logo_geo
eng_logo
„მასტერას“ მითითებით ქალაქში სამი საათი უტარებიათ, მერე მეტრო სამგორთან მიუყვანიათ და დაუხვრეტიათ!“- ნინო მიქიაშვილი ე.წ. ნავთლუღის საქმეზე
- +

28 ივლისი. 2016. 01:43


ჟურნალსიტი ნინო მიქიაშვილი ე.წ. ნავთლუღის საქმესთან დაკავშირებით წერს:


ეს ბიჭები სამი საათი მანქანით ატარეს, მერე მეტრო სამგორთან მიიყვანეს და დახვრიტეს!

 

მათი ფოტოები 2009 წელს იური ვაზაგაშვილმა მომცა. მათი ოჯახების მისამართებიც ჩამაწერინა. არაერთხელ გამომიქვეყნებია შვიდი წლის წინანდელი ჩემი ჟურნალისტური მოკვლევა. დღეს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" გამაოგნებელი რამ წავიკითხე - თურმე "მასტერას" მითითებით ქალაქში სამი საათი უტარებიათ, მერე მეტრო სამგორთან მიუყვანიათ და დაუხვრეტიათ, უიარაღო, ხელებდაკოჟრილი ბიჭები."- წერს მიქიაშვილი.




მოწმის ინფორმაციით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ პირებს, რომლებსაც ის მანქანით სპეცოპერაციის ჩატარებამდე ატარებდა, იარაღი არ ჰქონიათ. ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.


როგორც მოწმემ განაცხადა, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გია დგებუაძის დავალებით მან სამი ახალგაზრდა მანქანაში ჩაისვა და გარკვეული დროის განმავლობაში ქალაქში ატარებდა.

"პირადად მე, ნაწილობრივ მიღებული მაქვს მონაწილეობა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში. იმ პერიოდში გია დგებუაძე იყო ჩემი ხელმძღვანელი. 2006 წლის 12 იანვარს დამირეკა გია დგებუაძემ და მითხრა, რომ ავსულიყავი ზემო ფონიჭალაში. მე წავედი პირადი ავტომანქანით. როდესაც მივედი ზემო ფონიჭალაში, კვლავ დამირეკა დგებუაძემ და მითხრა, რომ მანქანაში ჩამიჯდებოდა სამი პიროვნება, რომლებიც უნდა მეტარებინა ქალაქში გარკვეული პერიოდი. მართლაც ტრაფარეტთან იყო სამი ახალგაზრდა და ჩამიჯდნენ მაქნანაში. დავდიოდით დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ქალაქში, მხოლოდ ერთხელ გავჩერდით სიგარეტის შესაძენად. შემდეგ დამირეკა კვლავ გია დგებუაძემ და მითხრა, რომ ეს პირები მიმეყვანა ნავთლუღის ავტოსადგურთან. აღნიშნული დავალება მე შევასრულე, ჩამოსვი ეს სამი პირი და წამოვედი ისნის მეტროს მიმართულებით. დაახლოებით 200-300 მეტრი მქონდა გავლილი როცა გავიგონე სროლის ხმა. არ მახსოვს დამირეკეს თუ მე თავად გადავწყვიტე, მივბრუნდი უკან, რადგან გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყვნენ ამ სროლის მონაწილეები ის პირები ვინც მე მივიყვანე იქ. როდესაც მივედი, სპეცრაზმს უკვე კორდონი ჰქონდა გაკეთებული. დავინახე სამი პირი იყო გარდაცვლილი, რომლებშიც ამოვიცანი ის პირები, ვისთანაც ერთადაც რამდენიმე საათი დავყავი", - განაცხადა მოწმემ და ასევე აღნიშნა, რომ გია დგებუაძის დავალება სამი პირის მანქანით ტარებასთან დაკავშირებით, მისთვის სამსახურებრივი დავალება იყო.


მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი, შალვა თათუხაშვილი და გია დგებუაძე, თუმცა მოწმემ ვერ დააკონკრეტა კუდ-ის მაღალჩინოსნები ერთად ნახა თუ დროის სხვადასხვა ინტერვალებში და ცალ-ცალკე.


პროკურორების კითხვაზე მაქანაში ჩაჯდომისას ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პირებს იარაღი მოწმემ აღნიშნა, რომ არ ჰქონდათ.

"ჩემს მანქანაში მყოფ არცერთ პირს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. ისინი იარაღს ვერც ტანსაცმელში ვერ დამალავდნენ, რადგან მანქანაში საკმაოდ დიდ ხანს იჯდნენ და ელემენტარულად დისკომფორტს შეუქმნიდათ დამალული იარაღი, რაც მე არ შემინიშნავს მათთვის", - აღნიშნა მოწმემ.


კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა ასევე განმარტა თუ რატომ არ მისცა სწორი ჩვენება 2014 წლის 22 მარტს და რატომ უარყო ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში საკუთარი მონაწილეობა. როგორც მოწმემ აღნიშნა, მას არ სურდა მისი ოჯახი ყოფილიყო აგრესიის მსხვერპლი, რომელიც შესაძლოა წამოსულიყო დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების მხრიდან, თუმცა 2014 წლის 5 აპრილს გადაწყვიტა თავად მისულიყო ჩვენების მისაცემად პროკურატურაში.


მოწმეს კითხვები ბრალდებულმაც დაუსვა და დაინტერესდა, ხომ არ განხორციელებულა მასზე ან მის ოჯახზე ზეწოლა საგამოძიებო უწყებების მხრიდან 22 მარტიდან 5 აპრილამდე პერიოდში, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.


გია დგებუაძემ ასევე მოწმეს ჰკითხა ნახა თუ არა ის ნავთლუღში ახალგაზრდების მიყვანისას და ჰქონდა თუ არა მას ამ დროს იარაღი, რაზეც კუდ-ის ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ ის ავტოსადგურის მოშორებით ნახა და მას რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად შენიშნავდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც უკვე მეორედ მივიდა ნავთლუღის ავტოსადგურში, გია დგებუაძეს მაშინაც არ ჰქონდა იარაღი და არც ნიღაბი ეკეთა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ გია დგებუაძის მიერ მიცემული დავალება, ახალგაზრდების ქალაქში ტარებისა და შემდეგ უკვე ნავთლუღში მათი მიყვანის შესახებ მისი აზრით, უკანონო არ ყოფილა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner