იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის „პოლიციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, პოლიციელს ეძლევა უფლებამოსილება, რომ თუკი გამოკითხვის მიზნით პირს შეაჩერებს ქუჩაში, ეს მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში.
პროექტის თანახმად, პირის იდენტიფიკაციის შემთხვევაში, თუ იარსებებს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები ან/და პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ შეესაბამება პირის ნამდვილ ვინაობას, პოლიციელს შეეძლება სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში მონაცემები გადაამოწმოს.
ამასთანავე, პოლიციელის მხრიდან იდენტიფიცირების განხორციელების შემთხვევაში, ოქმის შედგენა აუცილებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარღვევა დადგინდება ან რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა იარსებებს. დღეს მოქმედი რედაქციით, ყველა იდენტიფიცირების შემთხვევაში პოლიციელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ეძლევა უფლებამოსილება დაადგინოს შსს-ს სისტემაში მისაღები კანდიდატების შემოწმების წესი. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, ერთი მხრივ, პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა, ხოლო მეორე მხრივ, იმ პირთა უფლებების დაცვის უფრო მეტი გარანტიების შექმნა, ვის მიმართაც სხვადასხვა საპოლიციო ღონისძიება ხორციელდება.