რა კეთდებოდა და რა კეთდება დღეს ვეტერანთათვის?უნდა მოიხადოს თუ არა სასჯელი მიხეილ სააკაშვილმა? ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებზე ვესაუბრებით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს კობა კობალაძეს.
- ბატონო კობა, დღეს, უკვე მეორედ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ხართ - გაქვთ ახალი გეგმები, პროექტები, მჭიდროდ თანამშრომლობთ ვეტერანთა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საქველმოქმედო ფონდებთან...
- ღვთის ნებით თუ განგებით, პირველად, მეორედ თუ მესამედ, ვეტერანების _ ამ ღირსეული სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი გახლავართ, სადაც უნდა ვყოფილიყავი _ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ სფეროში, ყოველთვის ასე მივიჩნევდი საკუთარ თავს და არასოდეს გავსულვარ ამ არეალიდან. დიახ, გვაქვს გეგმები, ხედვები და რაც უფრო საინტერესოა, დღევანდელ, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, ჩვენ ვიცით, რომ ეს არაა მარტივი, ჩვენს წინაშე საკმაოდ რთული გამოწვევები და ამოცანები დგას. ყოველთვის და ისტორიულადაც ასეა, რომ ჩვენ ყოველთვის გვიწევდა არა მხოლოდ ჩვენზე მრავალრიცხოვან მტერთან შერკინება და მისგან სახელმწიფოს დაცვა, არამედ გვიხდებოდა შიდა ომების, გაურკვევლობისა და „შადიმანობის“ წინააღმდეგ ბრძოლაც. აქედან გამომდინარე, მოვა ჟამი, როდესაც თაობები გაიზრდებიან და იამაყებენ ჩვენით, თუ სწორად ავაწყვეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი პრინციპები და ხედვა ქვეყნის მოწყობისა; თუ გავაცნობიერეთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი სავანე და ჩვენივე მისახედი. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს, რომ ვეტერანები არის სწორედ ის სოციალური ჯგუფი, საზოგადოების ის საამაყო ნაწილი, რომელიც როდესაც ქვეყანას უჭირდა, ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და საკუთარი მკერდით შეეგება თავისზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ძალის შემოტევას! ამავე დროს, მხოლოდ იმათ წინააღმდეგ არ უწევდათ ბრძოლა, თქვენ წარმოიდგინეთ 17, 18, 20, 22 წლის ბიჭები, რომებიც ამ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, ჰქონდათ ოცნებები, მიზნები_ ზოგი იყო სტუდენტი, ზოგი_დოცენტი, სხვადასხვა პროფესიის მოქალაქე, ან უბრალოდ, მუშა, ზეინკალი თუ მასწავლებელი და როდესაც ქვეყნის წინაშე გამოჩნ და ისეთი ამოცანები და გამოწვევები, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას ემუქრებოდა, ამ ადამიანებმა, უყოყმანოდ, მყისიერად გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმ ქაოსში გადაეშვნენ! მაგრამ შემდეგ, ყველამ დავინახეთ, რომ თურმე, ამ პროცესისთვის სახელმწიფო მზად უნდა ყოფილიყო, რათა ბევრი არაკეთილმოსურნისგან იმ გამოწვევების გამკლავება შეგვძლებოდა, რის წინაშეც აღმოვჩნიდით და რომელზედაც ადეკვატური პასუხის გაცემა ვერ შევძელით. ამიტომაც მოხდა ე.წ. „შენელებული მოქმედების ნაღმების“ აფეთქება - ჯერ იყო სამაჩაბლოს მოვლენები, მერე შიდა დაპირისპირებები, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, მერე იყო აფხაზეთი... ახლა, ამ გადასახედიდან რომ უყურებ ადამიანი, ბევრისთვის შეიძლება, რაღაც უცნაურია, მაგრამ ფაქტი ხომ არის, რომ არაკეთილმოსურნეებმა უცებ შექმნეს „კავკასიური ერების კონფედერაცია“ და სოხუმი გამოაცხადეს დედაქალაქად. ამით ვალდებულება აიღეს, რომ იმ „დედაქალაქში“ ყოფილიყო მათი შეიარაღებული ფორმირებები. აფხაზეთში დინამიკა ისე ვითარდებოდა, რომ საკმაოდ დაიძაბა კრიმინოგენური ვითარება და იყო მასიური დაყაჩაღების ფაქტები რკინიგზაზე და ა.შ. ამ გარემოებებმა სახელმწიფოს წინაშე დასვა ამოცანა, რომ ამ ყველაფერზე ადეკვატური რეაგირება უნდა მოეხდინა. და მოხდა ის, რომ გაცილებით ძლიერ და მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან მოგვიწია შეჯახება, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო სწორედ, ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტეთ. იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო დომინანტი და ინიციატორი საუბრების, იარაღის ენით საუბარი ვარჩიეთ, რაც რეალურად, იყო პროვოცირებული ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ. ამან ფაქტობრივად, აფხაზური და ოსური ეთნოსიც კი დააყენა რეალური დარტყმის ქვეშ. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს კიდევ უფრო აშკარა ხდება. რა ხდებოდა ამ დროს ჩვენთან? - თაობა მოდიოდა, რომელსაც თავისი უსუსურობა _ რომ თავის დროზე, იარაღით ხელში არ დადგა ქვეყნის დასაცავად, გადაებრალებინა ამ დამსახურებული ბიჭებისთვის და მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიდიოდა მათი სახელების. დაიწყო თავისი უკეთურების გადაბრალება ვეტერანებზე - ამ დამსახურებულ სოციალურ ჯგუფზე. სახელმწიფო არ იყო მზად არა მხოლოდ პოსტსაომარი მოქმედებებისთვის, ვეტერანთა სოციალური თუ ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის, არამედ მას უნარი არ შესწევდა, ომში დაღუპული გმირების ოჯახებისთვის ელემენტარული დახმარება გაეწია. ერთადერთი დადებითი ნაბიჯი ვეტერანებისთვის, რაც მაშინ სახელმწიფომ გადადგა, გახლდათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომუნალურ გადასახადებზე 50-პროცენტიანი თანადაფინანსება. მერე მოხდა ის, რაც მოხდა _ ამას გნებავთ, ვარდების რევოლუცია დაარქვით, გნებავთ ხელისუფლების გადაბარება, საზოგადოებაში იყო მზაობა და დიდი სურვილი, რომ ქვეყანაში ცვლილებები ყოფილიყო. მაშინდელმა არჩევნებმა გვანახა საზოგადოების ნება, ქვეყანაში განხორციელებულიყო ცვლილებები. ამ ცვლილებების მიღმა ვეტერანებიც ვერ დარჩებოდნენ. სხვათა შორის, პრეზიდენტის ინაუგურაციის პირველი ეტაპი ჩატარდა აჭარაში, ბათუმში; მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო დავით თევზაძე, რომელსაც ამ საკითხის ორგანიზებისთვის დაუკავშირდნენ. ინაუგურაციის ამ პირველმა ეტაპმა საკმაოდ კარგად, საინტერესოდ ჩაიარა. შემდეგ, უკვე, იყო თბილისში, სამხედრო ძალის თანხლებით. მოხდა ის, რაც მოხდა _ ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა ის ძალა, ჩვენ თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით, პასუხისმგებლობა გვქონდა. ახალ ხელისუფლებას ახალი ხედვები და პრინციპები ჰქონდა და დაიწყო მათი განხორციელება. მე არ ვიცი, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები ისე, რომ ქვეყნის ყველა სტრატეგიული ობიექტი, ენერგომატარებლები, გასხვისებული იყო, ჩალის ფასად, არა განვითარებაზე ორიენტირებულ ინვესტორებზე, არამედ ან რუსულ, ან რუსეთის შვილობილ კომპანიებზე. უკვე ამ ვითარებამ დააყენა ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ხელისუფლების ამერიკული და დასავლური კურსი და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ვეტერანებს, უფრო მეტი ვალდებულება გვქონდა, ხმამაღლა გამოგვეხატა ჩვენი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ მოვლენების მიმართ, რაც, ცალსახად, სახელმწიფოს სიძლიერის წინააღმდეგ იყო მიმართული... აღარაფერს ვამბობ ფაბრიკა-ქარხნების ნაწილ-ნაწილ დაშლაზე... გახსოვთ ისიც, ვენახების აჩეხვა რომ წახალისებული იყო.
- და 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელიც ქვეყანას ათეულობით ჩვენი გმირი მეომრის და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ფასად დაუჯდა... კიდევ დავკარგეთ ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქე კი დევნილად იქცა თავის ქვეყანაში..
_ დიახ, სამწუხაროდ ვერც ომს გადაურჩა ჩემი ქვეყანა... 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი - რომელიც იყო კუდაბზიკობით, ემოციებით პროვოკაციაზე წამოგების ტიპური მაგალითი. 2008 წლის ომს, მიუხედავად ჩვენი 18-წლიანი გამოცდილებისა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები შევხვდით. ზედმეტ ტვირთს ვადებდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, არ გავითვალისწინეთ მათი არც ერთი რეკომენდაცია. ამას ისიც დაერთო, რომ აბსოლუტურად მორღვეული იყო ურთიერთქმედება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციებს, არამედ საბრძოლო უზრუნველყოფის ელემენტებს შორისაც (ეს ცალკე, საკმაოდ მტკივნეული და გასაანალიზებელი თემაა). ამას წინ უსწრებდა ის პოლიტიკური პროცესები, როდესაც ზემო აფხაზეთი დაერქვა კოდორის ხეობას, ახალგორის რაიონი ფაქტობრივად მიერთებული იყო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებს... ყველაფერი ეს ქმნიდა წინაპირობას იმისა, რომ რაღაც, ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მზადდებოდა. და მე, დღემდე, ვერავინ მარწმუნებს იმაში, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებები არ იყო ჩვენი ტერიტორიების გადაბარების კარგად შენიღბული ოპერაცია. გავხდით მომსწრენი უმაღლესი სამხედრო ეშელონების წარმომადგენლების მასიური დეზერტირობის ფაქტებისა. შეიძლება, ბევრ ახალგაზრდას არ ახსოვს ეს - ჩვენი დაღუპული ბიჭები ევაკუირებულები არ იყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან; მშვიდობიანი მოსახლეობა ბედის ამარა იყო მიტოვებული; ჩვენმა მოწინააღმდეგე ძალამ საკმაოდ დიდი ნადავლი წაიღო ჩვენი საბრძოლო ტექნიკის სახით, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარების შედეგად გაგვაჩნდა... ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ჩვენი სამშვიდობო მისიების პირადი შემადგენლობა, საერთო საჯარისო ამოცანების შესასრულებლად, მოუმზადებლად იქნა გადასროლილი საომარი მოქმედებების ზონაში; ამ ყველაფერს თან დაერთო ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის და სამხედრო ხელმძღვანელობის დეზერტირობის ფაქტები და მოწოდებები, რომ ჩვენ, უბრალო ადამიანებს დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა; არ იყო სამობილიზაციო რესურსი უზრუნველყოფილი იმ შემადგენლობით, რომელიც ბრძოლისუნარიანი იყო სახელმწიფოში. პირიქით - 18 წლის მოუმზადებელი ბიჭები „შეყარეს“ საომარი მოქმედებების ზონაში, რამაც მსხვერპლის რაოდენობა ერთი-ორად გაზარდა. მეთაურობის პასუხისმგებლობის დონე იყო ნულზე დასული და თუ ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში სახე შეინარჩუნა, ეს, იმ ჩვენი გმირი ბიჭების _ რიგითი ჯარისკაცების და ოფიცერთა მცირე რაოდენობის თავგანწირვის წყალობით, რომელთაც ქვეყნის კიდევ ერთი, გმირობის ისტორია დაწერეს. რომ არ ჩართულიყო ჩვენი ეკლესია და უშუალოდ, ჩვენი პატრიარქი, რომელსაც კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა, ჩვენი გმირი ბიჭების ცხედრებიც კი არ გვექნებოდა და უფრო მეტი დედა იდგებოდა დღეს შვილის ცარიელ „პირობით“ საფლავთან! სამაგიეროდ, ხელისუფლებამ რუსთაველზე გამართა ძალიან დიდი კონცერტი, საიდანაც მსოფლიოს ამცნო, რომ ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგეთ.... 2008 წლის ომში მე მომსწრე ვარ იმის, როცა ვერ გაარკვევდი, ვინ ხელმძღვანელი იყო და ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა... მეტიც: მაშინდელმა ხელისუფლებამ თითოეული ვეტერანის დამსახურება გამოხატა 22 ლარში! დღეს კი, სწორედ ამ 22 ლარის შემოქმედები სპეკულირებენ ამ თემით! მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ ვეტერანების მხოლოდ 43%-ს ჰქონდა დანიშნული ეს სამარცხვინო 22 ლარი, დანარჩენ 57-ს კი _ არა. ამას ისიც ემატებოდა, რომ არანაირი ფსიქო თუ სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები არ არსებობდა ვეტერანებისთვის. რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანდაცვაზე, როცა ვეტერანს, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, უწევდა სახლ-კარის გაყიდვა იმისთვის, რომ ელემენტარულად, რაიმე სახის ოპერაცია თუ სამედიცინო მომსახურება მიეღო. არც ერთ სოციალურ ჯგუფს, არა მხოლოდ ვეტერანებს, არანაირი დაცულობის შეგრძნება არ გააჩნდა არც ჯანდაცვის და არც სხვა, რაიმე კუთხით. გახსოვთ, ალბათ, წინა ხელისუფლების პროგრამა „ჯანმრთელი ღიმილი“ - ხალხს კბილები რომ დააცალეს და ასე „გაღიმებული“ დატოვეს, უკბილოდ! აღარაფერს ვამბობ განსხვავებული აზრის გამო, თითოეული ადამიანის მიმართ ამოქმედებული მთელი სახელმწიფო აპარატის მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვაზე! იყო გაუსაძლისი პირობები ყველა მიმართულებით და ჩვენ მივიღეთ ინგლისურენოვანი საფაშეთი, სადაც ადამიანის არც უფლება, არც გამოხატვის თავისუფლება არ არსებობდა! გვახსოვს, იმ ხელისუფლების მიერ, თავისუფლებისკენ ლტოლვისთვის დასჯილი და სიცოცხლეწართმეული ჩვენი თანამემამულე! საკუთარი პიარის ასაგორებლად უდანაშაულო ახალგაზრდების უმოწყალოდ ჩახოცვა! საზოგადოების ყველა ფენას გადასწვდა ხელისუფლების ტერორის, შანტაჟის და მუქარის ხელი. აღარაფერს ვამბობ „ჩარეცხილ“ მეცნიერებსა და ამაგდარ ადამიანებზე. გაურკვეველი შემადგენლობიდან დაიწყო გმირების შექმნის ისტერია. ამავე დროს, ინტენსიურად ვიჭერდით ან „ჯაშუშებს“, ან „ქვეყნის მტრებს“, მაგრამ ამ ისტერიული პროპაგანდის ფონზე, ნელ-ნელა სხვისდებოდა ჩვენი ტერიტორიები; ყველა მომხვდური წახალისებული იყო; ქართველმა გლეხმა კი არ იცოდა, თავისი შრომის პროდუქტი სად წაეღო; 200-მდე სოფელი ხომ ქვეყნის მთავარსარდალმა „ქვების გროვად“ მოიხსენია?! თუმცა, ვეტერანები გულხელდაკრეფილნი არც მაშინ ყოფილან ალბათ, ყველას ახსოვს, როგორი სისასტიკით დაარბიეს გმირთა მემორიალთან არა მხოლოდ მოშიმშილე ვეტერანები, არამედ მათი ოჯახის წევრი ქალბატონებიც. ისინი მაშინ არც ყოფითი პრობლემების გამო იდგნენ იქ და არც ხელი ჰქონდათ გაწვდილი _ გვშიაო! ომში დაღუპული ჩვენი გმირი ბიჭების სურათები რომ გადაყარეს ნაგავში თავდაცვის სამინისტროში, იმას აპროტესტებდნენ! გახსოვთ, ალბათ, რეპრესირებული, სიცოცხლეწართმეული, წამებით მოკლული ჩვენი ვეტერანები. ამ დაგროვილმა პროტესტმა ერთიანად იხუვლა 2012 წელს და გამოჩნდა ასეთი ადამიანი, ძალა, რომელმაც ეს მოახერხა და ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს გაგვიჩნდა ისევ შეგრძნება იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი საპატრონებელია. ამ გამწარებულ საზოგადოებას, ქვების თუ იარაღის სროლის გარეშე, მიეცა შესაძლებლობა, მშვიდად განეხორციელებინა ხელისუფლების ცვლა და ეს გაურკვეველი წარმომავლობის მასა, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას 9 წელი ანადგურებდა, ხელისუფლებას ჩამოშორდა. ახალ ხელისუფლებას კი ხელში შერჩა უკიდურესად გაღატაკებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და მათ შორის, ვეტერანებიც. დაიწყო ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ამოქმედება, რომ ადამიანებისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა; მოქალაქის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, ეს იმ ურთულეს ვითარებაში, როცა სამედიცინო ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ვეტერანებს _ როგორც ცალკეულ სოციალურ ჯგუფს, სახელმწიფომ საკმაოდ ქმედითი სადაზღვევო პაკეტი მისცა; ომში დაღუპულის ოჯახებს _ ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია, რაც, ყოველწლიურად, ჯამში, 42 მილიონ ლარზე მეტია. სახელმწიფომ გადადგა ის ნაბიჯები, რომელიც ვეტერანთა ღვაწლის დაფასებისკენ იყო მიმართული. დადგა საკითხი ასე - მხოლოდ იმ 43%-ისთვის გაგვეზარდა ის სამარცხვინო 22 ლარი, თუ ჯერ ეს დისკრიმინაციული მდგომარეობა მოგვეშალა და ყველასთვის მიგვეცა თუნდაც ის მიზერი, რასაც მერაბიშვილის მიერ მიღებული დისკრიმინაციული კანონის გამო ვერ იღებდნენ. წავედით მეორე გზით და ყველას ეძლევა დღეს, ვისაც ეკუთვნის. ცალკე აღებული 22 ლარი სასაცილო თანხაა, მაგრამ მთლიანობაში, სახელმწიფოს ყოველწლიურად, 38 მილიონი ლარი უჯდება. ასევე საუბარია დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე - 3000 ლარიდან 6000 ლარამდე და 6000 ლარიდან (შშმ ვეტერანებისთვის) 9000 ლარამდე_ ეს სახელმწიფო ბიუჯეტში იწვევს 11 მილიონამდე ლარის დეფიციტს. საკმაოდ პროდუქტიული ურთიერთობა გვაქვს პროთეზების გერმანულ ბრენდთან „ოტობოკთან“ და ამის საჭიროების მქონე ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, ხარისხიანი პროთეზი ჰქონდეთ. ასევე, ვეტერანებს აქვთ 15 000-ლარიანი ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტი, ამასთანავე, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან, რაიონების დონეზე და მუნიციპალიტეტებთან _ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელთაც ვეტერანებისთვის თავიანთი სოციალური პროგრამები აქვთ. იმ პათოლოგიებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით არ ფინანსდება, ჩვენ ჩვენი სამსახურის მწირი ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ; ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობის მიცემის გამო. დედაქალაქის ამ კეთილ ნებას, ასევე, შეუერთდნენ ქვეყნის სხვა დიდი ქალაქები - ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, ფოთი, სადაც ვეტერანები უფასოდ მგზავრობენ საქალაქო ტრანსპორტით. მოგეხსენებათ, თანამედროვე კონსტიტუციის პირობებში, გაწერილია ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სტრატეგია, სადაც ვეტერანები, როგორც ქვეყნის სტრატეგიული რეზერვი, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ დგანან. რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით, ეს ყველაფერი არის შედეგი სამთავრობო გუნდთან ჩვენი კონსულტაციებისა, ერთობლივი მუშაობისა; რამდენიმე საპილოტე პროგრამა განვახორციელეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენთან საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფი, რომელიც პროექტების დაწერაში ეხმარება ჩვენს ვეტერანებს, ასევე, დონორი ორგანიზაციების მოძიებაში. ასევე, ძალიან ეფექტიანია ჩვენი სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მუშაობა, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციებს უწევს ჩვენს ვეტერანებს; ჩვენს წინაშე დგას, ასევე, საკმაოდ დიდი ამოცანა, რომ ვეტერანის სტატუსი მიენიჭოს იმათ, რომლებიც ქაოტურად, ძირითადად, 2008 წლის ომში იქნენ გადასროლილები განკარგულებების და პირადი მივლინების ბარათების გარეშე, საომარი მოქმედებების ზონაში. ასეთები გვყავდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, ფინანსთა, იუსტიციის სამინისტროების სპეცდანიშნულების რაზმები. ჩვენ ახლა საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომ იმათ, ვისაც ეკუთვნის ვეტერანის სტატუსი, მიენიჭოთ. ამავე დროს ე.წ. „ავღანელები“, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ინტერნაციონალური ვალი მოიხადეს, გავათანაბრეთ სამშობლოსთვის მებრძოლის სტატუსთან. ვმუშაობთ, ასევე, საერთაშორისო, სამშვიდობო მისიებში მონაწილეებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე. გვაქვს ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა და გამოწვევები და ეტაპობრივად, ლოზუნგებისა და ფეხების ბაკუნის გარეშე, ყველას განვახორციელებთ, რადგან სახელმწიფოს აქვს ნება, დააფასოს ეს ღირსეული ადამიანები!
- „რას აკეთებდა კობა კობალაძე, როცა საკანონმდებლო ორგანოში იჯდაო...“ თქვენი ოპონენტები ქილიკობენ... თქვენ 4 წელი იყავით პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი და ხელგეწიფებოდათ ძალიან ბევრი პროექტის ინიცირება...
- პარლამენტმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა როგორც საკანონმდებლო ინიციატივების, ასევე, ჩემი კოლეგების თანადგომის კუთხით, რომლებიც ძალიან აქტიურები არიან ყველა იმ საკითხის განხორციელებისთვის, რაც ვეტერანებს ეხება. მე დავინახე ვეტერანების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი კანონმდებლები, რომლებიც ნამდვილად აფასებენ, გულშემატკივრობენ ჩვენს დამსახურებულ ადამიანებს. დიახ, ძალიან ბევრ კანონპროექტს სწორედ ჩემი პარლამენტში ყოფნისას ჩაეყარა საფუძველი.... ერთსაც გეტყვით - ფეხების ბაკუნით იმის მოთხოვნა, რომ მე ვიომე, ყველაფერი გვერდით გადადე და მარტო მე მომხედე, ჩემთვის მიუღებელია. ასე თუ ვიმსჯელეთ, მასწავლებელიც, ექიმიც და ყველა პროფესიის ადამიანი დასაფასებელია, ვინც თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს. იყო გაჟღერებული ვეტერანთა გარკვეული ნაწილისგან, რომ მაღაზიაში რომ შევალ, ურიგოდ გამიშვანო. კითხვა დავუსვი - შენს წინ რომ დედის ტოლი ქალბატონი ან მოხუცი, ან ორსული იდგეს, იმას გადაახტები და მაინც ურიგოდ წახვალ-მეთქი? საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული შენს მიმართ პატივისცემა, რომ დაგინახავს, პატივისცემით მოგექცეს და არ უნდა დაგჭირდეს ფეხების ბაკუნი - მე ვეტერანი ვარო. დღეს ვეტერანთა მიმართ რომ არაა სათანადო დაფასება, საზოგადოების ბრალიცაა, მით უფრო მაშინ, როცა გვაქვს ამბიცია, რომ მომავალი თაობა პატრიოტულად აღვზარდოთ. როცა ადამიანი თავისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს დებს სასწორზე ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის დაფასებული უნდა იყოს, რადგან ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს ვეტერანი, ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე მდგომი ადამიანი ჰყავს კულტის დონეზე აყვანილი. ჩვენ კი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვცდილობთ, ერთმანეთს ზიანი მივაყენოთ და საბოლოოდ, ზიანი ადგება ჩვენს ქვეყანას, სულ რყევებში ვართ და მერე გვიკვირს, რატომ ვართ ასე... მაშინ კითხვას დავსვამ _ უკეთესად როგორ ვიქნებით?
- თქვენ თქვით, რომ 2008 წლის ომის დროს, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იქნა ყოველგვარი ბრძანების და მივლინების გარეშე გადასროლილი საომარი მოქმედებების ზონაში, რომელთაც ვეტერანის სტატუსიც კი არ აქვთ. თქვენ ერთ ჯგუფს, ამ შემადგენლობისას, კერძოდ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებს _ 126 პირს, შეჰპირდით, რომ ყველა კანონიერ ბერკეტს აამოქმედებდით, რომ მათ დამსახურებული სტატუსი მიეღოთ და კიდეც შეასრულეთ დანაპირები..
- ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვადასხვა უწყებებთან სისტემური მუშაობის შედეგი. მე, ცალკე ინდივიდუალურად, ასეთ ქმედებებს ვერ განვახორციელებდი. კი, ხანდახან არის ვითარება, როცა პერსონალურად, შენ უნდა იმოქმედო, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად იყო უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგი.
- იმ მეომრებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს 1998 წლის გალის მოვლენებში, 2004 წელს ცხინვალის მოვლენებში, როდის მიენიჭებათ ომის ვეტერანის სტატუსი? მით უფრო, იმ ვითარებაში, როცა ამ მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახები ომში დაღუპულის კომპენსაციას იღებენ, ცოცხლად გადარჩენილები კი სტატუსის გარეშე არიან. ვფიქრობ, საკანონმდებლო ლაფსუსთან გვაქვს საქმე..
- მეტსაც გეტყვით: 2004 წელს, წვერიახოს მოვლენების დროს დაღუპული ზაზა დამენია საქართველოს ეროვნული გმირია! ზაზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა ღირსეული კაცი, მეომარი ომში! იგი ყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა თავისი თანამებრძოლები. გავიხსენოთ ისიც, რომ 2008 წელს, საომარი მოქმედებების არეალი საკმაოდ ფართო იყო_ ფაქტობრივად, გორიც ოკუპირებული იყო, სენაკიც, ფოთიც და ზუგდიდიც. თავს ხომ ვერ მოვიტყუებთ, რომ არ იყო?! მესმის, ბევრს დარდად გაყვება და სულის სიმებს შეურხევს ეს, მაგრამ მაინც ვიტყვი - 2004 წელს, შესაბამისი ძალოვანი ინსტიტუციების არათანმიმდევრული ქმედებების გამო, არა მხოლოდ განაიარაღეს ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ღირსეული თანამშრომლები, არამედ ისეთი სიტუაცია შექმნეს, რომ თითოეულ მათგანს, ალბათ, სიკვდილი ერჩივნა იმ სიტუაციაში ყოფნას. ამას დღეს არავინ იხსენებს, რადგან ეს „წამგებიანია“ ვიღაცისთვის, მაგრამ იმ ბიჭების რა ბრალი იყო, რომ ვიღაცამ უთავოდ დაგეგმა რაღაც? თუ სწორად არაა დაგეგმილი ოპერაცია, გინდ ათასი კაცი გყავდეს, ვერ მიაღწევ შედეგს, ხოლო თუ სწორად გათვალე და დაგეგმე, შეიძლება, ერთმა ადამიანმა გვანახოს უდიდესი გმირობის მაგალითები. დიახ, არის გამოსასწორებელი თემები და მე ამის გამოსწორებაზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ! ახლა, მავანი იტყვის _ აქამდე რატომ არ გამოასწორე, რას აკეთებდიო. აქამდე იმას ვაკეთებდი, რომ თანმიმდევრულად მივყვები პროცესებს, ხმლების ქნევის და კივილ-წივილის გარეშე, ეტაპობრივად მივიწევთ წინ და ჩვენ თუ ვერა, ჩვენი შვილები მაინც ისარგებლებენ ამ შედეგებით.
- ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ვეტერანთა მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, არც თქვენს მიმართ იყო ლოიალური. ყველას გვახსოვს თქვენი დაპატიმრებისთვის ჩატარებული ე.წ. „სპეცოპერაცია“, რომელიც მძაფრსიუჟეტიან ბოევიკს უფრო ჰგავდა... რატომ არ უყვარხართ მიხეილ სააკაშვილს?
- რა გითხრათ, აბა?! იმის ამბიცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ვუყვარდე, ნამდვილად არ მაქვს (იცინის). მაშინ მედაგისვამთ კითხვას - რატომ უნდა ვუყვარდე მიხეილ სააკაშვილს? ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამშობლო, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ სამშობლოს, არამედ ოჯახის და მეგობრების მიმართ. მე არ მინდა, შეურაცხყოფა მივაყენო მის მიმდევრებს, მაგრამ მათი საქციელი, ალბათ, ერთგვარი ქართული სიჯიუტის მაჩვენებლია. იქნებ, ერთხელ დაფიქრდნენ, გააანალიზონ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ... სააკაშვილი არის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი, ყველა შესაძლებლობა ჰქონდა იმისა, რომ ქვეყნისთვის მძიმე ჟამს ებრძოლა. არაა საუბარი იმაზე, რომ 90-იანების დასაწყისში, ცხვირით ისევე ეთხარა მიწა, როგორც 2008 წელს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რაღაც აქტივობები გამოეჩინა თუნდაც საზოგადოებრივ სეგმენტში? მისთვის ჩვენი თაობის ყველა ღირსეული წარმომადგენელი კონკურენტი გახდა მისი უსუსური ბუნებიდან გამომდინარე. გახსოვთ, ალბათ, რომ საზოგადოებას თავისი მეგობრების საშუალებით ამცნო, რომ აფხაზეთის ომის დროს, ის „ღრუბელ-ღრუბელ“ შემოფრინდა და იქ, გარკვეული საავიაციო დარტყმები განახორციელა. აი, ასეთ კაცს მე რატომ უნდა ვუყვარდე? მე მისი პირველი ინაუგურაციის დროს, მასთან მქონდა გარკვეული შეხება და მქონდა იმის განცდა, რომ მას ჰქონდა პოტენციალი, გამხდარიყო არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი, მაგრამ... როცა ასე სისხლით და ტკივილით მოპოვებულ ჩვენს მიწაზე ერთ დღეს შემოვარდა და ყველაფერი „მირეცხ-მორეცხა“, მე როგორ ვეყვარები?! მასზე არ მინდა საუბარი. თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, მას აქვს დანაშაული ჩადენილი და ზის იქ, სადაც უნდა იჯდეს! მე უდანაშაულოდ ვიჯექი, მას კი დანაშაული აქვს ჩადენილი! ეს სასამართლომ დაამტკიცა! მაგრამ მიუხედავად ამისა, არავინ მემეტება ციხისთვის, თუმცა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს თავის ნამოქმედარზე... ჰოდა, დავტოვოთ თავის თაფლთან ერთად!.. კაცი, რომელიც აბსოლუტურად ვერ გრძნობს თავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. რაღაც აქტივობების გამო წავიდა სხვა სახელმწიფოში, იმ ქვეყნის მოხელე გახდა და უარი თქვა თავისი ქვეყნის მოქალაქეობაზე. თავისი „ზე-ნიჭიერების“ წყალობით, იქაც ვერ მოიკიდა ფეხზე. ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ რა პროპაგანდას ეწევა. მე გენერალი ვარ და ჩემთვის ეფექტურობა ნიშნავს ყველაფერს... და უცებ, ტრიალდება და არა მხოლოდ შენი ქვეყნის საზღვარს არღვევს, არამედ ვინც შეიფარა, იმ სახელმწიფოს ინსტიტუციებსაც ფეხქვეშ თელავს. და დღეს, მის გამო, უკრაინაში კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს უკრაინის სასაზღვრო ძალების წარმომადგენელს იმაზე, თუ საიდან აღმოჩნდა მათი მოქალაქე რამდენიმე საზღვრის დარღვევით ჩემს სახელმწიფოში. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულება გვაქვს და ვებრძვით ტერორიზმს. ტერორიზმი კი არის სანქციის გარეშე გადაადგილება კონკრეტულ სახელმწიფოში. დღეს, სააკაშვილმა თავის დანაშაულებს, დაამატა კიდევ ერთი - საზღვრის უკანონო კვეთა. დღეს გვესმის სპეკულაციები იმის შესახებ, იცოდა თუ არა სახელმწიფოს ძალოვანმა უწყებებმა მისი გადაადგილების შესახებ. თუ არ იცოდა, აბა, როგორ მოხვდა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში? არსებობს ოპერატიულ-სამძებრო ქმედებები, რომლებსაც პროფესიონალები ახორციელებენ და სწორედ ამის წყალობითაა, რომ თავადაც გაკვირვებულია, ისე აღმოჩნდა ციხეში.
- თქვენ თქვით, არავინ მემეტება ციხისთვისო... სააკაშვილიც არ გემეტებათ, რომელიც თქვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, გენერლისთვის დამამცირებელი ბრალდებით გიპირებდათ გასამართლებას?
- ეს მისი საზიდი ტვირთია, სხვა ძალიან ბევრ სიმძიმესთან ერთად და არა ჩემი! ალბათ, ის უიშვიათესი გამონაკლისი ხართ, ვინც ფაქტობრივად მოსაგებად „განწირული“ საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ გაასაჩივრეთ. რატომ, ბატონო კობა?
- თავად მალევე დარწმუნდნენ იმ ბრალდების აბსურდულობაში, რასაც მიყენებდნენ. მაშინ ჩემმა ადვოკატებმა სტრასბურგში, ჩემს საქმეს თან დაურთეს ის ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, სააკაშვილი პირდაპირ მითითებას როგორ იძლევა, დააკავეთ კრიმინალი კობალაძე, ის გარეთ არ უნდა დადიოდესო და სტრასბურგმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - რიგითობის გარეშე მიანიჭა საქმეს ნომერი. შემდეგ უკვე, როცა წავიკითხე: „გენერალი კობალაძე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, ვკითხე ჩემს ადვოკატებს, იყო თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ შეცვლილიყო აბრევიატურა. მითხრეს, რომ არ არსებობდა ამის შეცვლის შესაძლებლობა, რადგან ეს იყო ფორმა. მე და მამაჩემმა (ღმერთმა აცხონოს მისი სული) ვისაუბრეთ ამ თემაზე, ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, მანაც მომიწონა, მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად გულნატკენი და შეურაცხყოფილი იყო იმ აბსურდული ბრალდებით, რასაც მიყენებდნენ. გენერალი კობალაძე, რომელიც მთელი მისი შეგნებული ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა, ვერანაირად ვერ იქნებოდა საქართველოს წინააღმდეგ! ვერ დავიწყებდი სტრასბურგში ჩემს სამშობლოზე წუხილს; თუ რამე მქონდა სათქმელი, ჩემს ქვეყანაში ვიტყოდი.
- თქვენ, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ციხე გამოიარეთ, როგორ უყურებთ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ციხეში მჯდომი სააკაშვილისა და მისი მომხრეების პრეტენზიებს, რომ ციხეში ლეიბი არ მოსწონს ან ტელევიზორი არ აქვს?
- ეს ხალხი ხომ კომფორტისთვისაა დაბადებული? ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ თვითმფრინავში ასვლას და საზღვრის გადაკვეთას, როცა ქვეყანაში სიტუაცია იძაბებოდა.. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის 6 თვის თავზე, გაეროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თავმჯდომარის ჩარევის შემდეგ მომეცა საშუალება, რომ წიგნი, ფურცელი და კალამი მქონოდა; საინფორმაციო საშუალებებზე, საერთოდ ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ჩემი წონის ადამიანისთვის საკმაოდ ვიწრო საწოლი იყო საკანში და დავიწყე შიმშილობა; 48-ე დღეზე, უწმინდესის კურთხევით, მომიტანეს ბიბლია და ის იყო ერთადერთი წიგნი, რომელიც მქონდა... უწმინდესისვე კურთხევით, ბერული მარხვა დავიწყე _ წყალზე და პურზე ვიყავი, და ის კარგი შედეგი გამოიღო ამან, რომ ფაქტობრივად, 100 კილო დავიკელი, აღარც ლოგინი მევიწროვებოდა. (იცინის) როგორი კარგი პირობებიც არ უნდა იყოს, ციხე მაინც ციხეა, თან ამას ემატება ის, რომ რთულია ოდესის ყოფილი გუბერნატორის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და რაც არ უნდა შეუძახონ გარედან, ეს მის ამ მდგომარეობას ვერ უშველის...
- წლების წინ, საუბარში მითხარით, ერთმანეთისთვის მოქნეული ხელი ჩვენს სამშობლოს ხვდებაო. დღესაც ძალიან პოლარიზებულია საზოგადოება და ფაქტობრივად, აღარაა იმის იმედი, რომ დაპირისპირებული ძალები ოდესმე ერთ მაგიდას მიუსხდებიან სასაუბროდ, ან ეს საუბარი შედეგიანი იქნება. რას უნდა ველოდოთ ამ დაპირისპირებისგან?
- მიუხედავად დესტრუქციული ძალების არაერთი მცდელობისა, რომ ყველა პროცესი აგრესიულ კალაპოტში გადაიყვანონ, არ იქნება დაპირისპირება! მიუხედავად იმისა, რომ მათი დევიზია: „ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო“. ამაზე დიდი განსაცდელი გამოუვლია ამ ქვეყანას, ამაზე მეტი შადიმანი ახსოვს! უბრალოდ, საქმე იმაში გახლავთ, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს ცოტა აერია დრო და ვითარება - ახლა ის დრო აღარაა, როცა ხელისუფლება, ფაქტობრივად, ხელში აიღო. კარგად მახსოვს, მაშინ, პროცესების განვითარების დინამიკა _ მახსოვს ზურა ჟვანია, ნინო ბურჯანაძეც. მაშინ, მან, თავისი აქტიურობით და ამ ორის გადათელვით მოახდინა ხელისუფლების ხელში აღება. დღეს ეს ქვეყანა მაშინდელივით არაა გამოტანილი გასასხვისებლად. დღეს საკმაოდ ეფექტურადაა გაწერილი თითოეული ჩვენგანის ვალდებულება. მე ვიცი საზოგადოების აზრი _ შეიძლება, ცვლილებას ბევრი ითხოვს, მაგრამ მიშას და მის გუნდს არ მოიაზრებს ამ ცვლილებად. რადგან 2012 წლის მერე, ახალ მომავალ თაობას გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ეს ქვეყანა მათია, ისინი კი ილტვიან განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ და არა წარსულიკენ. დიახ, არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც რაღაც არ მოსწონს, მაგრამ ეს არაა იმ უსამშობლო არსებების გადასაწყვეტი. უნდათ მაშხალებით დგომა? იდგნენ! ამ ქვეყანაში აზრის გამოთქმის გამო აღარავის კლავენ და ასახიჩრებენ, არც მათ გვამებს ყრიან მაღაზიების თავზე თუ ზღვაში. მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გვერევა სიტყვის თავისუფლებაში და ესეც კანონის ძალითაა დასარეგულირებელი, ისევე, როგორც ადამიანის ღირსების შელახვა და შეურაცხყოფა. კონკრეტულად გავიხსენოთ თუ გნებავთ - პარლამენტის მაგიდებზე შეხტომა, სასესიო დარბაზში რაღაც ნივთიერებების მოსხმა, ხმის ჩახლეჩამდე ყვირილი და გულზე ხელების ბრაგუნი - ესაა მათი ხელწერა.
- ანუ ქვეყანა ამ რყევებს ამ ხელისუფლების პირობებში გაუძლებს?
- არათუ გაუძლებს, არც კი დაუშვებს! გადახედეთ არჩევნების პროცესში მიდის სრული ისტერია. მახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული, გაუგონარი, ბინძური კამპანია, როცა დაივიწყა მოწინააღმდეგე ძალამ, რომ ის იყო მანდილოსანი, დედა. ენით აუწერელ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქალს. ვფიქრობ, ეს მკაცრად უნდა დარეგულირდეს კანონით. არ შეიძლება, არჩევნები დაემსგავსოს ბრძოლას წესების გარეშე. არ შეიძლება, შერჩევითი იყოს სამართალი - სხვა ორიენტაციის მამაკაცზე ნათქვამი რაღაც სიტყვების გამო, ერთ ადამიანს სჯიდე და ქალის ასე ბინძური შეურაცხყოფის გამო, პასუხს არავის სთხოვდე.
- თქვენ წლების განმავლობაში ცდილობდით და არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაგიდგამთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისთვის. რატომ შეწყვიტეთ ეს პროცესი? თქვენ ხომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გაგაჩნიათ ამ კუთხით?
- ყველაზე მთავარი, ამ პროცესში იმის გაცნობიერება და აღიარებაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, ჩვენზე მეტი თუ არა, ნაკლები კაცები არ არიან. მე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ იმ დაქირავებულ მებრძოლებზე, ვინც ფულის გამო იბრძოდა, საუბარი მაქვს ადგილობრივებზე - აფხაზებსა და ოსებზე, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები და პოზიციები აქვთ. ქართულ მხარეს ამ მიმართულებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ჩვენ, როგორც ჩვენი სამშობლოს პატრონებს, არ უნდა გვეკრა თავის დროზე ხელი მათთვის; უფრო მეტი პრაგმატიზმი გვმართებდა; სულ მცირე, პროვოკაციაზე არ უნდა წამოვგებულიყავით. სოხუმი რომ კავკასიელ კონფედერატთა დედაქალაქად გამოცხადდა, ეს იყო ერთი ეტაპი, მაგრამ იმის მერე, ის აღარავის უხსენებია, თუმცა, იმ ეტაპზე ზუსტად იყო გათვლილი ჩვენს რეაქციაზე _ ჩვენს არაადეკვატურ ქმედებაზე. იგივე იყო ცხინვალის მიმართულებაზე _ გვახსოვს ერგნეთის ბაზრობა, რომელიც მართლა დიდ საქმეს აკეთებდა ორი ერის ისევ დაახლოებასა და შერიგებაში, მით უფრო უამრავი შერეული ოჯახის ფონზე. მაგრამ ისიც მავანის ისტერიკას შეეწირა. ალტერნატივა კი რა იყო შეთავაზებული _ ისტერიული პროპაგანდა, რომ თოფით მოვლენ და სხვა გზა აღარ რჩება, რომ თავადაც თოფით დაგხვდეს და გიპასუხოს. ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნა გადადგმული კოდორის მიმართულებით _ ემზარ კვიციანი იყო გუბერნატორი და პირადი ურთიერთობების წყალობით, ბევრ რამეს მივაღწიეთ. აფხაზი საველე მეთაურები იყვნენ ჩამოსულები თბილისში 2003 წელს, მანამდე, ჩვენ ვიყავით სოხუმში, 2002 წელს. ეს კავკასიაა და აქ კავკასიური მენტალიტეტით უნდა იცხოვრო. ეს დაახლოების პროცესი ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიდიოდა. მერე ჩაერია რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, აქედანაც კარგი ხელშეწყობა ჰქონდათ. მერე კი ეს ყველაფერი შეწყდა... დღეს კი ადეკვატურობას ვართ მოკლებულნი. დღეს გვაქვს ტერიტორიების ნაწილი ანექსირებული და ენის მოჩლექით ვესაუბრებით ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ავტორებს; ქვებს ვესვრით ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს და მასწავლებლებს; არ ვაფასებთ ოფიცრებს და ვეტერანებს. ესაა სწორედ ის საკითხები, რაც დაუშვებელია. ისრაელზე რომ ვლაპარაკობთ, პრემიერ-მინისტრი გოლდა მეიერი ამბობდა, თუ გინდა, ააშენო ძლიერი სახელმწიფო, სამი პროფესიის ადამიანები _ სამხედროები, მასწავლებლები და ექიმები, გახადეთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემი პროფესიის წარმომადგენლებადო. ჩვენ კი ყველაფერს პირიქით ვაკეთებთ და გვგონია, რომ კეთილი თოვლის ბაბუა მოვა და ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით გააკეთებს ჩვენს საქმეს. არ იქნება ასე... მადლიერების გრძნობა იყო ჩვენი ერის მამოძრავებელი და დღეს მადლობის თქმის უნარიც დავკარგეთ. გაიხსენეთ, როცა ეს ხელისუფლება მოვიდა, მოსახლეობას პროტესტის და აგრესიის რამხელა მუხტი ჰქონდა წინა ხელისუფლების მიმართ. მადლობა უნდა ეთქვათ მათ, რომ საზოგადოება ანგარიშსწორებაზე არ გადავიდა. მაგრამ მმართველი ბირთვისთვისაც იყო კითხვა დასასმელი: რატომ არ მიიღო ყველამ ის სასჯელი, რაც ეკუთვნოდა? მაგრამ იმათ მაინც ხომ უნდა ჰქონოდათ მადლიერების გრძნობა? მაგრამ ამის ნაცვლად, ყველაფერ უგვანს, რასაც თავად აკეთებდნენ, ამ ხელისუფლებას აბრალებენ და თავის მართლების რეჟიმში აყენებენ.
- თქვენ ისრაელის მაგალითი და გოლდა მეიერის სიტყვები გაიხსენეთ, მე კი ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მოშე დაიანის სიტყვებს გავიხსენებ: „მშვიდობა თუ გინდა, მეგობრებს კი არა, მტრებს ელაპარაკეო“. როცა მცოცავი ოკუპაციის მომსწრენი ვართ ყოველდღიურად, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა?
- ჩვენ ახლა აქცენტი ისრაელზე გავაკეთეთ, იმიტომ რომ მან შიდა რესურსით, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოახერხა, შეექმნა სახელმწიფო, რომელსაც თავდაცვისუნარიანობა გააჩნია და ტოლს ბევრ ქვეყანას არ უდებს. მაგრამ აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს აღმშენებლობაში, იქ, შემთხვევითი ადამიანები, მართვის და პოლიტიკოსობის სურვილით, არ ხვდებიან. გადახედეთ მათ პოლიტიკურ ელიტას _ არიან ბრძოლის ველიდან, სახელმწიფოს მართვის სადავეებთან მისული შემადგენლობა, რომელთა წევრებისათვისაც თანამდებობა კომფორტის სფერო კი არა, კონკრეტული საბრძოლო დავალებაა, რომელიც ბოლომდე უნდა მიიყვანოს და გამარჯვებით დაასრულოს. სამხედრო შემადგენლობა უკეთესი კი არაა ვინმეზე, სწორედ ამით განსხვავდება სხვებისგან _ მას აქვს დ ა ვ ა ლ ე ბ ა , რომელზეც აიღო შესრულების ვალდებულება და უნდა შეასრულოს. მარტივ მაგალითს გეტყვით - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორობა ნამდვილად არაა კომფორტი დღევანდელ საქართველოში, მაგრამ არის ის საპასუხისმგებლო სეგმენტი, რომელიც ღირს იმ ტვირთად და ნდობად, რომელიც არის გამოცხადებული. აქ არიან ადამიანები, რომლებიც დღეს, შეიძლება, შენზე მეტად შეჭირვებულები არიან, მაგრამ გუშინ, საომარი მოქმედებების დროს, შენზე მეტად ქმედითნი იყვნენ. და როცა ამ ადამიანებს, დღეს, ასეთ ყოფაში ხედავ, ემოციურად რთულია, მძიმეა და გინდა, მათ ეს ტვირთი შეუმსუბუქო. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც ომში თუ ომის შემდეგ გადახდათ, თან ამას ხშირად პირადი ტრაგედიები ერთვოდა, ის ბევრ საკითხში, შესაძლოა, ადეკვატური ვერ იყოს _ თავის დროზე ამაყი ბიჭები იყვნენ, გულიანები, ვაჟკაცები, ბევრს არც კომფორტი აკლდა და არც ლაღი ცხოვრება, მაგრამ შემდეგ აიღეს იარაღი და უკან არ მოუხედავთ, ისე წავიდნენ ქვეყნის დასაცავად, შემდეგ კი სახელმწიფომ, წლების განმავლობაში ვერ მოიცალა მათთვის. ამასობაში კი, მათი ყოფა უფრო დამძიმდა, თორემ არ გაიოლებულა...
... რაც შეეხება რუსებთან სასაუბროდ დაჯდომას - გეტყვით, რომ თვით საომარი მოქმედებების დროსაც კი, როცა ერთმანეთს ორი მხარე თოფს ვესროდით, გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ერთმანეთთან ეს იყო ტყვეების გაცვლა თუ სხვა საკითხები. ადამიანისთვის ზიანის მიყენება არაა ძნელი, ამ ზიანის მიყენების დროს, საერთო ენის გამონახვა იმ საკითხებზე, რაც შენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ესაა მთავარი და რთული, მაგრამ ძალიან საჭირო და აუცილებელი. მით უფრო იმ ფონზე, როცა კარგად ვხედავთ, ვინაა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის შემოქმედი და შიდა პროცესების აღრევის წამხალისებელი. რამდენადაც აქ, ხელისუფლების ოპონენტები, განსაკუთრებით კი, დესტრუქციული ძალები დაიწყებენ დესტაბილიზაციას, ზუსტად იმ დროს, ოკუპანტები იწყებენ საფრთხის შემცველ ქმედებებს. მე ეჭვებზე კი არა, სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით შემიძლია ეს ვთქვა. ახლა არ გავიხსენებ, მამისონის უღელტეხილზე გეოდეზიური შენობა, რატომღაც, რუსების მხარეს რომ დარჩა; გავიხსენებ სტრატეგიული სიმაღლეების „დაკარგვას“ თუნდაც 2004 წელს, ცხინვალის მოვლენების დროს. ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე. რაც ფაქტობრივად, რუსებმა და კონფედერატებმა ვერ შეძლეს, ის ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა - გადაულოცა ჩვენი მიწების ნაწილი მოწინააღმდეგე მხარეს. მაგრამ ჩვენც ვართ ამაზე პასუხისმგებლები _ რადგან ჩვენ ავირჩიეთ ის პრეზიდენტად, ჩვენ მივუშვით ხელისუფლების სადავეებთან და ჩვენვე გავჩუმდით, როცა ქვეყანას ანადგურებდა. ასევეა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამ სამარცხვინო 22 ლარზე! რამდენი სისხლია დაღვრილი ჩვენი გმირი ბიჭებისა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პრეზიდენტყოფილმა მტერს, ერთი ხელის მოსმით გადაულოცა! ვინმემ ამაზე პასუხი მოკითხა? მე ერთ-ერთი საბრძოლო შენაერთის ხელმძღვანელი ვიყავი და არასდროს ჩემი თავისთვის არ მიმიცია იმის უფლება, რომ ოფიცრებისა და სამხედრო მოსამსახურეების ფონზე გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. წინა ხელისუფლებამ კი აღრია თავდადებაც, მსახიობობაც, მამულიშვილობაც - ყველაფერი თავიანთ ემოციებს დაუქვემდებარეს. ესეც, რა თქმა უნდა, არასწორია. იმაზე დიდი ღირსება, იყო შენი ქვეყნის ოფიცერი და ჯარისკაცი, არ არსებობს! და როდესაც ეს ფორმიანი ადამიანი ხდება ვალდებული არა სამშობლოს, არამედ კონკრეტული ძალის, თუ პოლიტიკური ფიგურის წინაშე, უკვე არასწორია. ჩვენ ნებისმიერთან _ მტერია თუ მოყვარე, საუბრის უნარი უნდა გვქონდეს!
- წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. თითქმის ყველა არჩევნების წინ, პოლიტიკური ძალები ცდილობენ ვეტერანების თემით სპეკულირებას და მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას. რატომ ხდება ვეტერანების თემა წინასაარჩევნოდ ასე აქტუალური?
- ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ვეტერანები არიან ის სოციალური ჯგუფი, რომელიც საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობს. ჩემი აზით, ვეტერანებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი სოციალური ჯგუფის მიზნობრივი წარმომადგენლები ჰყავდეთ როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე, საკანონმდებლო ორგანოში. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ წინასაარჩევნო მარათონში, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, გარდა „ქართული ოცნებისა“, არ გამოუთქვამს სურვილი, ვეტერანებისთვის საკუთარი პროგრამა წარედგინა. შევხვდით, ვისაუბრეთ, საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში. წარმოადგინეს პროგრამები და ნათლად დაგვანახეს, არჩევის შემთხვევაში რას აპირებენ სოციალური აქტივობების კუთხით.
... ჩვენ გვაქვს პროექტები, რომლებიც გამიზნულია არა მხოლოდ პროდუქტის მოყვანის, არამედ მის რეალიზაციაზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მოვა ამის დროც და ამ საკითხებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ.
- არჩევნების თემას განვაგრძობ _ ოპოზიცია იმუქრებოდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა და თუ ასე არ მოხდებოდა, 3 ოქტომბრიდან რევოლუციას აანონსებდა. ახლა ისმის მუქარა, რომ მეორე ტურის შემდეგ რევოლუცია გარდაუვალია, თუ მათთვის სასურველი შედეგი არ დადგა. ბატონო კობა, რას უნდა ველოდოთ 31 ოქტომბერს? ვინც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები არ ვართ, რეპრესიებისგან თავის ასარიდებლად, ავიკრათ გუდა-ნაბადი და გავქრეთ ამ ქვეყნიდან? რას იზამს გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თუ ოპოზიციამ რევოლუციური სცენარის გათამაშება დაიწყო?
- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას, რომელიც დესტრუქციული ძალისგან მომდინარეობს; ჩვენ, ვეტერანებს გვაქვს კონკრეტული ვალდებულება, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის სტრატეგიული რეზერვი და რესურსი... დანარჩენს კი დრო და ვითარება გვიჩვენებს...
- თქვენ ძალიან ღრმა განათლება გაქვთ მიღებული სამხედრო თუ უსაფრთხოების სფეროში და არა მხოლოდ რუსეთში, რაზედაც, თქვენი ოპონენტები აპელირებენ, არამედ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან სამხედრო სასწავლებლებში. იყავით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ბუნებრივია, საინტერესოა თქვენი შეფასება ე.წ. „სუს-იდან გამოჟონილი ფაილების“ შესახებ. რასთან გვაქვს საქმე, ბატონო კობა? ვის აწყობს ქვეყანაში ასეთი ქაოსის შექმნა, ადამიანების სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირება და სადამდე მიგვიყვანს ეს პროცესი? როგორც ოპოზიცია ამტკიცებს, მართლა „ჩამოიშალა“ სპეცსამსახურების სისტემა თუ...
- დიახ, ბევრგან, მათ შორის რუსეთშიც მივიღე სამხედრო განათლება და საკმაოდ ძლიერ სასწავლებლებში. მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს, მტერი კი - კიდევ უფრო ახლოს (იცინის)... რაც შეეხება, თუ ვის აწყობდა ამ ინფორმაციის გაჟონვა _ დინამიკას რომ დააკვირდები, უცებ გამოჩნდება ხოლმე, ვის ინტერესშია გარკვეული ქმედება... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემსახურებოდა საზოგადოებაში ნიჰილიზმის ჩანერგვას, არეულობის განცდის გაჩენას. გაიხსენეთ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასალა ჩაუვარდა ხელში „ოცნების“ ხელისუფლებას, ე.წ. „კასრების“ საქმის სახით და რომლის გახმაურება და საზოგადოების სააშკარაოზე გამოტანა, ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა დაპირისპირებას, სისხლისღვრას გამოიწვევდა. ბევრს ის მასალები არც კი უნახავს, გადმოცემით იცის, რა იყო იმ კასრებში და მისი აგრესიის დონეც საკმაოზე მეტად მაღალია. პასუხისმგებელმა სახელმწიფომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ამ ყველაფერს გაანადგურებდა, რათა კონკრეტულ ძალას ამ მასალებზე აპელირებით, არ მოეხდინა გადატრიალება. და დღეს ხდება რა? ამაზე მოკვლევაა დაწყებული და პასუხს გასცემენ, იმედია. ის, რაც მოხდა, ცალსახად ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებაა, რადგან ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის დაცულობაზე, მას გააზრებული უნდა ჰქონდეს თავისი მოვალეობა. ამ ქმედების წამხალისებელიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და, რათქმა უნდა, ინფორმაციის გამომტანიც... ჩვენი ქვეყნის 23% ოკუპირებულია, უამრავი შინაური თუ გარეული მტერი და არაკეთილმოსურნე ჰყავს ქვეყანას და ამ ვითარებაში, რა არის სპეცსამსახურების ფუნქცია? ისრაელი რომ ხშირად მაგალითად მოჰყავთ - მისი სიძლიერე დაფუძნებულია ინფორმაციის ფლობაზე, რადგან თუ ინფორმაცია არ გაქვს, აბსოლუტურად ვერ განსაზღვრავ, რა უნდა გააკეთო. დღეს არის რისკი ქვეყნის სრული ანექსიისა; დღეს ვიგებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ვიღაცის სავაჭრო თემადაა გახდილი და ისიც ვიცით, რომ გეოპოლიტიკურ სივრცეში, საქართველო არის ერთ-ერთი საინტერესო, საკვანძო ქვეყანა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რა უნდა გააკეთოს სპეცსამსახურებმა? მუსიკებს უსმინოს? დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კაცისკვლაზე დიდი დანაშაულია ჩადენილი - სახელმწიფოს ღალატის მომსწრენი ვართ! ეს ყველაფერი იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების მოკვდინებისკენ, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევასაც გაუძლებს! ჩვენ ხომ არ ვართ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ სასამართლოს და გამოძიების გარეშე, ადამიანებს მივაკეროთ დამნაშავის იარლიყი? დაველოდოთ გამოძიებას. გავიხსენოთ, საკმაოდ კარგი რესურსი ჰქონდათ დაშანტაჟების, ადამიანებს საძინებლებში უყურებდნენ და უსმენდნენ; ალბათ, ვიღაც მსგავსი „ვალდებულებით“ ჰყავდათ წამოგებული ანკესზე, ისიც ხომ დაღუპეს და ფაქტობრივად, სახელმწიფოს სიძლიერეს მიაყენეს დარტყმა.
- თქვენ არაერთგზის აღგინიშნავთ, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაიბრუნოს კავკასიაში გასაღების ფუნქცია, რაც მას ისტორიულად ჰქონდა. ამ მიმართულებით აღსანიშნავია ჩვენი პრემიერის ვიზიტები მეზობელ სახელმწიფოებში...
- დღეს ჩვენი პრემიერი ძალიან გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, მაგრამ ჯერ ჩვენ, შიგნით უნდა მივმართოთ ძალისხმევა სტაბილურობისა და მშვიდობისაკენ. ჩვენი მასმედიის საშუალებებში, სამწუხაროდ, სათანადოდ არ გაშუქდა, რამხელა როლი ითამაშა ღარიბაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორობით და ტყვეების გათავისუფლებასა და დანაღმული ტერიტორიების რუქების გადაცემით. ხდება ისე, რომ დღეს ყველაფერზე გვასაუბრებენ, გარდა იმისა, რაც საჭირო და აუცილებელია...
- თქვენ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გახდით გენერალი...
- ჩემზე ახალგაზრდა იყო გია ყარყარაშვილი, გენერალი რომ გახდა; მე 32 წლისას მომენიჭა გენერლის წოდება. გენერლის ვარსკვლავებთან ერთად, ალბათ, უფრო ტვირთი ვიგრძენი ჩემს მხრებზე. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა და ეს ტვირთი საკმაოდ ბევრ რამეში გზღუდავს.. არა მხოლოდ შენ, არამედ შენი ოჯახის წევრებსაც. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, უფრო ეფექტურები ვიყავით, როცა არ ვჩანდით, ანუ არ ვიყავით ძალიან კომუნიკაბელურები.. მე ვიყავი მეთაური ჩემზე დიდი ადამიანებისა და ესეც, გარკვეულწილად ტვირთი იყო. ასე რომ, ამ ტვირთის ზიდვას შეჩვეული ვიყავი..
- თქვენ ძალიან მძიმედ დაიჭერით აფხაზეთში, რამდენადაც ვიცი, 9 ტყვია მოგხვდათ, რომელთაგან ორს ისევ სხეულით ატარებთ... რა შეგრძნებაა, საკუთარი სხეულით ატარებდე სამშობლოსთვის ნასროლ ტყვიას?
- როცა ომში, ტყვიების ქვეშ ხარ, არც საკუთარ თავზე ფიქრობ, არც ოჯახზე.. არც იმ ტყვიებზე, რომლებიც შეიძლება, მოგხვდეს და მოგკლას. იქ ფიქრობ თანამებრძოლებზე, შესასრულებელ დავალებაზე... იმდენი ტყვია მომხვდა, ალბათ სხვასაც რომ ეყოფოდა, მაგრამ, ღმერთმა ასე გადაწყვიტა, რომ გადავრჩი.. სხეულში კი დამრჩა „საჩუქრად“... ეს შეგრძნებები მძაფრდება უამინდობის დროს. ერთი ხერხემალში მაქვს, ერთიც წვივში და განსაკუთრებით მახსენებს თავს უამინდობის დროს და აეროპორტში, როცა სასაზღვროს ოფიცერი გაოგნებული უსმენს აპარატის სიგნალს და უყურებს ჩემს სხეულში ტყვიებს... ისე კი, საკმაოდ გამძაფრებული მაქვს საკუთრების გრძნობა და აქედან გამომდინარე, ეს ტყვიებიც ჩემია, ისევე როგორც სამშობლო...
- ამ ბოლო დროს, რამდენიმეჯერ გახდით თქვენ და თქვენი ოჯახი კონკრეტული მასმედიის საშუალებების მხრიდან დეზინფორმაციის მსხვერპლი, მაგრამ, ვიცი, რომ ჟურნალისტები გიყვართ. რას ეტყოდით მათ?
- ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ვეტერანის ღვაწლისა და თავდადების დასაფასებლად. ძალიან ბევრი ქვეყნის აეროპორტში რომ შედიხარ, თვალს გჭრის უამრავი რეკლამა, დიდ ბანერებზე პოსტერები. მაგრამ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველაზე მნიშვნელოვანი და თვალისმომჭრელი არის ჩაფხუტიანი და სამხედრო ვალდებულებით აღჭურვილი ქვეყნის მოქალაქის მიმართ გამოხატული სიამაყე და ემოცია. ასევეა ისრაელში, სადაც ვეტერანს ხელისგულზე ატარებს საზოგადოება. მასმედიას ამაოდ არ ეძახიან მეოთხე ხელისუფლებას _ მას დიდი ძალა და ბერკეტები აქვს ბევრი სასიკეთო, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში და ჯობს, თავისი რესურსი აქეთკენ მიმართოს... თუ რამე კარგი გავაკეთეთ, ნუ დაგვიკარგავთ, ვიხაროთ ერთმანეთის სიკეთეებით, ნუ ჩავწიხლავთ ერთმანეთს, ეს ქვეყანა ჩვენი, ყველასია.. და კიდევ _ გვაკრიტიკეთ, ძვირფასებო, ოღონდ ეს იყოს ჯანსაღი კრიტიკა, რაც აუცილებელია თქვენი და ჩვენი ზრდისა და განვითარებისთვის!
- 17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. რას ეტყოდით ომისა და თავდაცვის ვეტერანებს?
- ვეტერანებს ვეტყოდი იმას, რომ იმაზე მეტი ვალდებულება გვაქვს, ვიდრე ერთმანეთის არგაგება და არპატიებაა. ყველა რომ გავიდეს ამ სივრციდან, ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიყოთ და ერთად უნდა შევძლოთ იმ საქართველოს შენება, რომლისთვისაც თავი არ დაგვიზოგავს და რომლის გამოც დღემდე ვცოცხლობთ...
ავტორი შორენა სიხარულიძე