2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. საქსტატმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4 047.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (478.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (426.2 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (400.2 მლნ აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 571.7 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 316.5 მლნ აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).