილი გადაუჭრელი საკითხების მთელი რიგი ნუსხა, რომელიც კინოინდუსტრიაში მომუშავე აქტიური ადამიანებისთვის იყო ნათელი და ყოველთვის არსებობდა მათი მოგვარების სურვილი.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ პროექტ არმატურის საექსპერტო კომისიის შეფასებასთან დაკავშირებით, კინოცენტრმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. იხ. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდზე 2016 წლის 7 ივლისს გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადება.


ამ საკითხში თქვენ, კინოცენტრის ხელმძღვანელობა და ქართული კინემატოგრაფიული საზოგადოება უდავოდ ვართ ერთიანი. ჩვენ ყველას გვინდა მანკიერი სისტემური პრობლემების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიება.

სურვილი მაქვს, თქვენს წერილში მოყვანილ ყველა საკითხს შევეხო და შეძლებისდაგვარად გაგცეთ ამომწურავი პასუხი.


ცენზურა

თქვენ გამოთქვამთ მოსაზრებას, რომ, სავარაუდოდ, დაწესდა (ფარული თუ ღია) ცენზურა და იქვე მტკიცებით ფორმაში შეგვახსენებთ, რომ კინოცენტრის პრეროგატივა არ არის პროექტების მხატვრულ, ფორმალისტურ თუ შინაარსობრივ შემადგენელზე კონტროლის დაწესება.


გეთანხმებით და ამ საკითხშიც ჩვენი პოზიციები ემთხვევა. დაუშვებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმა, ეს იქნება ფარული თუ ღია, ხელოვანსა და ზოგადად პიროვნებას უნდა ჰქონდეს კონსტიტუციით მინიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანაში ამის პრობლემა არ არსებობს. თუ რომელიმე თქვენგანს გააჩნია კონკრეტული ფაქტები კინოცენტრის მიერ ამ ფუნდამენტური ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების დარღვევის შესახებ, მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული და გთხოვთ, დაუყოვნებლივ შემატყობინოთ, რათა მე ყველა პროცედურის დაცვით მივმართო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.


რაც შეეხება კომისიის ზოგიერთი წევრის შეფასებებს, შეგახსენებთ, რომ კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო და მისი რომელიმე წევრის შეფასება, მკაცრი ან თუნდაც შეურაწმყოფელი კომენტარი, არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც სახელმწიფოებრივი კონტროლის ან ზედამხედველობის მცდელობა. ეს არის პირადი ეთიკისა და პროფესიონალიზმის საკითხი.

კიდევ ერთხელ, გიდასტურებთ ამ საკითხში ჩვენი პოზიციების სრულ თანხვედრას და ნებისმიერი სახისა და ფორმის ცენზურის კატეგორიულ მიუღებლობას.


კონკურსები

გეთანხმებით, პროექტების დაფინანსებისა და კონკურსების თემა მნიშვნელოვანი, ამავდროულად სენსიტიური საკითხია, რომელიც უნდა იყოს საფუძვლიანი განსჯისა და ანალიზის საგანი. კინემატოგრაფიულ საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება კომისიის მოქმედების ვადის (ერთჯერადი თუ მუდმივი), შეფასების კრიტერიუმების, კომისიის წევრების შერჩევის, კონკურსის ჩატარების მექანიზმებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების რეგულირების შესახებ. ყველა მოსაზრებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე, ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიმაჩნია (ისევე, როგორც თქვენ), გაიმართოს კინემატოგრაფისტების შეხვედრები და მსჯელობა კონკურსების ჩატარების მოდელებზე, რაც ხელს შეუწყობს კინოცენტრის ხელმძღვანელობას ამ მტკივნეული საკითხის მოგვარებაში.


ღია წერილის პათოსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უნდა გქონდეთ გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ თქვენს ნააზრევს წერილობით წარმოადგენთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ:


ა) 2000 წლიდან დღემდე იმ რეჟისორების რაოდენობა, რომლებმაც დაამთავრეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ან სხვა სასწავლებლები და აქვთ ფილმის გადაღების ამბიცია, მერყეობს 700-დან 800-მდე (ზუსტი სტატისტიკა და ციფრები არ არსებობს). სამწუხაროდ, არანაირი სახელმწიფო რესურსი არ იძლევა შანსს, რომ თითოეულ მათგანს მიეცეს ფილმის გადაღების შესაძლებლობა. ამიტომ, ჩვენი მიზანია, შემუშავდეს მაქსიმალურად სამართლიანი სელექციისა და კომისიის მუშაობის გამჭვირვალე სისტემა, რომელიც იქნება ღირსეული პროექტების მიუკერძოებლად გამოვლენის გარანტი.


ბ) არსებული წესით ჩასატარებელი კონკურსების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საექსპერტო კომისიის წევრების საჭირო რაოდენობა (რომლებიც უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციური, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი პროფესიონალები) მერყეობს 70-დან 80 კაცამდე. მომავალ წელს დაგეგმილია კონკურსების რიცხვობრივი ზრდა, შესაბამისად, გაიზრდება კომისიის წევრების რაოდენობა. (არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე ქმედითი და აქტიური ნაწილი სისტემატურად მონაწილეობს კონკურსებში, მათი და მათთან დაკავშირებული პირების მოაზრება საექსპერტო კომისიაში შეუძლებელია).


მოცემული პირობები არის ძალზე მკაცრი და, შესაბამისად, მოითხოვს ადეკვატურ ანალიზსა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

რაც შეეხება თქვენ მიერ მტკიცებით ფორმაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ „კინოცენტრის დირექცია პასუხისმგებელია ჟიურის გადაწყვეტილებებზე", „კინოცენტრის დირექციამ პასუხისმგებლობა აიღოს კონკურსის შედეგებზე", „კინოცენტრის დირექტორი პასუხისმგებლობას იღებს შერჩევისა და განხორციელების პროცესზე...", შეგახსენებთ, რომ კინოცენტრის დირექცია და დირექტორი ვერ მოახდენს ვერანაირ ზეგავლენას კომისიაზე. იხ. ამონაწერი ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის დებულებიდან:


„საექსპერტო კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას კანონმდებლობის შესაბამისად. მის საქმიანობაში ან გადაწყვეტილებების მიღებაში ჩარევის უფლება არ აქვს ეროვნული კინოცენტრის დირექტორს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს".

თქვენი მოთხოვნის ლოგიკას რომ გავყვეთ, დირექტორი უნდა იყოს შერჩეულ პროექტებსა და კომისიის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი. ეს ნიშნავს, რომ დირექტორის შეხედულებით და გავლენით უნდა მიიღოს კომისიამ გადაწყვეტილება, თუ რომელ პროექტს გაეწიოს რეკომენდაცია დაფინანსებაზე და რომელს - არა. თქვენი მოთხოვნა, ავიღო პასუხისმგებლობა „ჟიურის გადაწყვეტილებებზე", პროექტების „შერჩევასა და განხორციელებაზე", შესაბამისად გულისხმობს საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებებზე კონტროლის დაწესებას, ამგვარმა მიდგომამ, შესაძლებელია პროცესები ერთპიროვნული მმართველობისკენ წაიყვანოს.

რა თქმა უნდა, კინოცენტრი და დირექტორი პასუხისმგებელნი ვართ იმ ფილმების ხარისხსა და პროცესზე, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში მიმდინარეობს, მაგრამ სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია მქონდეს კომისიის წევრებზე რაიმე სახის ზეგავლენის უფლებამოსილება.


კომისიის წევრების ალბათობის წესით დაკომპლექტება (ლოტოტრონი)


რაც შეეხება ალბათობის წესით კომისიის წევრების შერჩევას, მიმაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხის, „კონკრეტულ პროექტზე მორგებული კომისიის წევრების დაკომპლექტების" მექანიზმზე უარის თქმა.


სწორედ დირექტორის მიერ კომისიის წევრების შერჩევა იძლევა პროცესების მანიპულირების საშუალებას, უხეშად რომ ვთქვა, „გაიყვანო" თუ არა რომელიმე პროექტი. ეს არის მანკიერი პრაქტიკა და ვფიქრობ, ღია წერილზე ხელისმომწერთა უმრავლესობა ამ თემაზე არ დაფიქრებულა.


სასურველია გვესმოდეს, რომ ალბათობის სისტემით საექსპერტო კომისიის წევრების დაკომპლექტების შემთხვევაში, კინოცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია არა მარტო კომისიის 8 ან 5 წევრზე, არამედ იმ სიაზე, საიდანაც ხდება კომისიის წევრების შერჩევა, შესაბამისად, იზრდება ჩემი პასუხისმგებლობის ხარისხიც, მაგრამ, გარდა იმ პროფესიული კრიტერიუმებისა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომისიის წევრის ბიოგრაფია, გამოცდილება და რეპუტაცია, ბუნებრივია, ბოლომდე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას კონკრეტული პიროვნების ეთიკურ კოდექსსა და გამოხატვის ფორმებზე.

ვფიქრობ ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საექსპერტო კომისიის პოტენციური წევრების ერთიანი ბაზის შექმნაზე. ეს არის გადამწყვეტი საკითხი და მგონია ამ საკითხშიც ჩვენი პოზიციები დაემთხვევა.

ძვირფასო კოლეგებო, მესმის თქვენი ობიექტური ღელვის მიზეზების, მაგრამ, როცა საქმე ეხება კოლეგებს, (ზოგიერთი ხელისმომწერის მხრიდან) უფროსი ან უმცროსი თაობის პროფესიონალებს, მათი სხვადასხვა ეპითეტით შემკობა, დასჯის მოთხოვნა, პიროვნების ეთიკისა და მორალის კონტექსტში განსჯა, საჯაროდ გაკიცხვა ან და მათი „მხილება" არასწორად მიმაჩნია (ამგვარი დამოკიდებულება სოციალური ქსელის კომენტარებიდან ჩანს), გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი თქვენგანი ჩემი მეგობარი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი და, უბრალოდ, კარგი ნაცნობი ბრძანდებით, გთხოვთ, კონკრეტული ადამიანებისგან ნუ შევქმნით მტრის ხატს.


ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარების მიზნით, მნიშვნელოვნად მიმაჩნია კინემატოგრაფიულ საზოგადოებასთან, სხვადასხვა ჯგუფებთან ან ცალკეულ პროფესიონალებთან სისტემატიური შეხვედრების ორგანიზება. თქვენი შემოთავაზება, შედგეს ჩვენი შეხვედრა მედიის თანხლებით, ვფიქრობ არ ემსახურება არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, იქნება არაპროდუქტიული და ხელს შეგვიშლის სამუშაო ვითარებაში განვიხილოთ მტკივნეული თემები. აქვე გიდასტურებთ ჩემს მზაობას შევხვდეთ სამუშაო ვითარებაში და განვიხილოთ თქვენ მიერ წარმოდგენილი წინადადებები.


პატივისცემით,

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი

ზურაბ მაღალაშვილი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner