26 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის ფარგლლებში სამი პირია დაკავებული. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ბექა ლატარიას ბრალდება ოფიციალურად წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალი წარედგინა სამი მუხლით – განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარება.
ადვოკატ გიორგი ლაღაძის განცხადებით, წარდგენილი ბრალდებები დაკავებულისთვის აბსურდულია, რადგან ის არ ცერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ადვოკატის ცნობით, ბექა ლატარია ანასტასია შატალოვას არ იცნობდა და მათ აქვთ შესაბამისი ალიბი, რომ მომხდარის დროს ლატარია სახლში იმყოფებოდა.
ბექა ლატარიას გარდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ ორ პირს წარედგინა ბრალი. მის მეგობარს ბიძინა ხასიას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება.
ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, ბრალდების მიერ წარდგენილი ფორმულირებით, ხასიამ თითქოსდა იცოდა, რომ ანასტასია შატალოვა მისმა მეგობარმა ლატარიამ მოკლა. ადვოკატის თქმით, ეს არის აბსურდული და ხასია ამ ბრალდებას არ აღიარებს. ასევე, ადვოკატის განმარტებით, ის არ აღიარებს, თითქოსდა ხელყუმბარა ეჭირა ხელში და მისი მოქმედებაში მოყვანა სცადა. რაც შეეხება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ადვოკატის განცხადებით, მის ასაყვანად მისული სამართალდამცველები მას ფიზიკურად უსწორდებოსნენ და სწორედ ამიტომ სცადა ტერიტორიიდან გასვლა და აივნიდან გადასვლა.
ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს ინფორმაცია ანასტასია შატალოვას მკვლელობაზე და არც იმაზე, თუ რას ედავებიან ამ საქმესთან დაკავშირებით.
ადვოკატი ეჭვობს, რომ მას დანაშაულის დაფარვას მხოლოდ იმიტომ ედავებიან, რომ ის ლატარიას მეგობარი უყო, ასევე ეჭვი აქვთ იმის გამო, რომ მომხდარის დღეს ისინი ავტომანქანით ერთად გადაადგილდებოდნენ და ხასიამ ლატარია საბურთალოს ტერიტორიაზე ჩამოსვა.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულ ლევან რაჯაევს, რომლის სახლშიც დააკავეს ბიძინა ხასია, მას გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ნარკოტიკულო საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. თუმცა, არც ეს დაკავებული არ აღიარებს ამ ბრალდებას. ის სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს.