„დღეს, რუსთავის საპატიმროსთან, გაწამებული, დახოცილი და განადგურებული ოჯახის წევრები იკრიბებიან, რომ თავის პროტესტი და გულისწყრომა გამოხატონ იმ სააკაშვილის მიმართ, რომელმაც შვილები, ძმები, მეუღლეები დაუხოცა. მიდიან იმისთვის, რომ კანონის აღსრულებას ელიან, მიდიან იმისთვის, რომ მიშას ფანატიკოს მხარდამჭერებს შეახსენონ (და შეარცხვინონ!), თუ რატომაა სააკაშვილი დაპატიმრებული“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს ეკუთვნის, განსაკუთრებით - ეკა ბესელიას.
„სხვათა შორის, ეს შეხსენება ზოგიერთ უფლებადამცველს (ადრე, სანდრო გირგლიანის დედას, ირინა ენუქიძეს გულშემატკივრობდით და დღეს სააკაშვილს?!) ეკუთვნის, განსაკუთრებით - ეკა ბესელიას! თქვენ არ ედექით გვერდში ამ ხალხს, თქვენ არ ამბობდით, რომ პოლიტპატიმრები და ნაწამები ხალხი ჰყავს სააკაშვილს ციხეებშიო! და დღეს, ძალიან მიკვირს, სააკაშვილს სხვა კონტექსტით რომ მოიხსენიებთ! ეს ხალხი აღარ არის რეჟიმის მსხვერპლი? რა ხდება, სააკაშვილი შეიცვალა თუ თქვენ?“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის გვერდზე.
დღეს, 14:00 საათზე, ყოფილი პოლიტპატიმრებისა და მსხვერპლთა ოჯახების წევრების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია გაიმართება.