logo_geo
eng_logo
მუნიციპალური არჩევნები ოზურგეთში - როგორია სასტარტო პოზიციები მეორე ტურამდე? - პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს
- +

19 ოქტომბერი. 2021. 11:28

 

„მუნიციპალური არჩევნების შედეგები რეგიონებში საინტერესო ანალიზის საშუალებას იძლევა. პირველ ტურში ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის და სხვა ქალაქების შედეგებს სრულიად განსხვავებული ახსნა აქვს. ასევე, განსხვავებული და საინტერესო შემთხვევაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიღებული შედეგები“, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე.

 

ის აღნიშნავს, რომ ოზურგეთში 4-წლიანი პოლიტიკური კოჰაბიტაციის შემდეგ, როდესაც საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება” აკონტროლებდა, ხოლო მერიას დამოუკიდებელი (ოპოზიციური) მერი, - ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2021 წლის არჩევნებში, საზოგადოებისთვის ახალგაზრდა, საკმაოდ გამოცდილი და პოზიტიური კანდიდატი - ავთანდილ თალაკვაძე შეეთავაზებინა.

 

„ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანია კარგად იყო ორგანიზებული. მისი მთავარი პოლიტიკური გზავნილი გახლდათ, რომ „ქართული ოცნება” ოზურგეთში მერის პოზიციას დაიბრუნებს, ხოლო საარჩევნო პროგრამა - რეალისტური და საქმიანი, ოზურგეთის პრობლემებზე და საჭიროებებზე მორგებული იყო. კამპანიის დროს „ქართული ოცნება” საზოგადოებას აჩვენებდა მოქმედი მერის პირობებში გავეშებულ შესაძლებლობებსაც. აშკარად ჩანდა თალაკვაძის უპირატესობა სოციალურ მედიაშიც. ჯამში, მას თანამედროვე, მიზნობრივ აუდიტორიებზე გათვლილი და კარგად დაგეგმილი კამპანია ჰქონდა პირველ ტურში. საგრძნობი იყო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერაც, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, პრემიერ მინისტრის, მინისტრების და პარლამენტის წევრების მხრიდან, ავთანდილ თალაკვაძეს უკვე კანდიდატად დასახელების დღიდან ჰქონდა.

 

ამის საპირისპიროდ, სუსტი საარჩევნო კამპანია ჩაატარა პირველ ტურში კონსტანტინე შარაშენიძემ. მას საჯარო შეხვედრები პრაქტიკულად არ ჰქონია, საჯაროდ არც წინასაარჩევნო პროგრამა და ახალი ინიციატივები წარუდგენია. სოციალურ მედიაშიც მისი კამპანია გასული ოთხი წლის ფოტომასალით და განცხადებებით შემოიფარგლებოდა. მოქმედმა მერმა ძალები ტელედებატებშიც მოსინჯა, თუმცა ოპონენტებმა ის წყობიდან გამოიყვანეს. ბევრის აზრით, შეცდომა იყო მისი მხრიდან, საარჩევნო ბანერის განთავსებაც ქალაქის ერთ-ერთი მოედნის ცენტრში - სადაც წარსულში ძეგლებს დგამდნენ ხოლმე. ოზურგეთის კამპანია სამართლებრივი პაექრობითაც გამოირჩეოდა - მოქმედი მერი სასამართლომ კანონდამრღვევადაც ცნო, საჯარო მოხელეების სამსახურებრივი ნიშნით შეკრების გამო.

 

შედეგად, პირველ ტურში ავთანდილ თალაკვაძემ 15%-იანი უპირატესობით (5-6 ათასი ხმით მეტი მიიღო) დაამარცხა მოქმედი მერი კ. შარაშენიძე, ასევე დიდი უპირატესობით - „ნაციონალური მოძრაობის“ და გახარიას პარტიის კანდიდატებიც, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ოზურგეთში 50%-ზე მაღალი პარტიული შედეგი მიიღო და საკრებულოში დიდი უმრავლესობაც მოიპოვა.

 

ავთანდილ თალაკვაძის და კონსტანტინე შარაშენიძის პოზიციები მუნიციპალურ არჩევნებში ასეთია:

 

თალაკვაძეს აქვს 15%-იანი (5-6 ათასი ხმა) უპირატესობა, რომლის დაძლევაც მოქმედ მერს ძალზედ გაუჭირდება, ვინაიდან ასეთი სხვაობის მერე, საზოგადოებრივი აზრი თალაკვაძისკენ (ძლიერისკენ) გადაიხარა. ვისაც შარაშენიძის უძლეველობის სჯეროდა, დაინახა, რომ 2017 წელს 50 ხმით მოგებული მერი ახლა 5-6 ათასი ხმით აგებს. თალაკვაძეს, რომელსაც წარმატებული რეფორმების გამოცდილება და ოზურგეთისთვის დამატებითი დაფინანსების მოზიდვის რეალური რესურსი აქვს (შარაშენიძის მმართველობის 4 წლიან პერიოდში კი ოზურგეთის ბიუჯეტი პრაქტიკულად არ გაზრდილა), მხარს უჭერს პროპორციული სიის 20-ზე მეტი წევრი და 14 მაჟორიტარი, რომელთა დიდმა ნაწილმა კარგად იცის რას ნიშნავს, როდესაც მერი ოპოზიციონერია. მეორე ტურში თავის ამოცანას პარტიული სტრუქტურაც შეასრულებს, რომელსაც ყოველ არჩევნებში ხმების სტაბილურად მობილიზება შეუძლია. ავთანდილ თალაკვაძეს მეორე ტურში მხარს დაუჭერს შედარებით ნეიტრალური და ზომიერად ოპოზიციური ელექტორატიც, რომელთა კანდიდატებიც გამოეთიშნენ კამპანიას და ვინც ოზურგეთში ცვლილების მომხრეა. ისევე, როგორც ყველგან, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მობილიზებულია ის საზოგადოებაც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” რევანშს ეწინააღმდეგება, ვინაიდან მოქმედი მერი შარაშენიძე აშკარად შემჩნეულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი “ნაციონალურ მოძრაობას“ ოზურგეთის კოალიციურ მართვას სთავაზობს.

 

შარაშენიძეს მეორე ტურში აქვს 15%-იანი სხვაობის ნეგატიური ზეგავლენა საკუთარ მხარდამჭერებში, რომლის გადალახვა თეორიულადაც კი რთულად წარმოსადგენია. მას მცირე შტაბი აქვს და სავარაუდოდ, იყენებს სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და თანაშემწეებს (ადმინისტრაციული რესურსი), ასევე მერიის თანამშრომელთა ნაწილს, რომელთაც გავრცელებული ინფორმაციით, აშინებს სამსახურის დაკარგვით. შარაშენიძის მიერ სოფლებში დაყენებულმა „დამოუკიდებელმა კანდიდატებმაც“ პირველ ტურში პრაქტიკულად ყველგან წააგეს (რჩება მხოლოდ ერთი ლოკაცია), შესაბამისად, ეს რესურსი შარაშენიძის მხარდასაჭერად ეფექტურად ვეღარ იმუშავებს. შარაშენიძის შტაბის მწირ რესურსებზე მისი მხარდამჭერებიც ღიად საუბრობდნენ, რაც მეორე ტურშიც მოცემულობად რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მან პირველი ტურის საჭიროებებიც კი ვერ დააფინანსა. რაც შეეხება მოქმედი მერის დაპირებებს ვადის მიწურულს - ამის ცოტას თუ სჯერა, რაზეც 1 ტურის შედეგები მეტყველებს: 4 წლის განმავლობაში მერიამ ოზურგეთში 200 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, მიუხედავად ამისა, შარაშენიძემ იმაზე გაცილებით ნაკლები ხმები მიიღო, ვიდრე 2017 წელს. ფაქტია, რომ შარაშენიძემ 4 წლის განმავლობაში დახარჯული 200 მილიონ ლარზე მეტის მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიუხედავად (მერია და მუნიციპალური სამსახურები), ტექნიკური პარკის გამოყენების მიუხედავად (სპეცტექნიკა და მიმდინარე პროექტები) და სარეზერვო ფონდის წინასაარჩევნო პერიოდში სრულად გამოყენების მიუხედავად, მიიღო 28.9% თალაკვაძის 44.2%-ის საპირისპიროდ. მეორე ტურში მოსალოდნელი დაბალი აქტივობის ფონზე (ოპოზიციური პარტიები ბრძოლას გამოეთიშნენ) შარაშენიძის შანსები კიდევ უფრო დაბალია. მისი შტაბის არგუმენტები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები შარაშენიძეს დაუჭერენ მხარს არარელევანტურია („ნაცმოძრაობამ“ ღიად გააკეთა განცხადება, რომ მხარს არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს), მითუმეტეს, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსით შარაშენიძე იმ ელექტორატს კარგავს, რომელსაც „ოცნებას“ ართმევდა (სწორედ ამით იყო განპირობებული სხვაობა თალაკვაძის როგორც კანდიდატის და მისივე პარტიის მიერ მიღებულ ხმებს შორის)“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

 

ორივე მხარე ოზურგეთში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner