2010 წელს ქსენია სობჩაკი ქსენია სოკოლოვასთან ერთად საქართველოს ესტუმრა და მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა. ქსენია მიშასთან შესახვედრად პუტინის გამოსახულებიანი მაისურით გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა სახალისო ისტორია გაიხსენა.
„ქსენია სობჩაკი ქსენია სობჩაკი არ იქნებოდა, პროვოკაცია რომ არ მოეწყო და მომდევნო დღეს მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ჩამოსართმევად პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივედი. პრესსამსახური მეუბნება: ქსენია, არ შეიძლება ამ მაისურით, სააკაშვილს არ მივცემ თანხმობას, რომ ინტერვიუ მოგცეთ. რატომ არ შემიძლია საყვარელი პრემიერ-მინისტრის მაისურით თქვენს პრეზიდენტთან მივიდე, თქვენ ხომ თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გაქვთ, ვუთხარი. მერე ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მე ვეუბნები: გამიგეთ, მე მაისური მაცვია. რა თქმა უნდა, შემიძლია გავიხადო, უბრალოდ, ეს კიდევ უფრო უცნაური იქნება, თუ ბიუსტჰალტერში ჩამოვართმევ ინტერვიუს სააკაშვილს".