„ჩემი პირველი აღმოჩენა ხატია ბუნიათიშვილი იყო“, - ამის შესახებ ცნობილმა პიანისტმა, პარლამენტარმა, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ხატია ბუნიათიშვილთან მას კონტაქტი არ აქვს.
„კონტაქტი არ მაქვს. მაგრამ მას რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვუსურვებ წარმატებებს. ძალიან მახარებს მისი წარმატებები. თუ რატომ არ მაქვს კონტაქტი, ეს ისეთი თემაა... პირადულიც და არა პირადულიც. არ მაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. ის იყო ბავშვი, რომელიც 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე. მაშინ არც „ლირა“ და არც არაფერი არსებობდა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.
მისი თქმით, მან თბილისში ჩამოიყვანა თავისი მენტორი, რომელმაც მუსიკალურ ათწლედში რამდენიმე ბავშვს მოუსმინა. მათ შორის იყვნენ ხატია ბუნიათიშვილი და მისი და. ბოლქვაძის განცხადებით, მის მიერ ჩამოყვანილმა მაესტრომ ბუნიათიშვილები შემდეგ ავსტრიაში, მისი ხელშეწყობით წაიყვანა.
„არა მარტო ხატია ბუნიათიშვილი იყო, არამედ სხვებიც. მე ახლა პატარები მყავს, ძალიან საინტერესო ბავშვები, რომლებთან ერთადაც მონაკოში უნდა წავიდე - ილია ლომთათიძე, რომელიც 8 წლის ასაკიდან მყავს. ასევე, ბარბარა თათარაძე, რომელთაც არაჩვეულებრივი წარმატებები აქვთ და პირველი პრემიები - სხვადასხვა კონკურსზე აღებული“, - განაცხადა ბოლქვაძემ.