logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე: 2022 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე
- +

18 ოქტომბერი. 2021. 12:34

 

 

 

„2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ფისკალურ კონსოლიდაციაზე, მის ფარგლებში, სოციალური ვალდებულებების შესრულებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას იხილავენ.

 

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველო დღეს 2 მთავარი გამოწვევის წინაშე დგას, ერთი - კოვიდინფექცია და მეორე - მაღალი ინფლაცია და ლარის კურსია. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 2022 წლის ბიუჯეტს განსაკუთრებული როლი ენიჭება და ის უნდა იყოს სტაბილურობის, მდგრადობის, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ბიუჯეტი.

 

„ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკის 6%-იან ზრდასა და დეფიციტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლებას - 6.9%-დან ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-მდე მცირდება. დეფიციტის შემცირება, პირადად ჩემთვის, მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი გავლენას ახდენს ინფლაციასა და ლარის კურსზე, ეს ორი საკითხი კი დღეს ჩვენი მოსახლეობისა და ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ცხადია, სჯობს, დეფიციტის ნიშნულის კიდევ უფრო შემცირება, თუმცა მსოფლიო პანდემიით გამოწვეული არაპროგნოზირებადი გარემოს გათვალისწინებით უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ, ასიგნებების ნაწილში, რა შედეგს მოგვიტანს ეს“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს სრულდება საბიუჯეტო პროცესის პირველი ეტაპი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი შეაჯამებს გამოთქმულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, მოსაზრებებს და მთავრობას პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გადაეგზავნება.

 

5 ნოემბრამდე მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს გადამუშავებულ ვერსიას. ვიმსჯელებთ მასზე და საბოლოო ვერსია გვექნება დეკემბერში. ძალიან შრომატევადი პროცესი გველის წინ“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ .

 

ამ წუთებში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვა მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner