რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.
ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
ფილმის შესახებ გოგა ხაინდრავა გაზეთ „რეზონანსთან" საუბრობს:
„გლდანი ფიგურირებს ძალიან სერიოზულად, რადგან ყველაზე ბნელი საქმეები იქ ხდებოდა. თუმცა მარტო ეს არ არის საინტერესო. ეს არის დანაშაულებრივი რეჟიმის 10-წლიანი ისტორია. ნაჩვენები იქნება სამზარეულო, როგორ ჩამოყალიბდნენ კაციჭამიებად ის ადამიანები, ვინც დემოკრატიის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში. ყველაზე პარადოქსულია ის, რომ ისინი ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, რომლებსაც, წესით, საბჭოთა კავშირი, მისი იდეოლოგია და მსოფლმხედველობა არ უნდა ხსომებოდათ, მაგრამ ნეობოლშევიკების კლასიკური კასტა აღმოჩნდა, რომლებისთვისაც სიცოცხლე არაფერს არ ნიშნავდა. ეს იყო გარყვნილებაზე, ძალადობაზე, პატივმოყვარეობაზე, ძალაუფლებით ტკბობაზე ორიენტირებული რაღაც ფსიქოლოგიურად სერიოზული პრობლემების მქონე ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც სრულად უკონტროლო ძალაუფლება ჩაიგდეს ხელთ. თუმცა ფილმში თავად ქართული საზოგადოების სახეც იქნება ნაჩვენები. მე არ ვიღებ ფილმს სააკაშვილზე და კონკრეტულ პერსონაჟებზე, მე ვიღებ ფილმს ამბავზე, რომელიც ამ საზოგადოებამ დაუშვა და რომელსაც ეგუებოდა, ასევე საზოგადოების გულმავიწყობაზეც. რაც ჩვენ ვიხილეთ სამეგრელოს სამალავებში, ამაზე დიდი სირცხვილი არ შეიძლება ერს დაემართოს.
ეს იქნება განხილული, როგორც აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა ისეთი ტრადიციული საზოგადოებისთვის, როგორიც საქართველოა. რამდენად უნდა გადაგვარდეს საზოგადოების გარკვეული ფენა, რომ კაცებს აუპატიურებენ, ამაზე მთელმა ქვეყანამ იცოდეს და დუმდეს?! სერიალში ძალადობის ფაქტები იქნება, მაგრამ სექსუალური ძალადობის - არა. მე არც კოხტა კოდუა ვარ, არც ახალაია და არც სააკაშვილი, რომ ამით ტკბობის სურვილი გამიჩნდეს."- აღნიშნავს ხაინდრავა.
ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით "+18". თითო სერია 40-წუთიანი იქნება.