„ერთი პერიოდი ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა, მონაზონი გავმხდარიყავი. არ ვიცი, ეს რა იყო, მაგრამ ერთი პერიოდი ასეთი შეგრძნება მქონდა, რომ იქ ხომ არ არის ჩემი ადგილი“, - ამის შესახებ ცნობილმა პიანისტმა, პარლამენტარმა, ელისო ბოლქვაძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი აზრი მას მეუფე შიოს (მუჯირი), რომელიც იმ პერიოდში მისი მეგობარი იყო, მონასტერში წასვლის ფაქტმა გაუჩინა.
„ფაქტმა მიმიზიდა ძალიან. ფაქტი ძალიან საინტერესოა. ხომ იცით? მეუფე შიო - იგი იყო ჩელისტი. ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს. ერთად ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს შესრულებული. ერთ დღეს მეუფე შიო გაქრა. არვინ იცოდა, სად იყო. რაღაც მომენტში ეს ფაქტი ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ერთად ვიყავით, ძალიან დიდი სტრესი იყო, რადგან ვერ გავიგეთ, რა მოხდა. მაშინ პატარები ვიყავით. მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსსა და ჩელისტზე. თუმცა, მან საკუთარი გზა მონახა და სხვათა შორის, ამისთვის ძალიან პატარა იყო - 20 თუ 21 წლის. ამის შემდეგ რამდენიმე წელში გამიჩნდა აზრი, რომ იქნებ, ჩემი ადგილი იქ იყოს. პირველი რაც იყო - მშობლები ვერაფრით ვერ დავტოვე. როგორც ჩანს, ჩემი მოწოდება არ იყო“, - განაცხადა ბოლქვაძემ.