„თუ ქართულმა საზოგადოებამ არ გაიზიარა, რას სჩადიოდა ეს ხალხი, ჩვენ მომავალი არ გვიწერია!"- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გაზეთ „რეზონანსტან" საუბრაში განაცხადა, სადაც მის მიერ გადაღებულ ფილმზე ისაუბრა.
გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში (ან აგვისტოს ბოლოს) დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
იქნება მძიმედ საყურებელი ნაწილიც, სასამართლო პროცესები, წამებაც, სისასტიკეც და ასევე - კომიკური ნაწილიც. ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით "+18". თითო სერია 40-წუთიანი იქნება.
„იქნება როინ შავაძის, სანდრო გირგვლიანის... ნახავთ. პირველ სერიაში აბსოლუტურად კონკრეტული ადამიანის ამბავია, რომელიც დღეს ცოცხალია. ბოლოში მითითებული იქნება, ვის გადახდა ის, ვინმეს კითხვები რომ არ გაუჩნდეს იმაზე, რომ მე მოვიგონე. მეტსაც გეტყვით, იმ კაცს წიგნი აქვს გამოცემული და წიგნის საფუძველზეა გადაღებული. ეს ეხება არაადამიანურ მოპყრობას, ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანების დამოკიდებულებას საკუთარი მოსახლეობისადმი. თუ ქართულმა საზოგადოებამ არ გაიზიარა, რას სჩადიოდა ეს ხალხი, ჩვენ მომავალი არ გვიწერია. ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ არავინ არ იჩივლა იმიტომ, რომ ღირსების გამო კაცებმა ვერ თქვეს.
სამმა კაცმა თქვა პირდაპირ ის უკიდურესი ამბავი. არა, არიან ადამიანები, ვინც პირდაპირ მოჰყვნენ სასამართლოებზე, რაც უქნეს და ჩვენ ეს ფაქტები გამოვიყენეთ."- აცხადებს ხაინდრავა.