ჟურნალისტი ირაკლი კორძაია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადების საპასუხოდ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს:
„პრეზიდენტის გაუგებარი და უპასუხისმგებლო განცხადების საპასუხოდ შსს-მ სრულიად სამარცხვინო, ბოლშევიკური სულისკვეთებით გაჟღენთილი ფორმულირება შემოგვთავაზა - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი... (მამაკაცი, ქალი).
გასაგებია, რომ ამას შსს ამბობს, მაგრამ, მედია რატომ იტაცებს ამ სიმახინჯეს? ჩემი ბებია-ბაბუები ორივე მხრიდან არარეგისტრირებული ცოლ-ქმარი იყვნენ და რა მერე? ერთმა წყვილმა 42 წელი იცხოვრა ერთად, მეორემ, 45. დავიჯერო აქ არ ხართ ისეთები ვისაც მეორე ნახევართან ხელი არ გაქვთ მოწერილი? ან საახლობლოში თუ ნათესაობაში არ გყავთ? ჩრდილი ადგება თქვენს ცოლ-ქმრობას ამით?
ამხანაგური სასამართლოები აგღვადგინოთ ბარემ."- წერს კორძაია.
რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ერთ-ერთ ოჯახის წევრზე სამართალდამცველებმა ზეწოლა განახორციელეს და ბინა ნებართვის გარეშე გაუჩხრიკეს.