სააკაშვილის მმართველობის 9+1- წელზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გადაღებული 24-სერიიანი მხატვრული ფილმი უკვე დასრულებულია და მისი სატელევიზიო ჩვენება სექტემბრის დასაწყისში დაიწყება.
ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - "ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა რეჟისორი ამბობს, რომ მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.
„ ნაცისტურმა გერმანიამ, პირველ რიგში, საკუთარ გულს ჩასცა მახვილი და გერმანელმა ხალხმა ეს გაიაზრა. არასამთავრობოებს რომ ეძახიან და ყველაზე სამთავრობოები რომ არიან, იმ ჯგუფებმა ატეხეს წიოკი, კადრების ჩვენება როგორ შეიძლებაო. კადრები ყველამ უნდა ნახოს. მოსწავლეებმაც.
გერმანელებმა კადრები სოფელ-სოფელ ჩაიტანეს და ყველას აჩვენეს. მათ გაიაზრეს, რა დანაშაულიც იყო ჩადენილი და ამიტომაც 15 წელიწადში ის წამყვანი ქვეყანა გახდა.
ჩემს ფილმში ის სისასტიკე არ იქნება ნაჩვენები. ამ ფილმს იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს არასდროს განმეორდეს. ერთი კადრი მქონდა, რომელიც ბოლოს ამოვიღე, პატიმრებს ოთხზე აყენებდნენ და ზედ აშარდავდნენ, მათ შორის მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია. ეს კადრი ვერ გადავიღე. ვერ შევძელი."- აცხადებს ხაინდრავა „რეზონანსთან."